წინათქმანი სწორედ წინამდებარე წიგნი გახლავთ იმის მცდელობა, რომ შეუფარავად და შეულამაზებლად წარმოჩნდეს დღევანდელი ქართული ესტრადა, უფრო სწორად, ნაესტრადალი, თავისი ნამდვილი სახით, და არა იმ კომიკურ-ნაცოდვილარი ნიღბით, თავად ესტრადის ვარსკვლავებს თუ კომეტებს თუ ასტეროიდებს თუ, რა ვიცი, რა ჰქვია იმათ, რომ სურთ მისი წარმოჩენა.
ზაზა ბურჭულაძე (მწერალი)
ლაშას კრიტიკა ყოველთვის კონსტრუქტიულია, მისი იუმორი დახვეწილია და ის ყოველთვის ისევე არტყამს ათიანში, როგორც ეს წიგნი.
სერგი გვარჯალაძე (ტელეჟურნალისტი)
დღევანდელ საქართველოში ყველას ობიექტური განმსჯელის პრეტენზია აქვს. სუბიექტურობა სახიფათოდ ითვლება. მით უფრო, ჟურნალისტიკაში, და მით უფრო, ჟურნალისტიკის იმ სფეროში, რომელსაც „ არტ-კრიტიკა “ ჰქვია. კრიტიკოსებს ეშინიათ, რომ სიმართლის თქმის შემთხვევაში, მათ განდევნიან „ კულტურული ტუსოვკიდან “ , სიცარიელეში დატოვებენ.
ლაშა გაბუნიამ ადვილად დაძლია ეს შიში. იგი ყოველთვის იმას წერს, რასაც ფიქრობს... და მკითხველიც ბევრი ჰყავს. ალბათ იმიტომ, რომ მისი ირონია ყველაფერი იმის მიმართ, რაც დღეს ხდება ქართულ შოუ-ბიზნესში, საკუთარი თავის მიმართ ირონიაცაა. „ ლონგო-ჰუმანოიდი “ ხომ იმ კულტურული სივრცის „ მოქალაქეა “ , რომელზედაც ქილიკობს. იგი სიცარიელეში არ ცხოვრობს – მართალია, „ არაკოლექტიური ცეკვა “ ენატრება, მაგრამ არც იმის აღიარების ეშინია, რომ „ კოლექტივისთვის ცეკვავს “ – ჟურნალისტია.
გიორგი გვახარია (ხელოვნებათმცოდნე)
ამ კრებულში წარმოდგენილია თითქმის ყველა ჟურნალისტური ჟანრი: სტატია, ინტერვიუ, სვეტი, ფელეტონი, ესეი, მრგვალი მაგიდა. კრებულის თემატიკა – ახალგაზრდა ადამიანის ადგილი საზოგადოებაში, სამშობლო, ქართული მასმედია, პოპ-მუსიკა და შოუ-ბიზნესი – გულგრილს არავის დატოვებს; მით უმეტეს, ეს ყველაფერი დანახულია მახვილი და კრიტიკულ-ირონიული თვალით.
ბიძინა მაყაშვილი (ჟურნალისტი)
დღეს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში სრული განუკითხაობა და ქაოსი სუფევს, როდესაც სულიდან დაწყებული, ჩინ-მედლებითა და ტიტულებით დამთავრებული ყველაფერი დაუფარავად გაყიდული და გაუფასურებულია, საბედნიეროდ კიდევ არსებობს ადამიანთა გარკვეული წრე, რომელთა წყალობითაც საქართველოში დასახელებულ მოკვდავთა სიმრავლეს შესაძლებელია საზოგადოება ეწოდოს. ეს ადამიანები ჭეშმარიტად იმსახურებენ პატივისცემას, ვინაიდან, პირველ რიგში, თვითონ სცემენ პატივს საკუთარ თავს და პრინციპებს. აქედან გამომდინარე, საკუთარ ნიჭს, პროფესიონალიზმს, ენთუზიაზმს და გაბედულ ნაბიჯს არ იშურებენ ეროვნული ღირსებისა და სამომავლო კეთილდღეობის გადასარჩენად. ამ ადამიანთა არც თუ ისე მრავალრიცხოვან კატეგორიას, ჩემის აზრით, მიეკუთვნება ნიჭიერი ჟურნალისტი ლაშა გაბუნია. მისი ენა მახვილი, გამჭრიახი და ხშირად დაუნდობელიცაა. ვფიქრობ, იმის გამო, რომ საზოგადოებრივი აზრი და ცხოვრების წესი დეგრადაციის ზღვარზეა მისული, რაც უდავოდ საჭიროებს კომპრომატების მამხილებელ საგანგაშო ქმედებებსა და პირველ ყოვლისა, სწორედ ჟურნალისტების მხრიდან. მოხარული ვარ ლაშას სტატიების კრებულის გამოქვეყნების გამო, ვინაიდან აქტიურად ვადევნებ მათ თვალ-ყურს პრესაში და ხშირად ვინახავ კიდეც მათ შემდგომ პროპაგანდის მიზნით. ეს კრებული ჩვენი საზოგადოებრივი მანკიერების, მეშჩანურ-კონფორმისტული სიმახინჯეების მწვავე სატირულ-ანალიტიკური ანარეკლია, რომელიც სრულიად თანადროულია სწორედ ჩვენი საზოგადოების პროფილაქტიკური პროცესებისა და გაჯანსაღებისათვის. სხვებს გარდა, ხშირ შემთხვევაში, ბუნებრივია, საკუთარ თავსაც ამოიცნობთ.
ოთარ ტატიშვილი (კომპოზიტორი)
ლაშა გაბუნიამ თავისი ბასრი სტილით აშკარად შეძლო იმ უიმედოდ მიძინებული მკითხველის გამოფხიზლებაც კი, რომელიც კარგა ხანი იყო შეგუებული უგემოვნო ხელოვანთა ქებით გაბერილ მედიას.
მათთვის კი, ვინც თანამედროვე ქართულ, არაკონფორმისტულ კულტურას აკეთებს, ეს წიგნი მყარი დასაყრდენია.
ირაკლი ჩარკვიანი (მუსიკოსი)
ლაშა გაბუნიას სვეტები „ ახალ ვერსიაში “ ამ გაზეთის დაარსებიდანვე იბეჭდება. ლაშა მკითხველს სთავაზობს ქართული ჟურნალისტიკის ახალ ვერსიას, რის გამოც, მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი გაზეთის პოპულარობაში. რაც შეეხება თავად სვეტებს და საერთოდ, მის პუბლიკაციებს, დარწმუნებული ვარ, ისინი მკითხველს იმიტომ უყვარს ასე ძალიან, რომ მათი ავტორი არა მხოლოდ თანამედროვე მუსიკის პრობლემებზე საუბრობს, არამედ ზოგადად ჩვენს კულტურაზე, უფრო სწორად – დღევანდელ სავალალო უკულტურობაზე საერთო ეროვნულ ტკივილს წარმოგვიჩენს.
ალეკო ცქიტიშვილი (ჟურნალისტი, „ ახალი ვერსიის “ რედაქტორი)