გამარჯობა, მე ვარ წიგნი ამკრიფა - ნინო ბიბილურმა
რედაქტირება და კორექტურა გამიკეთა - თათია მთვარელიძემ
ჩემს დიზაინზე იზრუნა - იოანე ხუციშვილმა
დამაკაბადონა - მანანა მაჭავარიანმა
ფოტოგრაფიკა გამიკეთა - კახაბერ შარტავამ
ჯერ არავის გადაუშლივარ, შესაძლოა, რამდენიმე ფურცელი შეწებებულიც იყოს, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი. სანამ ამკინძავდნენ, არეული ცხოვრება მქონდა, ცარიელი ფურცლები, ერთფეროვანი გარემო. თითქოს ყველაფერი დალაგდა და გამოსწორდა, ჩემში რაღაცეები ჩაწერეს, გამამზადეს თქვენთან შესახვედრად, მაგრამ რაზე უნდა გესაუბროთ, ეს არ ვიცი, რადგან ჯერ არ გამითვითცნობიერებია, რისი მატარებელი ვარ, რა არის ჩემში ისეთი, რაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. ერთი რაც დანამდვილებით ვიცი, ის არის, რომ წიგნი ვარ და ეს-ესაა შემიძინეთ.
მინდა აღვნიშნო, ქალბატონო, რომ შესანიშნავად გამოიყურებით, არაჩვეულებრივი სახლი გაქვთ და მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ თქვენს ჭერქვეშ მე, როგორც რიგით საგანს, დამრთეთ ნება ცხოვრებისა. პირობას გაძლევთ, თავს არ შეგაწყენთ და თვალში ხშირად არ გაგეჩხირებით, თუ თქვენი სურვილი არ იქნა, რა თქმა უნდა. ისე რა მოხდებოდა, წიგნის ნაცვლად თქვენს კაბად გავჩენილიყავი. ეხლა ხომ მე გამომიცვლიდით და შემკიდებდით ფაქიზად კარადაში?! ან თუნდაც ხმელ ჭადრის ფოთლად ფრენა, მაინც მეცოდინებოდა ქარიან ამინდში და ტანზე შემთხვევით უხერხულად აგეკრობოდით, მაგრამ არა, ალბათ, ეს არის ჩემი ბედი, უნდა ვიდო მაგიდაზე და ვუცადო გადამშლელს. როგორც ვატყობ, მოსვლას არ ჩქარობთ ჩემთან. რა ვიცი, დიდი ინტერესით კი შემიძინეთ, მაგრამ ქალისას რას გაიგებ, მითუმეტეს ლამაზი ქალისას. მოვიცდი, ბატონო. მე არსად მეჩქარება. რამდენსაც გინდათ, მოვიცდი.
არა, მაინც სულ სხვაა, როდესაც რაღაც დანიშნულება გაქვს, მართალია, მე ჯერ არ ვიცი, რა დანიშნულება მაქვს, მაგრამ სუფთა ფურცლად ყოფნას ნამდვილად ჯობია.
აი, როგორც იქნა, ჩემთვისაც მოიცალეთ. თქვენ მე სქელკანიანი ხომ არ გგონივართ? ვერ გავიგე, მაგიდაზე თუ არ შეიძლება ცხელი ყავის ჭიქის დადგმა, მე რით დავიმსახურე ამხელა პატივისცემა?
თუ ნებას დამრთავთ და არ მიწყენთ, მშვენიერო, რამდენიმე თხოვნა მაქვს, იქნებ შემისრულოთ: არაფრის დასადებად არ გამოვდგები, ასე რომ ჩემი ლანგრობა გამორიცხულია. ნუ მიმაწერთ, თუნდაც ბოლო გვერდზე, ნაჩქარევად თქვენი მეგობრის ტელეფონის ნომერს. წიგნი ვარ! არავის ათხოვოთ ჩემი თავი, იმიტომ, რომ წაღება კარგად იციან, დაბრუნება კი არ უყვართ, ნუ მაქცევთ საპირფარეშოში წასაკითხ წიგნად, მაგისთვის პრესა არსებობს და არ გაახმოთ ჩემში ცოცხალი ყვავილები, ძალიან გთხოვთ.