შობის წინა ღამე ტყეში დიდს, დაცემულს ტყიანს ჭალაში, კახეთში, რამდენიმე წნული ქოხი იდგა, ჩალით დახურული. დიდრონი, თოვლით გადალესილი მთები დაჰყურებდა თავზე ჭალას და ქოხებს. ღამეა ბნელი. ქარს ზუზუნით შემოჰქონდა წნულებში თოვლის ნამქერი. სინათლე ცეცხლისა მარტო ერთის ქოხიდან მოსჩანდა და ხმაურობა, კაცების საუბარიც იქიდან მოისმოდა. მხოლოდ ცეცხლზე დიდრონი ნახეჩები ეწყო რცხილისა და წიფლისა და ზედ ხის საკიდელზე ყორანივით შავად ჩალხანა ქვაბი მოსჩანდა. ორივე მხარეს სხვადასხვა წლოვანების კაცები მოსჩანდენ.
აქეთ თავში ჩიკაზე კარგა მოხნიანებული კაცი იჯდა, ჩიბუხს ჰსუტავდა და თან რაღაცას უამბობდა ამხანაგებს. ისინიც ზოგნი თავერთმანერთისკენ იყვნენ წამოწოლილნი მიწაზე და თავით საერთო მუთაქად კუნძი ედოთ; ზოგს ფეხები ჰქონდა ერთმანერთისაკენ გაწვდილი; სხვანი მხარ-თეძოზე შემოწოლილიყვნენ, მიეხურათ ფხროკი ტყავები, მოეკუმშათ მუხლები და შიშველი ფეხი ფეხზე დაედოთ. სველი ქალამან-წინდები და ბანდულები ცეცხლის თავზე დაეკიდათ, ისე კი, რომ ქვაბში არ ჩასულიყო მათი ნაჟური; აშრობდენ ცეცხლზე; როგორც შეშა ცეცხლზე ბოლსა ჰბადებდა, ისე ესენი ორთქლსა, და შაერთებით ადიოდენ მაღლა ჭერის ჭუჭრუტანებიდან, იქ ინთქებოდენ ჰაერის უფსკრულში.
შუა ბოძზე თოფები ეკიდა, ზოგი წვერაღმა და სხვა წვერდაღმა, ისე არევდარევით, როგორც თვით ფანჩატურის მდგმურნი.
– ვერაფერი შობა გვითენდება, ბიჭებო, – ამბობდა მოხუცებული, – ბევრი არაფერი. სად გაგონილა? დღეს ხუთი კაცი მასცდით და სიწითე ვერას გამაართვით. ჰაი, გიდი, რა დრო იყო უწინა … საცა უნდა, აი, ემ ქედებში, წადილზე მოვკლავდი ნადირს. ვინ იყო მჭამელი? ძაღლებსაც კი ნადირის ხორცს ვაჭმევდი, ღმერთო, თუ გცოდებ.
– მონავსულები ვართ, ხელი შაგვეკრა, ბიძავ, – სთქვა ერთმა ახალგაზდამ, ახლად ულვაშამწვანებულმა, – მართლაც ერთის მეტს არ დაგვიცლია დღეს თოფი.
– ეჰ, ახლა მოხიბლვას და მონავსვას დააბრალეთ თქვენა! – სთქვა შუახნის კაცმა და თან წამოჯდა, წელიდან ქამარში ჩატანებული ტყავი, სათამბაქოვე, თავის ჩიბუხიანად ამოიღო და ჩიბუხს დაუწყო მართვა: – რაღა ახლა გაჩნდა ნავსი, როცა ნადირი დაცოტავდა! რატო, როგორც ჩვენი ბიძა ბატარკაცი ამბობს, უწინ არ იყო ნავსი? კაცი ამბობს, წადინზე ვხოცდი ნადირსო, – ეგ სულ ტყუილებია, ტყუილები! – სთქვა მან და თან ჩიბუხში დაუწყო თითით ტენა ხელისგულზე გაფშვნეტილს თამბაქოს კლერტებს.
– ხალხი მოერია, ხალხი, ყველაფერს, – სთქვა მესამემ, – ტყეც გაღარიბდა, დედამიწაც.
– ვაი დედას მტრისას, ხვალ უნდა პირგაუხსნელები დავრჩეთ?! ისევ თუ გვიშველს რასმე, ღაღოლა გვიშველს. – ღაღოლას თეთრი ტყავის ქუდი ჩამოეფხატა და სთვლემდა. მხოლოდ მისი სახელი რომ ახსენეს, თვალები მაშინ გაახილა და თავიც მაღლა აიღო.
ყველამ დაცინვის თვალით გადახედეს ღაღოლას; ამას ყველა ბეჩავ კაცად ჰხედავდა და ბეჩავობის მეტს იმისგან არავინ რას ელოდა.
– ჰოდა, რაღას იცინით? თუ ხსნილს გაგვაგებინებს, ისევ ღაღოლა, თორემ ჩვენ ვერაფერს გავხდებით. აბა თქვენა ჰნახავთ, თუ ჩემი სიტყვა არ აცხადდეს: მე სიზმარიც ისეთი ვნახე, – სთქვა კვალად ზურაბამ.
– ნახე? რო სთქვა, განა ღმერთი გიწყენს?! – სთქვეს სხვებმა.
– იქნება, არ ვარგოდეს, სიზმრის ბიზღება არ ვარგაო, გამიგონია.
– ეგ ტყუილია, თუ რამ ჰნახე, ასრულდება კიდეც. თქმა რას დაუშლის?! – სთხოვეს ზურაბას დანარჩენებმა და თან დაცინვის თვალით გადაჰხედეს ღაღოლას.
საწყალი ღაღოლა მაინც დაჩაგრული ჰყავდათ მის ამხანაგებს, ერთი მოხუცი ბატარკაცის გარდა. ხან თოფს დაუმალავდენ, ან ტალს გამოუძრობდენ ჩახმახიდან, აწვალებდენ საცოდავს. საქონელში იმას ჰგზავნიდენ იმ პირობით, რომ ნანადირევის თავის სწორი წილი იმისთვისაც მიეცათ. დიაღაც საბუთი ჰქონდათ დაეცინათ ღაღოლასათვის, რადგან ყველას „ ბერდანკა" თოფები ეჭირათ და იმას კი ქართული ჯაზეირი … ღაღოლას ამხანაგების ცელქობა არა სწყინდა მაინც და მაინც. იგი მათ დაცინვას გულდაარხეინებით იტანდა და დავალებულს საქმეებსაც ერთგულად ასრულებდა.
სთხოვეს რა ზურაბას ამხანაგებმა ეთქვა მათთვის სიზმარი, ამანაც უარი ვერ უთხრა.
– აბა, რაც იქნება, იქნება. უნდა ვსთქვა, მეტი რა ღონეა; მე წუხელ სიზმარში ისა ვნახე, რომ ღაღოლას თავზედ კლდის კაცის რქები ამოჰსვლიყო, პირი ბუმბულიანი ჰქონდა და ხელში ბარკალი ეჭირა ცხვრისა.
– ბიჭოს! ბიჭოს! აბა ჰნახავთ, თუ ღაღოლამ არ გვასახელოს და რქაბუდიანი ირემი არ ჩამოგვიგოროს ხვალა! – სთქვეს იმათ და თან გულიანი სიცილი დააყოლეს … ღაღოლამ ახლა კი ენა ამოიდგა, დრო იპოვნა მოპირდაპირეთათვის სიტყვა მოეჭრა.
– თქვე კაი კაცებო, ჯერ თქვენ ვერაფერსა ჰკლავთ ბერდანკეებით შაიარაღებულები და მე რომ ჩემის დუგლუგის თოფით ვერაფერი მოვკლა, რა საკვირველია?!.
– შენ დასაცილი არას გავნებს, ბიძაის კაცო, ნუ იწყენ! ნათქვამია: დასაცილს კაცი არ