I 
 
 ქალაქიდან ძია ესტატე ღამე-ღა იყო, როცა სახლში მოვიდა. მეორე დღეს შობა თენდებოდა: ძალზე მოერეკებოდა შინისაკენ ესტატე თავის “ მერანს ” , რომ შობა-დღეს საკუთარ ოჯახში ყოფილიყო. “ მერანიც ” თავს როდი ზოგავდა: მოძუნძულებდა გაყინულ გზაზე და, როგორც მოხუცი ყავარჯენს, ისე მოაბაკუნებდა დაუძლურებულს ფეხებს; ყურებს, თითქოს დამტვრევიაო, უხეიროდ ატლაკუნებდა. სიბერე ძნელია, გმირს როსტომსაც-კი მოჰრევიაო, ნათქვამია, და, რასაკვირველია, ესტატეს მერანი დაეუძლურებინა. პატრონი მაინც დღესაც გაყიდვას არ უპირებდა, თუმც მისი ცხენი ოცს წელს გადაცილებული იყო და მუშტარიც ბევრი ჰყავდა. ვინ იყვნენ, თუ იცით, ესტატეს მერანის მუშტრები? წვრილი მოვაჭრენი: ჩარჩები, ქათამ-კვერცხის, წვრილმანის მყიდველ-გამყიდველნი, რომელნიც სუნით დაეძებენ იაფფასიან საქონელს ცოტა ხელის მოსანაცვლებლად. მაგრამ ესტატე დიდს უარზედ იდგა. 
 
 - ჩემი ცოცხალი თავით მერანს ვერ მოვიშორებ, დიდი ამაგი აქვს ჩემზედ; აქაო და დაბერდაო, ამიტომ ავიღო და ჩარჩებს ჩავუგდო ხელში, რომ ტყავი გააძრონ? ბებერი ვარ, მაშ ჩამსვით გოდორში და დამაგორეთ კლდეზე! ეგ არის თქვენი სამართალი?! გაყიდვა არ შაიძლება; უნდა ჩემს ხელში მოკვდეს! - ამ პასუხით ისტუმრებდა ესტატე ყველა მუშტარს. 
 
 ძია ესტატე მეტის-მეტი კეთილი, სათნო ადამიანი იყო: იმისაგან წყენა სოფელში პირუტყვსაც-კი არ მოაგონდებოდა, განაღამც ადამიანს. მხიარული, ღაჟღაჟა, მუდამ მოცინარი, გადაპენტილი სახისა, ოჯახის გაყრაში და მოჩხუბართა შერიგებაში აუცილებელი შუაკაცი იყო და ლხინში - თამადა. 
 
 - ჰაა, აბა, შერიგდით! - ეტყოდა ესტატე მოჩხუბრებს. - რა გაჩხუბებთ, თქვე კაი კაცებო, განა სულ ცოცხლები ვიქნებით, ხომ უნდა დავიხოცნეთ?! ეს ჩვენი წუთისოფელი - წუთია; სიამოვნებით გავატაროთ, იმას რა სჯობია! სისხლი სისხლით არ დაბანილა, არც დაიბანება; სისხლს წყალი დაჰბანს მხოლოდ. აბა, მოდით, პროშტი: ჯერ მე მაკოცეთ, მერე ერთმანეთს აკოცეთ; თუ რამ საჩხუბარი გაქვთ, იმას რა სჯობია - დინჯად მოლაპარაკებით გავათავოთ. მუშტი-კრივით ვის რა გაურიგებია, თქვენ გაარიგოთ?! ოღონდ შერიგდით და სადილი ჩემი იყოს. - ესტატეს არც შუკაცობა მოუცდებოდა და დაპირებასაც ხელად აასრულებდა. ხელობით სოფლის დალაქი იყო და თავისთვის ტკბილად ცხოვრობდა: ჰქონდა საკუთარი სახლ-კარი, ვენახი, ცოტაოდენი სახნავი მიწა, ერთი თვალი წისქვილიც უბრუნავდა. ძმათამოყვარეს, კეთილს, სათნოს, უწყინარს, პურადს, გულადს და ამასთან ხანში შესულს ადამიანს სოფლელებმა ძია ესტატე დაარქვეს. ყველა, დიდი და პატარა, ესტატეზე ხნიერებიც-კი “ ძიას ” ეძახდენ. 
 
 ესტატეს ხანდახან ხუმრობაც უყვარდა. როცა, მაგალითად, ქალაქიდან მოაძუნძულებდა თავის რაშს და გზაში ნაცნობები მიესალმებოდენ: 
 
 - ძია ესტატეს გამარჯობა! საიდან? საიდან? 
 
 - იერუსალიმიდანაო, - უპასუხებდა. 
 
 ქალაქში მიმდინარს თუ შეეკითხებოდა ვინმე: 
 
 - საით? საითკენ გაგიწევია? 
 
 - იერუსალიმშიო, - უპასუხებდა და თან გულიანად იცინოდა: - არა, ეგ ოჯახქორები, რომ მკითხავენ საით მიემგზავრებიო, როგორ არ იციან, კატის მანძილი საბძელია. არა, თუ არ დაგიშლია, მე და ჩემი ცხენი განჯა-ერევანს, ტრაპიზონს ან თეირანს წავალთ! თუ ჩავალთ, ქალაქში, სად უნდა წავიდეთ? ეჰ, განა არ იციან, მაგრამ ჩვეულებაა, ეგეც ერთი რამ სალმის სანელია.