ყველაფერი უვიცობის ბრალია ყველაფერი უვიცობის ბრალია. არცოდნის, გაუნათლებლობის - როგორც გენებოთ. საკუთარი გამოცდლებით ვიცი. იოზეფ კონრადის „წყვდიადის გული“ დროზე რომ წამეკითხა, ჩემი ცხოვრება ცოტა სხვანაირად და, მე მგონი, ბევრად უკეთ წარიმართებოდა. დროზე უნდა გამეცნო მარლოუ, ზღვაოსანი, და დროზე უნდა მეფიქრა იმ ამბავზე, რომელსაც ის ერთ ღამეს მოჰყვა, როცა ბინდი ღამედ იქცა და წყვდიადში მხოლოდ შორეული ქალაქის სინათლეები კიაფობდა.
როცა ახალგაზრდა გემის კაპიტანი იყო, კონგოზე გაუშვეს. მარლოუს გაუხარდა. ისე, მეც ძალიან გამიხარდებოდა. მარლოუს მსოფლიოს რუკაზე თეთრი ლაქები ხიბლავდა, და წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა ასეთი კაცისთვის კონგო, უზარმაზარი მდინარე, რომელიც რუკაზე ისე გამოიყურებოდა, როგორც „უშველებელი გაწოლილი გველი“, რომელსაც თავი ზღვაში აქვს ჩაყოფილი, რომლის სხეულიც თვალუწვდენელ სივრცეებზე მიიკლაკნება და რომლის კუდიც ქვეყნის სიღრმეში მთავრდება. მოკლედ, მარლოუს იქით გაუწევია.
მდინარის გასწვრივ განლაგებული სავაჭრო საზოგადოების სადგურები აღმოჩნდება სრულიად ჩაშვებული საგუშაგოები გროტესკული ცივილიზაციისა, რომელსაც მექრთამე „პროგრესის მომლოცველები“ მართავენ. მაგრამ მეტწილად აქ უღრანია. უღრანი, უშველებელი რაღაცა, „რომელსაც ლაპარაკი არ შეეძლო და, ალბათ, არც გაგონება“ - აი, კითხვა: ის დანებდებოდა მომხდურთა ნებას, თუ პირიქით მოხდებოდა და ის გაუმხელდა მომხდურებს თავის საკუთარ უღრანს?
გზად, სავაჭრო სადგურებში, სულ იდუმალებით მოცული აგენტი კურცის შესახებ ლაპარაკობენ, რომელსაც ქვეყნის გულში ყველაზე ღრმად შეუბედავს. ის აღარ დაბრუნებულა, მაგრამ მდინარით დიდძალ სპილოს ძვალს გზავნის. ჭორად ჰყვებიან, რომ კურცი, რომელიც ოდესღაც „ველური ადათების მოსპობის საერთაშორისო საზოგადოების“ წევრი იყო და კაცთმოყვარე სიტყვებით გამოდიოდა, ამასობაში, როგორც ჩანს, ურჩხული გამხდარა. ის კლავს, ყაჩაღობს და მთელი ტომი ჰყავს დამორჩილებული. მას ეთაყვანებიან, როგორც ჯადოქარს, და ის ორგიული თავაშვებულობის რიტუალებს მართავს. მან შეძლო და „ქვეყნის ეშმაკთა შორის მაღალი ადგილი დაიკავა“. ნელ-ნელა მარლოუ ამჩნევს, რომ თავისი მოგზაურობის დროს, საბოლოოდ, მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: კურცთან შეხვედრა.
და შეხვდება, ერთ საგუშაგოში, ავადმყოფს, ჩონჩხივით გამხდარს, მაგრამ ჯერაც ძლიერი ხმით; უსმენ და ვერ სცილდები. კურცი გემზე საკაცით აჰყავთ, მაგრამ ადგილობრივებს მისი გაშვება არ უნდათ. შეკრულ წრეს ისევ კურცის ხმა გახსნის. ასეთი კაცია კურცი.
მდინარეზე დაშვებისას მარლოუ ამ ხმას ისმენს, რომელიც ჯერაც ძლიერია, მაშინ, როცა სხეული იხრწნება. ერთ დღეს, როცა ნაპირს მიუყვებიან, კურცი კაპიტანს უბრძანებს, ფანჯარები დახუროს, ამის ყურებას ვეღარ უძლებს. „ჰოი, მე მაინც ამოგგლეჯ გულს!“ - გასძახა მან უჩინარ უღრანს. რამდენიმე დღის მერე კურცი აღესრულა. სახეზე გამომეტყველება დაედო - პირქუში ქედმაღლობის, სასტიკი ძალადობის, შიშის, უიმედო სასოწარკვეთის ნარევი. სრული შემეცნების წამი - ასე წარმოუდგენია მარლოუს. ჩურჩულით, თითქოს ხილვას შეულოცავს ან აღთქმას დებსო, კურცმა გარდაცვალებამდე ამოისუნთქა: „საშინელება, საშინელება!”
რა მოუვიდა სინამდვილეში კურცს? მარლოუს ფიქრი სულ ამ კითხვას უტრიალებს. კურცი არ გაგიჟებულა. მისი გონი ბოლომდე „კრისტალურად ნათელი“ იყო. იმ დროს, როცა მთელ რეგიონს ძარცვავდა, საშინელ საქმეებს სჩადიოდა, ადამიანები მონუსხული ჰყავდა, ის მაინც, „შემაშფოთებლად“, მხოლოდ საკუთარი თავით იყო დაკავებული. და ეს მისი სულისთვის საბედისწერო გახდა. „როცა დაინახა, რომ უღრანში მარტოა, მზერა შიგნით მიმართა და ამისგან მართლა გაგიჟდა.“ მაგრამ რა დაინახა, ან რა გაიგონა, როცა საკუთარ თავს მიუბრუნდა? „მაგრამ უღრანმა საშინლად იძია შური, მისი უსიამოვნო შემოჭრისთვის. მე მგონი, საკუთარ თავზე ის უჩურჩულა, რაც მან არ იცოდა, რაზეც წარმოდგენაც არ ჰქონდა, სანამ დიდ მარტოობას ეზიარებოდა...“
„უღრანი ჩურჩულებს“. და იოზეფ კონრადმა რაღაც ჩაიდინა იმისთვის, რომ მკითხველი, - უპირველეს ყოვლისა - არასწორ გზაზე გაეტყუებინა, და ამ თავსატეხი მოთხრობის უთვალავი ინტერპრეტაცია ამ ცრუ კვალს ყოჩაღად გაჰყვა. ეს ეხება მის კინემატოგრაფიულ ადაპტაციასაც, კოპოლას „აპოკალიფსი დღეს“. ეს ნანახი მქონდა, კონრადის მოთხრობის წაკითხვამდე, ათჯერ მაინც. სანამ ჩემს ცხოვრებაში ერთი დიდი ფილოსოფოსის დიდი წიგნი არ გამოჩნდა, ამ მოთხრობის კი არა, იოზეფ კონრადის შესახებაც არაფერი მსმენოდა. ხომ ვამბობ, სულ უვიცობის ბრალია ყველაფერი.
ახლა კი წავიკითხე და სულ ამაზე ვფიქრობ. და ისევე, როგორც მარლოუს, რომელიც კონგოს ნაპირზე ადგილობრივების ექსტაზურ ცეკვას უყურებს, დოლების მოგუდულ ბაგაბუგს ისმენს, მეც მაშფოთებს ამ ველური, ვნებიანი ბაგუნის შორეული ნათესაობის ფიქრი, ის შეგრძნება, რომ ამაში საზრისი დევს, რომელიც შეიძლება გაიგო - „რამდენადაც არ უნდა იყო ბნელ პირველსაწყისებს დაშორებული.“ ვფიქრობ და ჩემთვის, ჩუმად ვგიჟდები.
ახლა კი საშუალება მომეცა, თქვენთვისაც მომეყოლა უღრანზე და მარლოუზე და კურცზე და ძალიან მაგარ მწერალზე, იოზეფ კონრადზე.
ნახეთ, აბა. ეგებ თქვენც მოგეწონოთ.