სათაგური
I
ქალაქიდან ძია ესტატე ღამე-ღა იყო, როცა სახლში მოვიდა. მეორე დღეს შობა თენდებოდა: ძალზე მოერეკებოდა შინისაკენ ესტატე თავის “მერანს”, რომ შობა-დღეს საკუთარ ოჯახში ყოფილიყო. “მერანიც” თავს როდი ზოგავდა: მოძუნძულებდა გაყინულ გზაზე და, როგორც მოხუცი ყავარჯენს, ისე მოაბაკუნებდა დაუძლურებულს ფეხებს; ყურებს, თითქოს დამტვრევიაო, უხეიროდ ატლაკუნებდა. სიბერე ძნელია, გმირს როსტომსაც-კი მოჰრევიაო, ნათქვამია, და, რასაკვირველია, ესტატეს მერანი დაეუძლურებინა. პატრონი მაინც დღესაც გაყიდვას არ უპირებდა, თუმც მისი ცხენი ოცს წელს გადაცილებული იყო და მუშტარიც ბევრი ჰყავდა. ვინ იყვნენ, თუ იცით, ესტატეს მერანის მუშტრები? წვრილი მოვაჭრენი: ჩარჩები, ქათამ-კვერცხის, წვრილმანის მყიდველ-გამყიდველნი, რომელნიც სუნით დაეძებენ იაფფასიან საქონელს ცოტა ხელის მოსანაცვლებლად. მაგრამ ესტატე დიდს უარზედ იდგა.
– ჩემი ცოცხალი თავით მერანს ვერ მოვიშორებ, დიდი ამაგი აქვს ჩემზედ; აქაო და დაბერდაო, ამიტომ ავიღო და ჩარჩებს ჩავუგდო ხელში, რომ ტყავი გააძრონ? ბებერი ვარ, მაშ ჩამსვით გოდორში და დამაგორეთ კლდეზე! ეგ არის თქვენი სამართალი?! გაყიდვა არ შაიძლება; უნდა ჩემს ხელში მოკვდეს! – ამ პასუხით ისტუმრებდა ესტატე ყველა მუშტარს.
ძია ესტატე მეტის-მეტი კეთილი, სათნო ადამიანი იყო: იმისაგან წყენა სოფელში პირუტყვსაც-კი არ მოაგონდებოდა, განაღამც ადამიანს. მხიარული, ღაჟღაჟა, მუდამ მოცინარი, გადაპენტილი სახისა, ოჯახის გაყრაში და მოჩხუბართა შერიგებაში აუცილებელი შუაკაცი იყო და ლხინში – თამადა.
– ჰაა, აბა, შერიგდით! – ეტყოდა ესტატე მოჩხუბრებს. – რა გაჩხუბებთ, თქვე კაი კაცებო, განა სულ ცოცხლები ვიქნებით, ხომ უნდა დავიხოცნეთ?! ეს ჩვენი წუთისოფელი – წუთია; სიამოვნებით გავატაროთ, იმას რა სჯობია! სისხლი სისხლით არ დაბანილა, არც დაიბანება; სისხლს წყალი დაჰბანს მხოლოდ. აბა, მოდით, პროშტი: ჯერ მე მაკოცეთ, მერე ერთმანეთს აკოცეთ; თუ რამ საჩხუბარი გაქვთ, იმას რა სჯობია – დინჯად მოლაპარაკებით გავათავოთ. მუშტი-კრივით ვის რა გაურიგებია, თქვენ გაარიგოთ?! ოღონდ შერიგდით და სადილი ჩემი იყოს. – ესტატეს არც შუკაცობა მოუცდებოდა და დაპირებასაც ხელად აასრულებდა. ხელობით სოფლის დალაქი იყო და თავისთვის ტკბილად ცხოვრობდა: ჰქონდა საკუთარი სახლ-კარი, ვენახი, ცოტაოდენი სახნავი მიწა, ერთი თვალი წისქვილიც უბრუნავდა. ძმათამოყვარეს, კეთილს, სათნოს, უწყინარს, პურადს, გულადს და ამასთან ხანში შესულს ადამიანს სოფლელებმა ძია ესტატე დაარქვეს. ყველა, დიდი და პატარა, ესტატეზე ხნიერებიც-კი “ძიას” ეძახდენ.
ესტატეს ხანდახან ხუმრობაც უყვარდა. როცა, მაგალითად, ქალაქიდან მოაძუნძულებდა თავის რაშს და გზაში ნაცნობები მიესალმებოდენ:
– ძია ესტატეს გამარჯობა! საიდან? საიდან?
– იერუსალიმიდანაო, – უპასუხებდა.
ქალაქში მიმდინარს თუ შეეკითხებოდა ვინმე:
– საით? საითკენ გაგიწევია?
– იერუსალიმშიო, – უპასუხებდა და თან გულიანად იცინოდა: – არა, ეგ ოჯახქორები, რომ მკითხავენ საით მიემგზავრებიო, როგორ არ იციან, კატის მანძილი საბძელია. არა, თუ არ დაგიშლია, მე და ჩემი ცხენი განჯა-ერევანს, ტრაპიზონს ან თეირანს წავალთ! თუ ჩავალთ, ქალაქში, სად უნდა წავიდეთ? ეჰ, განა არ იციან, მაგრამ ჩვეულებაა, ეგეც ერთი რამ სალმის სანელია.
II
ესტატე ჩვეულებისამებრ ზარხოშად იყო, როცა სახლში მოვიდა. ცხენი თავის ერთსართულიან სახლის მოაჯირთან ისე ახლო მიაყენა, რომ “მერანს” თავი დერეფანში გადააყოფინა და დაიძახა: “ოჯახიშვილებო, გამოიხედეთ, სტუმარი არ გინდათ?” შინ ფაცა-ფუცი შეუდგათ. “პაპა, მოვიდა, პაპა მოვიდა”, გაიძახოდენ ესტატეს შვილიშვილები, სონა და კოლა: გოგო ექვსი წლისა, ხოლო კოლა რვისა. “სანთელი მოანათეთ, სანთელი! – იძახდა ესტატე. – რა დაგემართათ, ხომ არ დაიძინეთ?”
ჯერ სიტყვა არ გაეთავებინა, რომ პატარა ხელის ლამფით გამოვიდა კარში მსხვილი, ჩარგვალებული დედაკაცი, მეუღლე ესტატესი, ეფემია.
– ოჰ, საღამო მშვიდობისა, ეფემიავ! ჰაა, როგორა ხარ სულიკოჯან? მე კარგადა ვარ, ძალიან კარგად. ცოტა შემცივდა.
– ღმერთმა მშვიდობა მოგცეს! რა არის, კაცო, ამ ღამე სიარული? სხვა არა იყოს-რა, ნადირისა მაინც არ გეშინიან? – სთქვა ეფემიამ.
– რა ვქნა, დამიგვიანდა. ნადირიო? განა მე ნადირი მერჩის? სამგლე და ნადირის შესაჭმელი ხალხი ცოტაა განა? – სთქვა ესტატემ.
– პაპა, სათაგური არ მოიტანე? – ჰკითხავდენ ესტატეს დაჟინებით სონა და კოლა. – ჩუსტები, წუღები, საკაბე? – შესტიკტიკებდენ მოაჯირზე მიყრდნობილი ბალღები პაპას.
– ყველაფერი მოგიტანეთ, შვილებო, ყველაფერი! – უპასუხებდა ესტატე და თან ხურჯინსა ჰხდიდა. ამ დროს მისმა მერანმაც დაიხვიხვინა და ისეთი ორთქლი გამოუშვა ნესტოებიდან, რომ ეფემიას კინაღამ ლამფა გაუქრო.
– რა იყო, ჰოო, კარგი, ცხენო... – სთქვა მან გაჯავრების კილოთი.
– ქერი უნდა საწყალს ჩემ მერანს, – სთქვა ესტატემ, – მაგრამ ჯერ დაღლილია, დაისვენოს პატარა ხანი და მერე ვაჭამოთ; ცოდოა,