გიგლია
I
თალალი (დედა)
პურა შაჭამე, ნუ სჩქარობ,
შვილო, სილაღევ დედისა,
ჯერ ვერ-ოთ გადაავლიეს,
კიდევ მაასწრობ მთებისა.
გიგლია (შვილი)
რას ამბობ, დედავ, ნეტარა?
განა ქორწილში ვარაო?..
ხმალი რა იქნა აქითა,
ან ჩემი თოფი ხარაო?
აღარსად სამკლავენი ჩნან,
აღარც ფარი და ჩაჩქანი!..
ვინ რა-რა ჰფიქრობს, გიგლიას
გააღებინოს ალმანი?*
დედა
შენ არ მაუკვდე დედასა,
შენზედ არ დავჯდე მტირალი,
სხვა მე აქ არვინ მინახავ,
დილას-კი იყო მყვირალი.
აბჯარნიც თავისნი ჰქონდენ,
თავის ლურჯაზედ იჯდაო;
ცხენზეით არ ჩამამხდარა,
თამარს შენ ამბავ ჰკითხაო
და დაგიბარა: აჩქარდი,
წამო ახადის გზითაო;
მე სალეკოს ყელს შაუკრავ,
გიგლია - საყორნისასო;
ეს ორი გზა აქვს ლეკებსა...
ჯავრსაც არ შავჭამთ მტრისასო.
თუ ისრე გადაავლევენ
ლეკნი გოდერძათ თინასო,
უთხროდი, თოფი დაჰკროდეს
იმ დაღისტანელს წინასო.
გიგლია
მართლა, ი ქალ-კუპრ რა იქნა?
იმის ონარი იქნება!
დედა
შენს საჩოხეს სძახს, სილაღევ,
და ცხარის ცრემლით იღვრება.
გიგლია
წადი, გამიგე, დედაო,
შორი გზა მაქვის სავალი:
მათურის-თავი, ხოშარა, -
მთები მაქვ გადასავალი.
დედა (გადის თამართან)
ქალო, გიგლია კითხულობს,
აბჯართ, შენ დაუმალეო?
თამარი
მე. ნუ გავუშვებთ გიგლიას,
წუხელ ცუდ სიზმარ ვნახეო.
ემაგას მტერი მოგვიკლავს,
ცა თავზედ დაგვეხურება.
დედა
სირცხვილი არი კაცისად, -
ქვეყანა დაემდურება...
ან კი ისითა რა ჰნახე?
შენ ხომ არა ხარ მისანი?
თამარი
მე ისი ვნახე, დედაო,
სხივნ გამქრალიყვნენ მზისანი;
დალეწილები ეყარნენ
აბჯარნი ჩემის ძმისანი.
ჩვენ სახ-კარ ჩამოშლილიყო,
იდგა ოხერი, ტიალი,
თავს დაჰბრუნავდენ ყორნები, -
ჩხაოდენ, ედგათ გრიალი.
ვტიროდი, „ვაჰმეს“ ვიძახდი,
თმანიც სუ ჩამომდიოდა;
ჩვენის გიგლიას ლურჯაი
ჭალაზედ შამოჰხვიოდა.
დედა
რა გაიგება? ჩვენ მაინც
ვერ დავაბრუნებთ სიზმრითა,
მდევრად ათასჯერ ყოფილა,
ჩემო სილაღევ, - იმითა.
კაცს მიტომ კაცსა ვეძახით,
უნდა წელს ერტყას ხმალია.
მაშ რა უნდა ვქნათ, ხომ ჰხედავ,
ფშავლები მტერმა დალია?!
ახადი ლეკებს აუკლავ,
იქით წაუსხამ ტყვეები...
სუ სისხლით გადაუბასრავ
უკვენა-ფშავის კლდეები.
(თამარი ადგება, გააღებს კიდობანს და ამოიღებს გიგლიას იარაღს. დედა და თამარი გამოვლენ გიგლიასთან, თამარი ტირილით მისცემს გიგლიას ხმალს, თოფს, ფარს, ჩაჩქანს და სხვა საომარ იარაღს; უნდა უთხრას რამე, მაგრამ ვერ ამბობს, გული ყელში ებჯინება. ამ დროს გიგლიასთან აჩქარებით მოვარდება მეზობლის ქალი).
მეზობლის ქალი (გიგლიას)
შენს თვალთ ენაცვლოს შენი და,
შე ფშავის ხევის იმედო!
წადი, დაღისტნელთ აჩვენე,
როგორს ყმებსა ჰზრდის ჩარგალი,*
სვავებს დაუგდე სადილად
იმ ძაღთი ძაღლი სარდალი.
შამასწვრას ლაშარის-ჯვარმა, -
მოხვიდე გამარჯვებული,
გეკიდოს მტრისა ხელები,
მხარ-იღლივ გადაგდებული.
ჰა გიდი, გოდერძათ ქალო,
ლეკთა სატყვეოდ გაჰხეო,
მეშვლად მოგივა გიგლია, -
ფშავის არწივი ნახეო.
არწივმა მხარნი დაშალნეს,
დაპრპიალებდეს ფრანგული, -
მთა-კლდეთაც გააკვირვებენ
მაგის ლეკისად დაკრული!
(მეზობლის ქალი ჩამოართმევს გიგლიას ცხენს და შორს გაჰყვება, გააცილებს. დედა და და გიგლიას უკან მისდევენ. თამარი ტირის, დედა გზას დაულოცავს).
დედა
ფშაველთ სალოცავმ შამასწროს
შენს შინ მშვიდობით მოსვლასა,
ხერხით მაიქე მტერთანა,
ნუ გასწევ ჯიუტობასა.
მშვიდობით! ჯვარი გეწეროს!
II
არაგვის პირ-პირ აჩქამებს
გიგლიას ცხენი ნალებსა;
აქა-იქ ავლებს ლომივით
იმ ცეცხლმოდებულს თვალებსა.
გახდა გიგლია ხომურას,*
საწყინარ ეტყვის მხარია.
ცუდს ლიშანს არას დაგიდევს,
ამობუბუნდა ხარია:
„წადი, გენაცვლე, ლურჯაო,
ძალა მაიეც მუხლშია,
ნათელი ჩამააყენე
გაბოროტებულს გულშია.
აგერ ტირიან ტყვეები,
ელიან ჩვენსა მისვლასა,
მალი-მალ გამაჰხედნებენ
ყელსა ახადის მთისასა;
ამბობენ: სუ როგორ გასწყდა
ფშავლებში ქუდოსანიო,
სალეკოდ როგორ გაგვხადეს
ლაშარის-ჯვარის ყმანიო?“
III
ახადს ტიროდა თმიანი
თინიბექაის რძალიო:
„ავაჰმე, ჩვენო სახ-კარო,
ვაჰმე, დამიდგეს თვალიო!
ავაჰმე, ჩვენო ციხეო,
ნაგებო ქვითკირისაო,
ჩამოშლილ-ჩამონგრეულო,
გადათელილო მტრისაო!
მამამთილს თოფი დამიკრეს,
დედამთილს ძუძუ მასჭრესო,
თინიბექაანთ ბიჭები
სუ ლუკმა-ლუკმა ასჭრესო“.
მზე გორის პირას გაჰკროდა,
ელამებოდა ჩასვლასა,
გაღმა-გამოღმა გრილები
ტყეს და მთებს უდგმენ ტაბლასა.
უკვენა-ფშავის ქედები
დაწყობილიყვნენ ჯარადა.
ამ დროს შამოჩნდა ჭალაზედ
გიგლია, მომსხო ტანადა.
ირევა მაღლით და ძირით
მაგრილებელი ნიავი,
მიიბრძვის მხედრის ლურჯაი,
მიიბრძვის, მიაქვ თქრიალი,
სუ თან მიაქვის ფეხითა
ტყე-მთა, ნათოსი1 ტიალი;
არ აბედენებს2 კლდე-ვაკეს,
არსად სჭირდება ტრიალი;
ოფლს, დახეთქილსა მკერდზეით
ქვიშაზედ ჩააქვ ჩხრიალი;
უხდება გაირმებულსა
რახტის, უზანგის ძგრიალი.
IV
ბინდდება. აგერ გრილებიც
ასცდენ მთებს, გაქრენ ცაშია;
გიგლიაც გაჩნდა სოფლის თავს,
გადაემართა მთაშია.
ქალმა დაიწყო ძახილი,
ი რო ტიროდა კარშია:
„დაო, გვეყოფა ტირილი,
პირ დაიბანე, შვენაო,*
კმარა ამდენი ცრემლის ღვრა,
კმარა ამდენი წყენაო!
გიგლიამ შამაიარა,
შუქი მისდევდა კვალადა,
ავი შენს დამწყევს მიეცეს,
ეგ მტერს დაჰხვდება ავადა.
ერთს არ