ლუკა რაზიკაშვილი - (ვაჟა-ფშაველა) - ჩემი წუთისოფელი ვუძღვნი ჩემის მშობლების, დედა - გულქანის და მღვდ. პავლე რაზიკაშვილების ხსოვნას.
I
ვასრულებ ჩემი მეგობრების თხოვნას, ვიწყებ ავტობიოგრაფიას, თუმცა-კი ამ თავითვე საჭიროდ ვრაცხ გამოუტყდე მკითხველს, რომ ყველაფერს, რაც მახსოვს ჩემის ცხოვრებიდამ, ვერ გაუზიარებ, ბევრი რამ უნდა დავმალო, ბევრი რამ უხერხულია სათქმელად თუ საწერად და ბევრიც უმნიშვნელო, ხოლო რასაც ვწერ, რაც კი შემიძლიან, ვეცდები სიმართლე დავიცვა, ვსთქვა ისე, როგორც იყო, უფერადოდ, გადაუჭარბებლად. ვგონებ ასეთს ავტობიოგრაფიას უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს კრიტიკისათვის და მკითხველისათვისაც, ვიდრე მოგონილს და ნაკეთებს.
ასე, ბატონებო, თუ ვისმე გეპრიანებათ ვინაობის გაგება და გაცნობა, არ დავიზარებ, მოგახსენებთ: მე ვარ წმინდა ფშაველი ჩამომავლობით, როგორც დედით, ისე მამით. დედა-ჩემი იყო ივრელი ქალი, სოფელ სხლოვნიდან, ფხიკლიანთ გვარისა, სადაც მოსახლეობენ დღესაც მისი ნათესავნი, სათემო გვარი ფხიკლეშვილებისა არის გაბიდოური. ღვიძლი ბიძა დედა-ჩემისა პარასკევა პირველი მოლექსე იყო ფშავში. იმან შექმნა სატირული ლექსები და დღესაც ყველა ფშაველი იმის ჰანგზე "ლექსობს"; საუბედუროდ, წერა-კითხვა სრულიად არ სცოდნია, რომ ქაღალდის წყალობით შენახულიყო მისი ნაწარმოებები, თუმცა მისი ლექსები დღესაც ცოცხლობს, იმათ დღესაცა მღერის ხალხი. ეს ლექსები ღრმა იუმორით არიან სავსენი. წერა-კითხვა არც დედა-ჩემმა იცოდა, თუმცა ბუნებით ფრიად ნიჭიერი იყო, შესანიშნავი მეოჯახე და მოწყალე, გლახის გამკითხველი, მეზობლის დამხმარე; დედი-ჩემის ქველობა დღესაც სამაგალითოდ არის დარჩენილი. ისე ჩავიდა საფლავში, რომ ერთს არავის ახსოვს იმას გაეჯავრებინოს, არა. გაჯავრებულს, მლანძღველს, რაც აქაურ დედაკაცებში ხშირი მოვლენაა, სიცილით მიეგებებოდა დასამაგიეროს გადაუხდელობით შეარცხვენდა, მოარბილებდა.
ერთმა შემთხვევამ სიბრალულისა და ქველობის გამო ერთხანად დაცინვის საგნადაც გახადა მეზობლების თვალში და მამაჩემისაგანაც დიდი სამდურავი მიიღო. რაც ჩვეულებრივი არ არის ფშავში, საიდანღაც მოსულიყვნენ ბოშები; დაენახა-რა დედა-ჩემს ეს შიშველ-ტიტველი ხალხი, ნახევრად ტიტლიკანა ბოშის ბალღები, დაეწყო ტირილი. ამის მეტად არ ენახა და არც გაეგონა. "ღმერთო, ეს რა საცოდაობა მოვიხილეო" , თურმე გაიძახოდა. გამოიტანა თურმე თავის ახალი კაბები და, რადგანაც ყველას მთელი არ შეხვდებოდა, თურმე ჰხევდა და ამ ნახევებს ურიგებდა: "აი ეს დაიკერე, ჩაიცვი შე ბეჩავო!.." ამ ამბავში რომ იყო დედა-ჩემი და ქველობას ეწეოდა, რამდენიმე ბოშა შეიპარა სახლში, გააღეს სკივრი და ოთხასი მანეთი ფული მოეპარათ... ეს მხოლოდ მაშინ გაეგოთ, როცა ბოშები სამშვიდობოს