დიდებული საჩუქარი (საშობაო მოთხრობა) მექათმეს ცხენზე აკიდებული გალიებით ქათმები მიუდიოდა ბაზარში გასასყიდად. გალიაში დედლებთან ერთად მამალიც ჰყავდა დამწყვდეული. მეუფე ქათამთა გვარეულობისა უსიამოვნოდა ჰგრძნობდა თავს გალიაში, რადგან ქათმების სიმრავლისაგან ვიწროობა იყო, მამალი კი მუდამ თავისუფლებას იყო ჩვეული: თავისუფლად მხრების გაქნევას, ბოლთას და კისრის აძაბვით თავისებურ მღერას. გალიაში კი საძრაობა არა ჰქონდა; სწუხდა ფრიად მამალი. სული ყელში მოებჯინა. არც აცივა ბევრი, არც აცხელა, იშვირა ფეხი გალიის სახელურიდან და პირდაპირ დაბურულ ტყეში ამოჰყო თავი, რადგან ამ დროს დიდს ღიჭიან-ბარდიანს ჭალაზე მიუძღვებოდა მექათმე თავის კუდალა ტაიჭს; მამალს ეგონა, რომ თავის პატრონის სოსე ტვლეპიაშვილის საბძელ-კალოს ახლო იქნებოდა, მაგრამ მოსტყუვდა. მიიხედ-მოიხედა, ადგილის სიუცხოვემ თავზარი დასცა; თავგადაგლეჯილი დარბოდა აქეთ-იქით: უნდოდა გასვლა მინდვრად, მაგრამ რამდენიც ტყის გაშორებას ცდილობდა, იმდენი უფრო და უფრო ღრმადა სტოპავდა ტყეში. ხანდახან შედგებოდა, – ღააა, ჰააა! – იძახოდა გზაკვალარეული. „ფუჰ, ეს რა ცუდ ალაგას მოვემწყვდიე“, – ამბობდა მამალი: „შენ უყურებ? აბა, თუ ერთი ქათმის კურკური ან კაკანი საითმე ისმოდეს?! ეს რა სისულელე ჩავიდინე? ვაი, დედას მტრისას! აფსუს, ჩემო თავო, უნდა მარტოდ-მარტომ ვიხეტიალო ამ უღრანს, უდაბურს ტყეში?..“
მამლის გარეშემო, თუ თავზე, დიდრონ ხეებზე სხვადასხვა ფრინველი – ტრედები, გვრიტები ირეოდენ, ედგათ ჟივილ-ხივილი; ისინი მამალს ყურს არ უგდებდენ და არც ეს იტკივებდა იმათთვის თავსა. ჭალას ნისლი დააწვა შავად და ისედაც ჩამობურულ-ჩაბნელებული არემარე უფრო დააბნელა. მამალი გაჩერდა ერთ ადგილას, დიდრონ წიფლის ძირას. გარინდებულმა აღარ იცოდა, საით წასულიყო. მალე ისევ გასინათლდა და მამალმა დაინახა, რომ შორიახლოს, ბარდის ძირას დაგოგავენ რაღაც ჭროღა, ნაცარა ფრინველები. – დედა, რა მშვენივრები არიან, რა ლამაზი, მოხდენილი ტანი და ყელ-ყური აქვთ – ერთი წითელი ფერისაც ერია იმათში, თეთრსაყურეებიანი.
– თუნდა მომკლან, ასო-ასოდ ამკაფონ, უნდა გამოვემცნაურო, – სთქვა მამალმა, წავიდა ხოხბებისაკენ და უცბად წაადგა თავსა. – თქვენს ღმერთს ვენაცვალე, თქვენსა! ვინა ხართ, დებო და ძმებო, მშვენიერებო, კარგებო. გთხოვთ მიმიღოთ, როგორც თქვენი ძმა და მეგობარი. არა ვარ საშიში არაფრით, ღმერთი, რჯული.
ხოხბებს მამლის დანახვაზე თავზარი დაეცათ და მაშინვე გაფრთხნენ, გაიქცნენ; მამალიც გამოეკიდა უკან ფეხდაფეხ. შეშინებული ხოხბები მაღლა ხეზე შეფრინდენ და მამალიც ყელგადაგდებული მიადგა ხის ძირს და გაუბა საუბარი: – განა ეგრე უნდა, თქვე კაი კაცებო, რას მიფრთხებით, ხომ არ შეგჭამთ? მე ერთი ეული ვინმე ვარ, უთვისტომო, გადმოვარდნილი ამ თქვენს არემარეში და ნუთუ სალამიც უნდა დამიძვიროთ? – ეუბნებოდა მამალი კისრებგადმოძაბულ, გაოცებულ ხოხბებს.
ხოხბები ყურს უგდებდენ, მაგრამ ლაპარაკით არ ელაპარაკებოდენ; მხოლოდ ბოლო დროს წითელ საყურეებიანმა ხოხობმა გასცა პასუხი.
– ვის ელაპარაკები, ძმობილო? შენმა გაზრდამ, ტყუილადა სცდები, ჩვენ ყველას კი არ ვენდობით, წადი, შენი გზა მოსძებნე. ეული ვარო, იძახი, და იმდენი ხათრიც არა გაქვს, რომ მოდიხარ და თავს გვესხმი, აი, ამ მანდილოსნებს გულები დაუხეთქე; საწყლებს ეხლაც გულები უფანცქალებთ. ხიზანი მორიდებით უნდა იყოს, განა შენსავით ბრიყვი და თავაღებული.
– მაშ არ მენდობით? კარგად მაინც გამსინჯეთ, მანდ ამოვალ თქვენთან, რა მაქვს ცუდი, რომ მირიდებთ? – სთქვა რა ეს მამალმა, შეფთხრიალდა, უნდოდა ხოხბებთან ასვლა, მაგრამ გაიგეს რა მამლის წადილი, წამოიშალნენ და ზრიალით, როგორც შურდულის ქვა, გასწიეს და შორს ჩაეფარნენ, უფრო უდაბურს ადგილას.
დარჩა მამალი ხახამშრალი.
– ააჰ. გაგიწყრათ ღმერთი!.. მოგიკვდათ თავი!.. ნეტავი თვალით მაინც არ მენახა ეგ ოხრის შვილები!.. აფსუს, მამალო, აფსუს, ჩემო თავო, რომ გწუნობენ, ალბათ მტერი ვეგონე, მოსისხლე ვინმე, – სთქვა მამალმა და ბოლოს ამით ინუგეშა თავი: – მტერს ყველა მოერიდება, ალბად, არ მიცნობენ კარგად. – სთქვა რა ეს მამალმა, განაგრძო უგზო-უკვლოდ ხეტიალი... უცბად დაინახა მისკენ მომრბინალი კურდღელი. შიშისაგან ტანში ჟრუანტელმა დაუარა, იფიქრა, ეგ არის, უნდა გამოვესალმო წუთისოფელსაო, თავი დაღუნა, ბალახებში ჩაიმალა... კურდღელი გაძლიერებული გარბოდა, იმას თავისთვის ეშინოდა; გადარჩა ხიფათს მამალი.
ის იყო ღამდებოდა. მამალი მეტისმეტად სწუხდა, უნდა მარტოდ-მარტოკას გაეთია ღამე...
– გამარჯობა შენი, ძმობილო, გამარჯობა! – მოესმა ხმა მაღლიდან და თანაც კრრ-კრი-ი-ი...
მამალმა ძალაუნებურად შეიხედა მაღლა.
– ვინა ხართ მანდ? მტერი თუ მოკეთე? – შეუძახა მამალმა გაბედულად, დაინახა რა წვერხმელს წიფელზე მიკოსებული დიდი შავი კოდალა და თანაც გაუხარდა, რომ გამოუჩნდა ტყეში ისეთი სულიერი, რომ სალამი მისცა.
– გაგიმარჯოს, თუ მოკეთე ხარ, და თუ მტერი და... ჰო, დიაღ, თუ მტერი, ვაი, შენს