საზოგადო შენიშვნები ვაჟა-ფშაველა - ფშავლები
თამარის დროშა გაშალეს, შეკრბა
დიდუბეს ლაშქარი,
ოსი ფარ-შუბით, თუში ხმლით,
ფშავ-ხევსურს შვენის აბჯარი.
თ.გრ. ორბელიანი
ძველს ნაქალაქარს ჟინვანს ორი არაგვი ერთვის: ერთი „ მთიულეთისა “ და მეორე „ ფშავისა “ . ფშავის არაგვი შესდგება ორის შტოისგან. ერთი თვით ფშავის არაგვი და მეორე ხევსურეთისა, რომელნიც ერთმანეთს ერთვიან ორ-წყალში ჟინვანიდან ორმოცის ვერსის სიშორეზედ. ხევსურეთის არაგვი ერთვის ფშავის არაგვს მარჯვნიდამ, აქედამ იწყობა ხევსურეთი. ფშავის არაგვის მარჯვენა და მარცხენა მხარე შეკრულია მაღალის და ტყიანის მთებით, რომლების შუაზე შევიწროებული, მოოხრავს და ეშურება მტკვრისაკენ, მის ორივე ნაპირებზედ, ჟინვანიდამ მოყოლებული, მთის კალთებიდამ და წვერებიდამ მოიყურებიან მიწური სახლები და საბძლები - ეს ფშავლების სადგურების არის.
ფშავლები სცხოვრობენ ეგრეთვე ივრის ნაპირებზედ, მოყოლებული ბოჭორმიდამ ივრის სათავემდე (კუდამდე) და შეადგენენ თიანეთის მაზრასა.
ძველ დროში ფშავლებს ფხოველებს ეძახდნენ; თვით ჩვენი მემატიანენი ამ სახელით იხსენიებენ, ხოლო ძლიერ იშვიათად შეხვდებით მათზე ლაპარაკს „ ქართლის ცხოვრებაში “ . ფშავლების ჩვეულებასა და სარწმუნოებაზედ ჩვენ ვერაფერს ვპოობთ მემატიანეთა მოთხრობაში; სხვა ქართველების ჩვეულებაზედაც ძლიერ ცოტას გვეუბნება „ ქართლის ცხოვრება “ .
საზოგადად, ყველა ხალხების მემატიანენი გზას უქცევენ მდაბიო ხალხის მდგომარეობას, მათ ჩვეულებას და სხვა-და-სხვა გვარ ცხოვრების ავ-კარგიანობას.
სისწორით რომ ვსთქვათ, არც კი არიან გასაკიცხავნი, რადგან არ იყვნენ ისინი იმდენად გონება-ცხოველნი, რომ ჰსცოდნოდათ რა უფრო გამოსადეგი იქნებოდა მათის შვილებისათვის, - ჩვენთვის. ჩვენი მემატიანესაგან, სხვა მოკლე ცნობათა შორის, ვიცით ფშავლებზე შემდეგი:
მირიან მეფემ და წმ. ნინომ მოუწოდეს „ ფხოველნი “ და მათთან ერთად სხვა მთიულები „ მსგავსნი ნადირისანი “ , რათა მიეგოთ ქრისტიანობა, მაგრამ „ უკუ-იქცნენ “ -ო.
როდესაც პომპეიმ გამოიარა ურიცხვის ჯარით, მაშინ „ ფხოველნი “ რიცხვით სამასი კაცი დაუხვდნენ წინ ანანურში და გზა შეუკრეს. პომპეის გაუკვირდა ამ ერთი მუჭა ხალხის გამბედაობა, მიიწვია თავისთან, გამოჰკითხა ვინაობა: ვინა ხართ? გყავთ მეფე თუ არა? ფხოველთ უპასუხეს, რომ თვით მეფისაგან არიან ისინი დაყენებულნი მეფის კარის მცველად. როგორ იომებდითო, ჰკითხავდა პომპეი, რომ ვინიცობაა მომესია თქვენთვის ჩემი ჯარიო? მაშინ ფხოველთ გაიძვრეს ხმლები, იფარეს ფარები და დაერივნენ ერთმანეთს. პომპეი გაკვირვებული დარჩა მათის ხელ-მარჯვეობით, იარაღის ხმარებით, დაასაჩუქრა, აღუთქვა თავისუფლება და გაისტუმრა მშვიდობით.
ფშაველი არის გაშლილის, მუდამ სიამაყის და მხიარულების გამომხატველის სახისა, ახოვანი, გულ-კეთილი, მომთმენი და, როგორც ყველა მთის კაცი, სტუმრის მოყვარე.
ვისაც უცხოვრია ფშავლებში ის მაშინვე იცნობს ფშაველს სიარულზე, თუნდ ერთის ვერსტის სიშორიდამ. როდესაც ფშაველი დადის გეგონება კვერსა სცემსო. როდესაც ფშაველი გელაპარაკება, სიტყვას თავზე ატანს: „ გენაცვალე “ , „ შენი ჭირიმე “ , „ დამიტირე “ , „ მოგიკვდე “ . თუ სასმელს დაალევინებ, დაგიბრუნებს თასს და დააყოლებს: „ შენსამც ჭირს დავლევ! “
ფშაველი უფრო სასიამოვნო სანახავია დღეობაში (ხატობაში). მაშინ ტყავს იხდის და ირთვება.
ფშავლის მამა-კაცის ტან-საცმელს შეადგენს: მოკლე, შავი შალის ჩოხა, შალისავე განიერი შალვარი, წითელი დარაიის ახალუხი; ამასთან მკერდზე ასხმული აშურმა (ვერცხლის ბალთები ერთმანეთზედ აკინძული), მხარ-იღლივ გადაგდებული შიბიანი და სალტებშემოკრული ტარიელის მათრახი, რომელიც ჩხუბისათვის აქვს დამზადებული.
ფშაველი ქალი არა ნაკლებ სიამოვნებას აღძრავს კაცის გულში თავის კლასიკურის მორთულობით.
ქალს საშინაოდ აცვია ჯუბა (შალის კაბა), ფაფანაკი (მოკლე ჩოხა) და ტყავი; თავზედ ახურავს ჩითის ჩიქილა ანუ ლეჩაქი, გარს შემორკულის შავის ხელსახოცით. ხატობის დროს ისე გამოიცვლება, როგორც გაზაფხულზე ბუნება: აყვავდება წითლად და ყვითლად. ხატობაში (დღეობაში) ან ქორწილში როდესაც არის ქალი იმას აცვია წითელი კაბა და ყელზედ ჰკიდია ვერცხლის შიბები. ესე მოკაზმული ეჩვენება და გაუთამაშდება თავის წაწალს.
ფშაველს უყვარს ფართოდ ცხოვრება, არის დაუღალავი მუშა, მაგრამ უზომოდ ჰსცხოვრობს: თავის შემოსავალ-გასავლის ანგარიში არ იცის. მანამ აქვს უხვად ხარჯავს და, როდესაც გაუთავდება, ვალით გაიმართავს ხელს.
სახელისთვის შრომა, მუშაობა, მარტო კაცს არ ეკუთვნის, მამა-კაცს გვერდს უდგა - დედა-კაცი, თითქმის ყველა საქმეში და ვაჟ-კაცურად კაცთან ერთად ეწევა ცხოვრების უღელს: მკაში, ლეწვაში, ხვნაში, შეშის მოტანაში არის ნამდვილი მეუღლე კაცისა. დედა-კაცი იკიდებს შეშის ტვირთს და წინდის ქსოვით, ორი ვერსის სიშორიდამ მოაქვს სახლში. დედა-კაცს, გარდა კაცურის შრომისა, აქვს თავისი სადედა-კაცო საქმეცა, - ის ქმარს და შვილებს „ თავის ხელით აცმევს “ ,