ოცნება
ორივე ხელის იდაყვები მაგიდაზე დაეწყო, ორივე პირისთვის მიებჯინა. თმაგაწეწილი იჯდა და ტიროდა, ცრემლი ღაწვებიდან დაწყებული ხელებზედაც კი ჩამოსდიოდა. უცბად თავს წავადეგ. შევკრთი, თავი ვერ შევიმაგრე; ვიდრე ტირილის მიზეზსა ვკითხავდა, მე თითონაც ტირილი დავიწყე, იმის ცრემლების დანახვამ მეც ამატირა, - მიყვარდა და იმიტომ. როცა მეც ტირილით გული მოვიოხე, კისერზე ხელი გადავხვიე და ვკითხე: - რა გატირებს, ჩემო კარგო, ჩემო სიცოცხლევ?!.
- მეც არ ვიცი, მინდა ვიტირო, ჩემმა ფიქრმა ამატირა. ვიფიქრე, ვიფიქრე და ბოლოს დავიწყე ტირილი, - მიპასუხა მან და თან ცრემლები წაიწმინდა.
- რას ფიქრობდი? რა გაქვს საფიქრალი?
- მეც როდი ვიცი, არ ვიცი. მხოლოდ ის, რომ... - და გაჩუმდა, ღრმად ამოიოხრა, მწუხარე თვალებით შემომხედა. იმის თვალების მაშინდელი გამომეტყველება გულში ჩამებეჭდა და არც დამვიწყებია...
ამ დროს ცამ საშინლად დაიჭექა, ისე საშინლად, მთელმა სახლმა ზანზარი დაიწყო. მე პირჯვარი დავიწერე. ღამე იყო. დაუშვა ხშირი წვიმა. წვიმის ჩქამი შინ გარკვევით გვესმოდა. ჩვენ ორივემ ყური ბუნების მოვლენას დავუგდეთ და სასაუბრო საგანი დაგვავიწყდა. კრამიტებიდან ჩამონადენი წვიმის ცვარი ფანჯრების წინ წკაპწკაპებდა, თითქო რაღაცას ამბობდა; ისინიც საუბრობდენ ერთმანეთთან და ჩვენც გვესაუბრებოდენ; არ გვეყურებოდა, მაგრამ სასიამოვნო იყო მათი საუბრის ერთფეროვანი კილო, საიდუმლოებით მოცული. მეორე საიდუმლოებამ პირველი დამავიწყა, ამას უფრო დავუკვირდი.
- გვიკვირს? რად გვიკვირს? ეგრე ყოფილა წინათ, ეგრევე იქნება მომავალში. ზამთარი ზამთრად დარჩება, გაზაფხული - გაზაფხულად და ზაფხულიც იგივე იქნება, რაცა ყოფილა და არის, ხოლო ჩვენ... ჩვენ აღარ ვიქნებით. ჩვენ წავალთ ამ სოფლით, გავქრებით, გავნაცარმტვერდებით; ბუნება კი იქნება უცვლელი, როგორც ყოფილა... - სთქვა მან და თავი დაბლა დაჰკიდა.
- იქნება, იმიტომ სტირი, ჩემო ტურფავ? მადლობა ღმერთს, თუ იმდენად ბედნიერნი ვართ, რომ სიცოცხლე არ გვეთმობა... - ვუთხარი მე.
- არა, ჩვენ ბედნიერები არცა ვყოფილვართ და არც ვიქნებით... უბედურნიც ამასვე იტყოდენ, რასაც მე ვამბობ... ეხლა მე წავალ და შენ კი იშრომე, იშრომე! შრომა და სიყვარული აძლევს შნოს და ლაზათს ადამიანის სიცოცხლეს.
- წასვლა როგორ იქნება? წვიმაა, შეხე, როგორ კოკისპირულადა სწვიმს.
- მინდა დავსველდე, მიყვარს წვიმას ქვეშ ყოფნა, - სთქვა მან და წამოდგა ფეხზე. - ნახვამდის, ვნახავთ კიდევ ერთმანეთს... იშრომე, იშრომე! ეგ არის ჩემი ანდერძი, ეგ იქნება მხოლოდ წამალი შენის დარდისა და ვარამისა.
კარებთან რომ მივიდა, მოიხედა ჩემკენ, ატირდა და სთქვა:
- ნახვამდის!
სწრაფად გავარდა კარში და თან კარები მიიხურა...
- მეც წამიყვანე, მეც!.. მეც მინდა დავსველდე, მეც მინდა წვიმაში ყოფნა, შენთან ერთად!.. თუნდა ჯოჯოხეთში!.. - ვამბობდი მე, მისკენ ხელებაპყრობილი, ვცდილობდი თან გავყოლოდი. მაგრამ ვერ ვინძრეოდი, ვიდექი ერთს ადგილას გაშეშებული, დალურსმულივით დავრჩი, ვეღარც წინა ვდგამდი ფეხს, ვეღარც უკან... ენაც გამიშეშდა.
ვსდუმვარ. ვხედავდი ფანჯრიდან, ჩვენს ეზოში რომ დიდი ლოდია, იმაზე იჯდა მტრედივით, თვალები ცისთვის მიეპყრო დაშტერებით, სწორედ ისე, როგორც მე იმას ვუცქეროდი. მინდოდა რამ მეთქვა: ვერ ვამბობდი ვერაფერს, მინდოდა მეთქვა: „ქალო, წამო შინ, დაჰსველდები, გასცივდები, ავად გახდები!“ - მაგრამ ენა არ მემორჩილებოდა.
ამოვარდა საშინელი ქარი, წამოშოლტა ხეები და მიწას გააკრა. წვიმის ცვარები სეტყვასავით მკვეთრად სცემდა ფანჯრების შუშებს. გამოურკვეველი გუგუნი ისმოდა, ძალაუნებურად გაფიქრებინებდა: წარღვნის დღე ხომ არ დადგაო... მოიწყო ჩიტების გუნდმა მოდენა: ერთს რიგობას მეორე მოსდევდა, ქარს მოჰქონდა ესენიც წვიმასთან ერთად, და განუწყვეტლად ისმოდა ჩიტთა ჟივილი... ჟჟჟ... ყველა ეს თავის საიდუმლოებით შიშის ზარსა მცემდა... ჩემს ძარღვებსა და სისხლში ჭიანჭველების გროვა ირეოდა. იგი იჯდა უნძრევლად, შეუპოვრად, თვალს არ აშორებდა ცის სივრცეს. მხოლოდ მის გრძელს, გაწეწილს თმას აბრიალებდა ქარი.
უეცრად განათდა მთელი მიდამო, წვიმის ცვარები ცეცხლის ნამად იქცნენ. ცეცხლის კაცები გაჩნდენ, ქალს ხელი სტაცეს და გაჰქრნენ ცაში...
„რას სჩადით, რას? ვინა ხართ, თქვენ რა ხელი გაქვთ მაგასთან?“ - ვამბობ ჩემთვის გულში, რადგან პირი დაკეტილი მაქვს და ხმის ამოღება არ ძალმიძს. მუხლები მომეკვეთა. პირქვე წავიქეცი და ბალღივით ტირილი დავიწყე... ვტიროდი, დიდხანს ვტიროდი... სიმღერა მესმის. მხოლოდ მაშინ ავიხედე; მშვენიერ ყმაწვილთა - ქალთა და ვაჟთა - გუნდი მედგა თავზე და ტკბილის ხმით მღეროდა... იმღერეს კარგა ხანს... მეც ყურს ვუგდებდი... ბოლოს? ამ ტკბილმა ხმამ დამაძინა. და რომ გავიღვიძე, მთელი სახლი წვიმის წყალს აევსო, მაღლიდან ჩამოდიოდა, მგალობელთა გუნდი გამქრალიყო და ბაყაყები დახტოდენ ტახტზე, ფანჯრის თავებზე. აქ ყოფნა შეუძლებელი იყო. გავიქეც