"სიყვარულის ახსნა თვალი დახუჭა ქალმა და მოკვდა. ცივ ბუდეებში სამუდამოდ დააბინადრა თვალები - როგორც ლაყე კვერცხები - ვერანაირი მზის ქათამი ვეღარ გამოჩეკს - სიხარულის თბილ - თბილ წიწილებს. თვალი დახუჭა ქალმა და მოკვდა. ყველა გზა უცებ წაიშალა ხელისგულებზე - ხან თავსხმა წვიმამ გადარეცხა, ხან დაბერა სამხრეთის ქარმა, ხან ყველა ტყეს მოედო ცეცხლი, ბოლოს - დათოვა - ყველა გზა უცებ წაიშალა ხელისგულებზე. თვალი დახუჭა ქალმა და მოკვდა. ზამთრის ძილისგან დაიხოცნენ სუნთქვის დათვები და თავი ვეღარ დააღწიეს ცხვირის მღვიმეებს - ბოლო სუნთქვა მკვდარი სუნთქვაა. თვალი დახუჭა ქალმა და მოკვდა. სული კვამლივით ამოუშვა მდუმარე სახლმა, ცეცხლი კი ჩაქრა, ცეცხლი ჩაქრა ჰო, ჩაქრა ცეცხლი. კაცი მოვიდა ცოტა გვიან ( როგორც ყოველთვის) ხელი მიითბო ჩამქრალ ცეცხლზე, მის საწოლთან სკამი მიიდგა, დაიხარა მკვდრისკენ და უთხრა. უთხრა: - ამხსენი სიყვარული, მიდი, ამხსენი სიყვარული, მიდი, ამხსენი სიყვარული.... და ამ მხრებზე ზეცას შევიდგამ.... თვალი დახუჭა ქალმა და მოკვდა"