აბა, ინტერნეტში მნახე ვინა ვარ!!! შეიძლება იცოდა, რომ ამ სტატიის დასაწყებად გამომადგებოდა, ამიტომ ჩემი და ინტერნეტის გაცნობის დღე გვარიანად მზიანი იყო! ფიშბოუნის საყვარელი შარვალი მეცვა, რომელიც 50 ლარად მქონდა ბაზრობაზე ნაყიდი და მიუხედავად იმისა, რომ პატარა მქონდა და სულ ჭუჭყიანდებოდა, მაინც მეცვა გამოსასვლელ დღეებში. ჰოდა, მივედი კარლ პოპერის დებატების პროგრამის ოფისში, ფურცელაძის ქუჩაზე, საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში. ახალ გადმოსულები იყვნენ და იმ დღეს გამართეს კომპიუტერული ტექნიკა. ზურა და სიჭინავა გახარებულები დამხვდნენ ინტერნეტი გვაქვსო და შეგიძლია შეხვიდეო!!! მეც გამიხარდა თავიდან, მაგრამ მალევე მივხვდ,ი ვერ შევიდოდი. სირცხვილის გამო კი არა, უბრალოდ ვერ შევიდოდი. არ ვიცოდი!
ასე დაიწყო ეს გაცნობა, მზიანად და შიშით, მაგრამ იმ ანეგდოტისა არ იყოს, ერთხელ შესვლა იყო საკმარისი, რომ ინტერნეტში დავკარგულიყავი. დავკარგულიყავი მეც და ჩემს გარშემო მილიონობით ადამიანი...
ჩემთვის პირველი ინტერნეტი Hotmail-ზე გახსნილი მეილი და რა თქმა უნდა, საოცარი ნიკი იყო, რომელიც მაშინ მოვიგონე და ზოგიერთ საიტზე დღემდე მაქვს. მერე mirc, icq, yahoo და msn მესენჯერები, რომლებიც ბოლოში გაერთიანდა trillian-ში. მერე იყო გაცნობის საიტებზე და ფორუმებში ღამეების გათენებები, counter strike-ის კლანის წევრობა და „ აბა, ინტერნეტში მნახე ვინ ვარ! “ ფრაზის დაბადება! როგორ მახსოვს dial up-ის ხმა რა შვებას მგვრიდა ხოლმე და როცა ლურჯი ხაზი ბოლომდე შეივსებოდა რომელიმე საიტის ჩატვირთვისას. რა მაგარი იყო პირველი ვიდეო ჩატის გამოცდილება.
ერთხელაც skype-ში მომწერეს, одноклассники-ზე დარეგისტრირდიო, მერე სხვამ მომწერა, 1 წლის შემდეგ, „ ოდნოები “ გაბანძდა, წამო facebook-ზეო. ჰოდა, მეც წავედი, დავრჩი და დღემდე მშვენივრად ვგრძნობ თავს. მახსოვს, პირველი გამოცდილება, უაზრო ქვიზების შევსება, უცნობი ხალხის დამეგობრება, საათობით სქროლვა და ფოტოალბომის ნელ-ნელა შევსება. ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, მეცინება და ზოგიერთი ძველი პოსტის მრცხვენია კიდეც. მაგრამ, ალბათ, მაშინ ასე იყო საჭირო.
ამ უაზრო და ბევრი უცხო სიტყვით გაჯერებული შესავლით, იმის თქმა მინდა, რომ ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში ჩემი „ ცხოვრება და მოღვაწეობა “ კაი ხნის ისტორიას ითვლის. შესაბამისად, ჩემი ეს ნაწერიც და აღნიშნული რუბრიკაც წლობით დაგროვილ გამოცდილებასა და დაკვირვებას ეყრდნობა!
თუმცა დღეს, google-სა და facebook-ის ეპოქაში, სმარტფონებისა და პლანშეტების სამყაროში, როდესაც ინტერნეტი უკვე ჩემს დედულეთში, ფშავის სოფელ გომეწარშიც ხელმისაწვდომია, როცა ყველა ინტერნეტშია, სოციალურ ქსელებზე, მის გავლენასა და ინტერნეტცხოვრების ტრენდებზე საუბარი სხვა დატვირთვას იძენს და სხვანაირად მნიშვნელოვანი ხდება. ისე, რომ დავფიქრდეთ, იმდენ დროს ვატარებთ ინტერნეტის გამოყენებასა და სოციალურ ქსელებში ყოფნით, იმდენ მონაცემსა და ინფორმაციას ვცვლით დღე-ღამის განმავლობაში, რომ ჯობია არ დავფიქრდეთ ამაზე. უბრალოდ, უნდა მოვდუნდეთ და მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ.
ჩვენს რუბრიკას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა მწირია, ბევრი მონაცემი არ გროვდება და იშვიათად თუ ვინმე აანალიზებს ქართულ ინტერნეტ გარემოს, ჩვენ მაინც შევეცდებით გაგიზიაროთ ჩვენი დაკვირვებები, წამოვწიოთ და გავაანალიზოთ აქტუალური თემები, განვიხილოთ ტრენდები და ბევრი ვწეროთ სოციალურ ქსელებზე.
ქართულ სოციალურ ქსელს რაც შეეხება, ჩვენთან ძირითადად და მასობრივად facebook გამოიყენება, თუმცა ყველა იყენებს საკუთარი ინტერესისა და გემოვნების შესაბამის სხვა, სათადარიგო საიტებს. ამიტომ ჩვენც უფრო ხშირად facebook ამბებს განვიხილავთ ხოლმე, მაგრამ სხვა საიტებზეც ვიტყვით, თუ საჭიროება მოიტანს...
აბა, დავიწყეთ!