მე, მარგარიტა
ერთი ხეობაა, ძალიან ლამაზი, სადაც ალბათ ყველა ქართველია ნამყოფი. უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში თურმე სულ ხელიდან ხელში გადადიოდა: ხან სულთანმა დაითრია, ხან – სპარსებმა, მერე ისევ თურქებმა. მერე პასკევიჩმა ახალციხის საფაშო დაიპყრო და ხეობა რუსეთის საკუთრება გახდა – ქართველმა თავადებმა სასწრაფოდ გაყიდეს.
სწორედ რუსების დროს გადააწყდა ვიღაც სულმნათი მინერალურ წყლებს. რამდენიმე წლის შემდეგ ქართველ გრენადერთა პოლკმა უსიერ ტყეში წყაროებისკენ მიმავალი გზები გაკაფა და ირგვლივ კოხტა შენობები წამოჭიმა, და სულ მალე ხეობა მხიარულ და ხალხმრავალ ადგილად იქცა.
1871 წელს იქაურობა დიდი მთავრის, მიხაილ ნიკოლაევიჩისთვის უბოძებიათ, და რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, სწორედ მას ვუმადლი წინაპრების ვინაობას. ჩემს ირგვლივ ყველამ ის მაინც იცის, ბაბუამისის მამას რა ერქვა, მე კი არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემი გაჩენისთვის დიდმა მთავარმა, მიხაილ ნიკოლაევიჩმა იზრუნა – თავისდაუნებურად, რასაკვირველია. რადგან ის რომ არა, მიხაილ-გავრიილა ნამდვილად არასოდეს გახდებოდა მინერალური წყლების ჩამომსხმელი, არც ფუმფულა ტანცია ჩავიდოდა იქ კვერების გასაყიდად, და ერთმანეთსაც ვერაფერს გააგებინებდნენ – რამე საერთო ენა ხომ უნდა ჰქონოდათ...
1.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი მთავრის იმ მხარეში გამოჩენის შემდეგ ლამის ორმოცი წელი იყო გასული, ხეობაში მისი ამბავი არ დავიწყნიათ: სასახლე ხომ თავისთავად დარჩა, ღელეს „კნიაზის წყალი“ ერქვა, ორ კაცს – ველიკიკნიაზი, ერთ პატარა გოგოს კი – ტანცია, არა ცეკვა-თამაშის ამბავში, არამედ დიდი თავადის ჩამობრძანების პატივსაცემად სადგურზე წარწერილი „სტანციას“ გამო.
ტანცია ბატონებს თავიანთ სახლში გაუზრდიათ, რატომ – უცნობია, ალბათ ან ობოლი იყო, ან დედა ჰყავდა მოახლე. მთავარია, რომ გაზარდეს, და ამიტომ წერა-კითხვაც შეეძლო და ცოტა, მაგრამ იმ სოფლის კვალობაზე დიდებული რუსულიც იცოდა. გარდა ამისა, ტანციას ბატონებმა თავიანთი გვარიც უბოძეს, და როცა გათხოვდა, მზითევიც გაატანეს, რაც იმხანად უკვე სამარცხვინოდ გაღატაკებული აზნაურებისგან ალბათ დიდი ხელგაშლილობის ნიშნად უნდა ჩავთვალოთ.
ტანცია ლამაზი იყო, პატარა, თეთრი, დიდმკერდიანი და ღარიბი ქალისთვის უჩვეულოდ თავაწეული. ყოველთვის ძალიან სუფთად ეცვა, და როცა მზე აცხუნებდა ხოლმე, სახეს თავსაფრით იფარავდა – რომ არ დამწვარიყო და სახის კანი არ გაჰფუჭებოდა.
სახლიც ასეთივე ჰქონდა, კოხტა და შაურიანივით გაპრიალებული. ძალიან ამაყობდა თავის სახლ-კარითა და განსაკუთრებით „ჩატახტულით“: ზედ ფარდაგიც კი ეფინა, ქალბატონ მარგარიტას მიერ საქორწილოდ ნაჩუქარი, კუთხეში ამოქარგული „1910 წლით“. ტანცია სულ იმეორებდა, რომ ქალბატონმა ფარდაგი საგანგებოდ მისთვის ჩამოაქსოვინა, ერთი ისაა, რომ თარიღი იყო ცოტა დამაფიქრებელი: იმ წელს არც დაბადებულა, არც გათხოვილა, სამი-ოთხი წლისა იქნებოდა, და კაცმა არ იცის, ვისთვის იყო ეს ფარდაგი სინამდვილეში განკუთვნილი. მაგრამ მთავარია, რომ ამჯერად ის საკოლმეურნეო-სააგიტაციო პლაკატებთან ერთად პაწაწინა სახლს ამშვენებდა, სადაც იმ დროისთვის, როცა ეს ამბავი დაიწყო, ტანცია მარტოკა ცხოვრობდა – დაქვრივებული იყო, მაგრამ მაინც ძველებურად თავაწეული და ფუმფულა, ტყუილად კი არ ამბობდნენ ხეობაში, ტანცია პადრეთი ქალიაო!
კაცს, რომლის ცოლიც ერთ დროს ტანცია ყოფილა, უჭირდა. განსაკუთრებით ღარიბი კი არ იყო, უბრალოდ, მისი მამაკაცობის შესახებ უშნოდ ჩურჩულებდნენ, და თან ქურდი ბრძანდებოდა. ქურდობდა, და სულ არ ადარდებდა, რას იპარავდა – მეზობლის ღობეზე ჩამოკონწიალებულ გოგრას თუ მუქ მწვანე ბოთლში ჩამოსხმულ მინერალურ წყალს. წყალი იმდენი მოდიოდა, სად წაეღოთ, არ იცოდნენ, და საერთოდ იმ მხარეში ბევრი არც არაფერი იყო მოსაპარი; მაგრამ ის მაინც ქურდობდა და მერე ღამით, ცოდვა ადგებოდა ხოლმე: ჩამოჯდებოდა თავის „ჩატახტულზე“, გააღვიძებდა საწყალ ტანციას და მოთქმა-გოდებით იწყებდა მონანიებას. ცხადია, ხატი არ ჰქონია, და ცოლის მიერ სასწრაფოდ დანთებული ჭრაქის მოპარპალე შუქზე პლაკატებს შეჰღაღადებდა – ფეხადგმულ გოგრებს, ფართოტერფიან გლეხის ქალებს და წარწერას „годовщина шефства РКСМ над флотом“, ოღონდ რა ეწერა, არ იცოდა, და ტანციასთვისაც რთული ტექსტი იყო.
მეორე დღეს კაცი ისევ ქურდობდა; ხან იჭერდნენ და სცემდნენ, ხან – ვერა, მაგრამ მოთქმით კი მაინც მოთქვამდა. ერთ დღესაც, როცა სხვის ნალიაში დაიჭირეს, როგორც ჩანს, მეტისმეტად იცემა, და გამთენიისას კნიაზის წყალთან იპოვნეს, მკვდარი. ცემით მკვდარი ნამდვილად არ იყო, რა მოხდა სინამდვილეში, არავინ იცის, მკვდარი კი იყო, და მუხებთანაც დამარხეს, იქ, სადაც გასაბჭოებამდე ცისფერი, ოქროსფერგუმბათიანი ხის ეკლესია მდგარა, მარგალიტა ბატონი ამბობდა, ჩემი ანგელოზის სახელობისააო, მაგრამ ეგ კაცმა არ იცის.
ასე დაქვრივდა ტანცია, და დარჩა მარტო. ცოტა წაიგლოვა – წესია ასეთი, და მერე ძველებურად განაგრძო ცხოვრება.
* * *
საერთოდ, ტანციას არასოდეს უღელვია. არც რევოლუცია უგრძვნია დიდად, არც „გერმანსკი“