"ოთახში გამოიხედე! დავიღალეთ შენი ყურებით, შენი წრიალით დავიღალეთ, შენთან ცხოვრება რა ტვირთად გვაწევს, არასოდეს არ დაფიქრდები, შენ მხოლოდ ჩვენი დავიწყება და დაღონება შეგეძლო მუდამ. ვიხსენებდით, ვერ გავიხსენეთ: როდის გიყვარდით, გიხაროდით, გვისმენდი როდის, შენს შეკრებილებს, ამ ოთახში შენს მოყვანილებს გვინდა ჩაგძახოთ: ყველაფერი, რაც ახლა მოდის, ასჯერ ძნელია, გაიგონე! ათასჯერ მძიმე! ვინ უყურადებს ჩვენზე უკეთ აქ დროის შრიალს?! ჩვენ - ყულაბები შენი ფიქრის, მოძრაობების, ხშირად ვიხსენებთ წყალს და ნოეს, იმ ბნელ განთიადს. შენ ხარ ორგული, დაბნეული, რაზე და ვისზე გაგვცვალე, გესმის? ბობოქრობენ ნივთთა დედანი, ყოველ საღამო ურჩხულივით რადიაქტიულ სინათლეს გვანთხევს ამაზრზენი შუშის ეკრანი. შენი გუგები, თეთრმუცლება დელფინებივით, ელექტროწყლებში ტრიალებენ და დასერილან, უკანასკნელად ნამდვილ ღრუბლებს როდის ხედავდი, როდის გესმოდა, მზე რომ გოდებს ნამდვილ ზეციდან!"" ""კმარა!"" - ვყვირივარ - ""ამბოხია! ჯანყი საგანთა! ო, სავარძლებო, თქვენგან მაინც არ მოველოდი, მინერალებო, ლარნაკებო, კედლის საათო, რა გულუბრყვილოდ მეგონა, რომ გებრალებოდით~. ""ო, შენცა, ბრუტუს?~ - მახსენდება, უჩუმარ არსთა ამდაგვარ ამბოხს როცა ვისმენ, საზარ ყვედრებას, რადგან სულ ვამბობ, რომ ამქვეყნად საგანთა გარდა, ვერავის ვამჩნევ ქრისტიანულ თვინიერებას. მაინც რამდენად შემიძლია გავიჭრა, ეგებ მიბრძანოთ, ყველას ერთგულება როგორ ვუჩვენო, თუ აქეთ ბავშვი მელოდება, იქით - მოხუცი, მათ შორის - ყველა, ვინც რატომღაც ვერ ძლებს უჩემოდ. აღარაფერი რომ არა ვთქვა კალამზე, ტექსტზე, ურგებ საქმეზე, რომელმაც მე ამიკვიატა, მე კი ვღალატობ შეჩვეული სასოწარკვეთით და მის ვენდეტას ვგრძნობ გაყინულ გულის კიაფად. ცოტაც მოიცათ, დავდუმდები მეც სამერმისოდ, მაშინ ეკრანსაც ჩაუწყვეტენ ხმას ელექტრონულს, თქვენსავით უტყვად რომ ვიდები, ჩვენი ზეიმი დადგება... კარგად ვისაუბრებთ... რაღაც ზედროულს ვიტყვით. და მერე სულ დაგტოვებთ. დღეს კი გაგიმხელთ: თქვენი წაღება თუ წაყვანა მუდამ მენება: ჩემი ქვების და სარკეების და სურათების, რადგან უჩემოდ ჩემს ოთახში არ გაგეძლებათ. მაგრამ არ არის სამყაროში სხვაგან ალაგი, სადაც მივალთ და ისევ ასე შევიკრიბებით, აქ მოვხვედრილვართ, ამ კუნჭულში ჩვენი ქალაქის და ძველ ვაზებში ახლდებიან ჰიაცინტები. მაგრამ დაღამდა, არსნო ოთახ-სახელმწიფოსი, ზეცა ზრიალით გადაქანდა, მთვარე აენთო, მოდით, შევრიგდეთ! ბნელი მოდის მართლაც ტაროსი, ეგებ... გვეცადა ჩვენს ოთახში ლოცვა საერთო. 2003 წ. "