პირველი ნაწილი - თავი I
ყოველი არსი, სულიერი თუ უსულო, ხილული თუ უხილავი, ერთსა და იმავე მსოფლიო კანონს ექვემდებარება: დაიბადება, იზრდება, დაბერდება - კვდება!..
წყალი რა არის... წყალი!.. უბრალო მდინარეც კი ვერ ასცდენია ამ საყოველთაო წესსა და რიგს: დაიბადება თუ არა, ე.ი. თავს იჩენს თუ არა სადმე მივარდნილ მთის კალთაზე, მაშინვე იწყებს ჟონვას ნელ-ნელა, ახალფეხადგმულ ბავშვივით დაუყვება დაღმართს, თანდათან იზრდება, ფეხს იკიდებს, სანამ წკრიალით არ ჩამოცუნცულდება რომელსამე ხევში, სადაც, როგორც აღვირუსხმელი, სისხლჭარბი, თავმომწონე და შეუპოვარი, სანავარდოდ გამოსული ჭაბუკი, აღარავის ეკრძალვის, აღარაფერს ერიდება: მირბის და მიხტის ღრიალ-გრიალით!.. უძრავ ქვებს თავზე ევლება და კლდოვან კიდეებს თავგამეტებით აქეთ-იქით ეხლება, რომ გაგლიჯოს და გაიტანოს მისი მოწინააღმდეგე!.. მაგრამ, ვერ შემძლები ამისი, ზარითა და ზეიმით ჭალებისაკენ მიექანება. აქ კი გაგულდიდებული, ღრმა კალაპოტში ჩამჯდარი და გულსავსე, ვაჟკაცური მედიდურობით, მშვიდობიანად ტალღებს ტალღებით მოაგორებს!..
მიდის, მიშხუის, ზღვისკენ თავმიცემული, შორს გზით მიმავალი, და, რაც უფრო და უფრო უახლოვდება აუციელებელ სავანეს, თანდათან იჩენს აუჩქარებლობას, როგორც მოხუცი, და ბოლოს კიდეც შეჩერდება ერთი შეჩერება... ტბორავს, თითქოს უნდა, რომ უკანასკნელად ერთი კიდევ მოიხედოს უკანვე, თვალი გადაავლოს თავის წარსულს, ფერადად გაშლილ შორეულ გზას, და მერე კი საუკუნოდ ჩაინთქას, ჩაიღუპოს ზღვის უფსკრულში!..
მიყვარს საზოგადოდ ბავშვი, უგულითადესად პატივსა ვცემ მოხუცებულობას, ღირსეულად ვაფასებ ვაჟკაცობას, მაგრამ გული კი სიჭაბუკისაკენ მიმიწევს და ყველაზე უფრო იმას შეფრქვევით ვეტრფიალები!..
ალბათ, ამის მიზეზი უნდა იყოს, რომ წყლებშიაც ყოველგვარ მდინარეს გიჟმაჟი ხევის წყალი მირჩევნია და მათში კი უპირატესობას ერთს მათგანს, ჩიხურას, ვაძლევ: ის იყო ჩემი საკუთარი ემბაზი და ჩემი პირველი სარკე.
სწორედ ამ ჩიხურას პირად, მაღლობზე, დგას ორსართულიანი ქვიტკირის სახლი. ამ უშნო შენობას სიმაღლე პატარა კოშკისა აქვს, სიგრძე დარბაზისა და სისქე - ციხის, მაგრამ არცერთ მათგანს კი არა ჰგავს!.. აი, ამ სახლში დავბადებულვარ მე 9 ივნისს, განთიადისას 1840-ში, თუმცა ნათლობის მოწმობაში კი 1841 მიწერია. ნათქვამია: ადამის შვილი, გაჩნდება თუ არა ქვეყნად, მისი ბედის ვარსკვლავიც მაშინვე ცაზე იჭედება, წინასწარი ზედწარწერითო! თუ ეს მართალია, ეჭვი არ არის, რომ ჩემს ვარსკვლავზედაც შემდეგი შაირი წერებულა:
ერთი რამ ცხოველი არის, ხმას აწვდენს შორით-შორსაო, თავისთვის ჩოჩორს აკეთებს, სხვისთვის კი კაი ჯორსაო.
იმ თავითვე, დავბადებულვარ თუ არა, ვაჟის შეძენით გახარებულ მამაჩემს დიდი ხნის გარისხული და სასახლიდან გაგდებული შინაყმა შეურიგებია, და მე კი ბებიას მაშინვე გავულახივარ. აი, როგორ მოჰყვებოდა ხოლმე ამ ამბავს გაზეპირებული „მამაო ჩვენო“-სავით ცხონებული გადიაჩემი: „ვენაცვალე ჩემს კაკოს! (ბავშვობისას კაკოს მეძახდნენ) ამის დაბადებაც სულ სხვანაირი იყოო: დაიბადა ერთი რაღაც დათვისბელა, ბამბისქულა და ისე გაეკმიდა სული, რომ კრინტს არა სძრავდაო! ეს თურმე იმას ჰფიქრობდა: საიდან სად მოვედიო? და ბებიას კი გულშემოყრილი ეგონა და ჩქმეტა დაუწყო!.. ერთი-ორი კიდეც შემოუცაცუნა ხელი და ძლივს ხმა ამოაღებინაო! ვის უნახავს ამისი ტირილი? სულ იცინოდაო“.
ამას სხვებიც ამბობენ.
დიახ, სულ თურმე ვიცინოდი, და ამ სიცილს ერთი კარგი უსიამოვნებაც მოუხდენია: ერთხელ ჩამოსულა ჩვენსა მეზობლის გამდელი და, მომცინარი რომ ვუნახივარ, უთქვამს: „ვუიმე!.. ჩემი გაზრდილი ნუ მომიკვდება, ეს ბავშვი ისე იცინის, რომ სწორედ სულელი გამოვაო!..“ ჩემ გამდელს სწყენია ეს და უპასუხნია: „როგორ თუ სულელიო?! ანგელოზია და ანგელოზებს შესცინის!.. იმათ ეთამაშებაო!.. სულელები ზოგი თქვენკენ მოიკითხეო“ და სხვნი!.. წაკაპარაკებულან და სცემიან ერთმანეთს. ჩემს გამდელს ჩვენი მოსამსახურეები მოჰხმარებიან, მეზობლისას - მათი; ბოლოს ქალბატონებიც ჩარეულან (რასაკვირველია, მხოლოდ სიტყვითა და მუქარით და არა საქმით). ამ ამბავს მიუწევია ვაჟბატონებამდისაც და ჩამოვარდნილა ორ ოჯახს შუა დიდი უსიამოვნება.
აღარც, თურმე, ეკარებოდნენ ერთმანეთს და აღარც ხმასა სცემდნენ!.. მხოლოდ თევდორობის კვირაში, ზიარების წინეთ, ოქროპირ მღვდლის რჩევით შერიგებულან და მაშინაც კიდევ მამაჩემს სოფელში კაცი გაუგზავნია და შაუთვლია ძიძისათვის: „აქ გამომგვარე ჩემი ხითხითა ბიჭუნა, რომ მეზობლებმა ნახონ, და მტრებს თვალები დავუყენოვო!“ გამოვუყვანივართ, მაგრამ წარმოიდგინეთ ყველას გაკვირვება, რომ „ხითხითა ბიჭს“, ჩვეულების წინააღმდეგ, ერთი ღიმილიც არ მომსვლია, ისე თურმე ვყოფილვარ გაბრუებულსავით.
აქ ცხადია, რომ სოფელში ნამყოფ ათი თვის ბავშვს სასახლეში ყველაფერი მეუცხოვებოდა და გაშტერებული ვიქნებოდი, მაგრამ ასე არ გაუგიათ და არ აუხსნიათ ჩვენებს!.. იმათ უფიქრიათ: ეს სწორედ შურისა და სიხარბის საქმეა, თვალი ჰკრეს, გაღალესო და ისევ საჩქაროდ დავუბრუნებივართ სოფელში. ძიძასაც გზაზე ერთ ვიღაც მკითხავთან გაუვლია, გამოულოცვინებია... შეუბამთ ჩემთვის ყელზე ღინჭილა, მწარე ბალი და მიუყვანივართ სოფელში - შინ. იქ,