ჩემი წუთისოფელი
ვუძღვნი ჩემის მშობლების, დედა - გულქანის - და მღვდ. პავლე რაზიკაშვილების ხსოვნას. - I
ვასრულებ ჩემი მეგობრების თხოვნას, ვიწყებ ავტობიოგრაფიას, თუმცა-კი ამ თავითვე საჭიროდ ვრაცხ გამოუტყდე მკითხველს, რომ ყველაფერს, რაც მახსოვს ჩემის ცხოვრებიდამ, ვერ გაუზიარებ, ბევრი რამ უნდა დავმალო, ბევრი რამ უხერხულია სათქმელად თუ საწერად და ბევრიც უმნიშვნელო, ხოლო რასაც ვწერ, რაც კი შემიძლიან, ვეცდები სიმართლე დავიცვა, ვსთქვა ისე, როგორც იყო, უფერადოდ, გადაუჭარბებლად. ვგონებ ასეთს ავტობიოგრაფიას უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს კრიტიკისათვის და მკითხველისათვისაც, ვიდრე მოგონილს და ნაკეთებს.
ასე, ბატონებო, თუ ვისმე გეპრიანებათ ჩემი ვინაობის გაგება და გაცნობა, არ დავიზარებ, მოგახსენებთ: მე ვარ წმინდა ფშაველი ჩამომავლობით, როგორც დედით, ისე მამით. დედა-ჩემი იყო ივრელი ქალი, სოფელ სხლოვნიდან, ფხიკლიანთ გვარისა, სადაც მოსახლეობენ დღესაც მისი ნათესავნი, სათემო გვარი ფხიკლეშვილებისა არის გაბიდოური. ღვიძლი ბიძა დედა-ჩემისა პარასკევა პირველი მოლექსე იყო ფშავში. იმან შექმნა სატირული ლექსები და დღესაც ყველა ფშაველი იმის ჰანგზე „ლექსობს“; საუბედუროდ, წერა-კითხვა სრულიად არ სცოდნია, რომ ქაღალდის წყალობით შენახულიყო მისი ნაწარმოებები, თუმცა მისი ლექსები დღესაც ცოცხლობს, იმათ დღესაცა მღერის ხალხი. ეს ლექსები ღრმა იუმორით არიან სავსენი. წერა-კითხვა არც დედა-ჩემმა იცოდა, თუმცა ბუნებით ფრიად ნიჭიერი იყო, შესანიშნავი მეოჯახე და მოწყალე, გლახის გამკითხველი, მეზობლის დამხმარე; დედი-ჩემის ქველობა დღესაც სამაგალითოდ არის დარჩენილი. ისე ჩავიდა საფლავში, რომ ერთს არავის ახსოვს იმას გაეჯავრებინოს, არა. გაჯავრებულს, მლანძღველს, რაც აქაურ დედაკაცებში ხშირი მოვლენაა, სიცილით მიეგებებოდა და სამაგიეროს გადაუხდელობით შეარცხვენდა, მოარბილებდა.
ერთმა შემთხვევამ სიბრალულისა და ქველობის გამო ერთხანად დაცინვის საგნადაც გახადა მეზობლების თვალში და მამაჩემისაგანაც დიდი სამდურავი მიიღო. რაც ჩვეულებრივი არ არის ფშავში, საიდანღაც მოსულიყვნენ ბოშები; დაენახა-რა დედა-ჩემს ეს შიშველ-ტიტველი ხალხი, ნახევრად ტიტლიკანა ბოშის ბალღები, დაეწყო ტირილი. ამის მეტად არ ენახა და არც გაეგონა. „ღმერთო, ეს რა საცოდაობა მოვიხილეო“, თურმე გაიძახოდა. გამოიტანა თურმე თავის ახალი კაბები და, რადგანაც ყველას მთელი არ შეხვდებოდა, თურმე ჰხევდა და ამ ნახევებს ურიგებდა: „აი ეს დაიკერე, ჩაიცვი, შე ბეჩავო!..“ ამ ამბავში რომ იყო დედა-ჩემი და ქველობას ეწეოდა, რამდენიმე ბოშა შეიპარა სახლში, გააღეს სკივრი და ოთხასი მანეთი ფული მოეპარათ... ეს მხოლოდ მაშინ გაეგოთ, როცა ბოშები სამშვიდობოს გავიდნენ... შინ დაბრუნებულს მამა-ჩემს გაეგო მათი ვინაობა და, როგორც ცხოვრებაში გასულს კაცს, ეცოდინებოდა მათი ზნე-ხასიათი, გაესინჯა სკივრი და, რა დაგიკარგავ, რას ეძებ! ეს ამბავი მამა-ჩემმა მოიტანა თელავში, სადაც მე და ჩემი უფროსი ძმა ვსწავლობდით სასულიერო სასწავლებელში.
ჩვენი სახლი ზედ გზის პირას იდგა და განუწყვეტლივ მიდ-მოდიოდა მგზავრი, თუ ფშაველი, თუ ხევსური. დედა-ჩემი არ უყურებდა იმას, ვინ შეძლებული იყო, ვინ მაძღარი, ყველა მშიერი ეგონა და ყველას უმასპინძლდებოდა: „დაისვენეთ, პური გემშევათ, შვილო!“ - ეს იყო პირველი მისი სიტყვები შეხვედრის დროს. ამის გამო ჩვენ სახლში გამოულეველი იყო სტუმარი და უნდა ვსთქვა, რომ ჩვენი ოჯახიც შეძლებული იყო, რადგან მამა-ჩემი გარდა პირადის სამსახურისა, ვაჭრობასაც მისდევდა. რამდენიმე ადგილას დუქნები ჰქონდა და თელაველები ეყენა. მამა-ჩემიც თუმც არ იყო ხელგაშლილი და კიდევაც უშლიდა დედა-ჩემს: „ნუ წააღებინე სახლი, შე უბედურო, ქარსა და წყალსაო“, - სტუმარი მაინც უყვარდა... ეს პატარა ტანის კაცი განხორციელებული მხნეობა, ენერგია იყო, ამასთანავე იშვიათი ნიჭის პატრონი, ორატორი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი. გარდა სასულიეროსი, ქართულ ენაზე წიგნი არ მოიპოვებოდა, იმას არ შაეძინა, არ წაეკითხა. დღე და ღამეს, რომ იტყვიან, ასწორებდა, არ იცოდა ძილი რა იყო, და საშინლად ეჯავრებოდა, ჩვენ, სკოლიდან კანიკულებში შინ დაბრუნებულნი, დილის ძილს რომ გავიპტყელებდით. „ადეგით, ბიჭო, პური მაინც არ მოგშივდათ?“ - დაგვძახებდა საქმიდან დაბრუნებული, პიროფლიანი.
- დაანებე თავი, შენთ მკვდართ ცხონებასა, კაცო, ეძინოს მა ბალღებსა! - შეჰნიშნავდა დედა-ჩემი და მოუვიდოდათ ამაზე ჩხუბი. ეჩხუბებოდა მამა-ჩემი, თორემ დედის ჩხუბი რა სათქმელია, იტყოდა რა ამას, სულს გაჰნაბავდა და მოწიწებით ყურს უგდებდა ქმრის ათასნაირს შენიშვნას და საყვედურს.
„ეძინოსთ?! მე ვიცი კაცობას და ცხოვრებას ძილით იპოვნიან, თქვენ ნუ დამეხოცებით. სად გაგონილა ამდენ ხანს ძილი, აგერ შაჰხედეთ მზესა, შუადღე მოვიდა“... - ბობოქრობდა იგი.
უწადინოთ ჩვენ, ძმები, ქვეშაგებიდან ზოგი საიდან წამოვყაყვავდით თავებს და ზოგი საიდან, რადგან განცხრომით ძილის გაგრძობა შეუძლებელი იყო და მორივით გდებაც ქვეშაგებში არაფერსა ჰგვანდა.
დანაშაულობისათვის სიტყვით სასტიკად შვილების დამსჯელი, უმისოდ ჩვენი ტოლი და ამხანაგი იყო, გვებაასებოდა ათას საგანზე, საბაასო საგანს თავადვე გამოსძებნიდა. უყვარდა დიდებულ, გამოჩენილ ისტორიულ