I გამოუცდელი
ხმა ახალი დაწმენდილი მქონდა. ის-ის იყო ულვაშები შემმწვანებოდა; სიჭაბუკის საოცნებო ძლიერება ძვალ-რბილში მქონდა გამჯდარი; მიწაზე ფეხს აღარ ვაკარებდი: ცა ქუდად არ მიმაჩნდა და დედამიწა ქალამნად! გული გრძნობად და გონება ოცნებად გადაქცეული მეშვიდე ცაზე მიმაფრენდნენ; ქვეყანა ჩემს ნებაზე ბრუნავდა და ბედნიერ აწმყოს უეჭველი მომავლით ვიგვირგვინებდი. მხოლოდ ერთი რამ მაკლდა: რაღაც უცხო და უცნაური, რომელსაც ერთსა და იმავე დროს შევტრფოდი და თანვე ვეკრძალვოდი, ვეთავხედებოდი და ვეშიშოდი!.. თურმე სიყვარული მეწვერებოდა! რაღაც ამომეტორღიალა... ვიღაც ამედევნა თან... გამოურკვევლად თვალწინ მებლანდებოდა, ყურში საიდუმლოდ ჩამჩურჩულებდა და მით გულს საგულეზე აღარ აჩერებდა!.. ის ხან უცნაურად ტოკავდა და ხან საოცრად შეიფართხალებდა ხოლმე. იმ „ვიღაცამ“ და „რაღაცამ“ ხელი დამრია: დღე მაშფოთებდა და ღამე ძილს მიფრთხობდა!.. მწამდა კი, რომ ეს „ვიღაცა“ ერთ დროს უნდა გამომცხადებოდა და იმ თავითვე წარმოვიდგინე ის ჩემი გრძნობის გვარად და სურვილის ფერად. ქვეყნის დასაბამიდან დასასრულამდე, კიდით კიდე, ზესკნელ-ქვესკნელად მიმოვაფრინე მკვირცხლი ოცნება, ამოვკრიფე ყოველივე სანეტარო, შევაერთე, შეუძლებელს შესაძლებელი მივუმატე, შევადგინე სახე იმ „ვიღაცის“ და გავიხადე სათაყვანოდ. იმ დღიდან, იმ „ვიღაცის“ ლოდინით მთვრალს, ხელთ მეპყრა საოცნებო ჩონგური და მისი სიმების ჟღერით ვიწოდებდი იმ „საჩემოს“.
ერთხელ, გაზაფხულის პირზე, ჩეროში ვიჯექ და თვალყურს ვადევნებდი იქვე ახლოს ჩამომჩქეფარე პატარა მდინარეს. ჩვეულებრივად ოცნებით გატაცებულს თვალწინ მეხატებოდა ჩემი „ვიღაცა“: ვითომ ის იდგა წყალში და ტანს იბანდა. წელქვეით წყალი ჰფარავდა (და რომ ისეც არ ყოფილიყო, მაინც ცისარტყელით შებურვილად მომეჩვენებოდა), წელზევით კი შიშველი იყო. ხან ჩაიყურჭუმალებდა, ხან ისევ სირინოზივით ამოჰყოფდა ხოლმე თავს და მაშინ მის სპეტაკ გულმკერდსა და მხარ-ბეჭებზე აქა-იქ წმინდა წვეთები პატარ-პატარა ბურთივით მოჰგორავდნენ, თითქოს მარგალიტები ეფრქვევიანო. ნაზი ღიმილით ეალერსებოდა წყლის სარკეში ჩაშუქებულ მის მშვენიერებას. ზოგჯერ მორცხვად მომკრავდა თვალს და სახე ვარდისფრად ეღებებოდა, თითქოს რცხვენოდა ჩემი... რცხვენოდა, მაგრამ მაინც სურდა, რომ მისთვის თვალი არ მომეშორებია. ამ დროს ჯოჯოხეთის ხმით ჩამჩხავლეს ყურში!.. მოვიხედე და რა ვნახე? ჩემს გვერდით იდგა ერთი რაღაცა... მაიმუნი!.. განა მართლა? არა! ის ქალი იყო. თავისთავად დიახაც მშვენიერი, მაგრამ, შედარებით კი იმ ჩემ „ვიღაცასთან“, „რაღაცაც“ იყო და „მაიმუნიც“!
– თუ უკაცრავად არ გახლდეთ, მიბრძანეთ, ყმაწვილებს ხომ არ ჩამოუვლიათ ერთი მოხუცებული გამდლითა? – მკითხა იმ ქალმა.
– რა მოგახსენო, სწორედ არ შემინიშნავს-მეთქი, – ვუპასუხე ცივად. მეგონა, რომ ამით მოვიშორებდი იმ უსიამოვნო სტუმარს, მაგრამ იმან ღიმილით თქვა: „ნეტავ, რად დაიგვიანესო?“ და ამომიჯდა გვერდით! ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ ისევ მკითხა: „ეგება ვერც კი შენიშნეთ? ისეთნაირად იყავით ჩაფიქრებული, რომ...“
– დიაღ, მარტოობაში ოცნებამ გამიტაცა! – გავაწყვეტინე სიტყვა.
– ოცნებამ?! მერედა თქვენთან რა უნდა ოცნებას? ეგ ხომ მარტო ქალების ხელობაა? მაგრამ მე ძალიან მომწონს, როდესაც კაცი ოცნებობს: მაშინ ეტყობა, რომ ის ნაზი გრძნობის პატრონია...
– შეიძლება.
– ჰმ, თქვენ, ვგონებ, ანკესი გაქვთ გადაგდებული იმ წყალში?
– ანკესი?!
– დიახ! მაშ რად მისჩერებოდით ისე თვალგამოშტერებით იმ ერთ ადგილს მდინარისაკენ? უთუოდ გინდოდათ დაგენახათ, თუ როგორ მოედებოდა საბრალო თევზი ნემსის წვერზე?
– არა, მე საზოგადოდ არ მიყვარს ნადირობა.
– ძალიან კარგი ხასიათი გქონიათ! კაცებს იმიტომ უყვართ ნადირობა, რომ მოსისხლეები არიან.
– ქალებმაც რომ ძალიან იცით თევზაობა?
– იმიტომ, რომ ეგ უსისხლო ნადირობაა და კარგი ხელობაც არის. ჯერ თავის შესაქცევია და მერე კიდევ სასარგებლოც; პატარ-პატარა თევზებზე სწავლობენ ქალები ნადირობას და მერე თქვენხელა ლოქოსაც დაიჭერენ ხოლმე...
– როგორ თუ ჩემხელა ლოქოს?!
– მაშ, ჯერ ანკესი არავის მოუდვია თქვენთვის?
ამ სიტყვებმა უცბად გამაანჩხლეს. ეკალნაჩხვლეტივით წამოვვარდი ზეზე და დავეშვი თავდაღმართისკენ. მეტი გულმოსულობით ფეხიც წამოვკარ ქვას და იმან კიდევ უფრო გამაბრაზა. იმ დღეს ჩემს გუნებაზე აღარ ვყოფილვარ. „ეს ვინ ოხერი გადამეკიდა, რომ ჯერ ოცნება მომიწყლა და მერე კიდევ ისე საცინლადაც ამიგდო, რომ ლოქოს შემადარა-მეთქი?“ – ვამბობდი გუნებაში. მეორე დღეს, დილაადრიან, ბაღისკენ მივდიოდი და ჯერ შუა გზაც არა მქონდა გავლილი, რომ გადასახვევთან ის გუშინდელი წყეული წინ შემეფეთა, გადამიღობა გზა და მითხრა: „ნება მომეცით, რომ ბოდიში მოვითხოვო თქვენთან, ყმაწვილო! დიდ დამნაშავედა ვგრძნობ ჩემს თავს, რომ გუშინ ისე წინდაუხედავად გატკინეთ გული! ღმერთმა ხომ იცის, რომ გულით არა მდომებია, ისე წამოვროშე მოუფიქრებლად და კიდეც დამრჩა სანანებლად... წუხელის მთელი ღამე ძილი აღარ მომკიდებია და დღესაც, თუ არ მენახე, ვგონებ, ლუკმა