შიმშილი რამდენიმე დღეა ფეისბუქზე გვერდს ვათვალიერებ, „ მსოფლიოს ბავშვთა თვალები „ თუ რაღაც მსგავსი ჰქვია, ვათვალიერებ და ლამისაა სამზარეულოდან ფეხი სამუდამოდ ამოვიძირკვო. ყველა ფოტოზე ბავშვები, მშიერი ბავშვები, პურის მონატრული ბავშვები - მე კიდევ თხილიან ნაღების კრემს ვთქვეფ. არაფერს აქვს აზრი, როცა ბავშვები შიმშილობენ და კულინარიის მთავარი დანიშნულება სწორედ მათი დანაყრება უნდა იყოს.
მერე ვცდილობ გავიხსენო ყველა, ვისაც მე გავუმასპინძლდი, ვცდილობ, მაგრამ მიძნელდება, ზოგი მახსოვს, ზოგი არა, სამაგიეროდ ყველა სახე (და არა სახელი, სამწუხაროდ) დაუვიწყარია, ვინც მშიერი დამაპურა. ხოდა, შიმშილზე მინდა მოგითხროთ.
სკოლა. თაფლაკვერი
ცუდი წლები იყო, ძალიან ცუდი, მეოთხე გაკვეთილის მერე პანტა პუნტით ეცემოდნენ ძირს ბავშვები - შიმშილისგან გული მისდიოდათ. ყველა კულინარიული მონაკვეთი ჩემი ბავშვობის წიგნებიდან სწორედ ამ პერიოდში დამამახსოვრდა, თავისით.
როგორ ჭამდნენ თითქმის მთელი თვის განმავლობაში პატარა მაწანწალა და მისი მეგობარი სტაფილოს, სანამ ავად არ გახდნენ. როგორ მოუმზადეს პატარა უსახლკარო ბიჭს ძვლის ბულიონი და კატლეტები, როგორ იპარავდა შემწვარ გუფთებს სამზარეულოს ფანჯრიდან ონავარი კარლსონი, როგორ აბრტყელებ და მაჭკატების ცომს იატაკზე პეპი და კიდევ უამრავი ასეთი. ალბათ ამ დროს ჩამომიყალიბდა კულინარიული მეხსიერება. ხოდა, მაპატიეთ, ადამიანებო, თუ თქვენი სახელები არ მახსოვს, სამაგიეროდ, ერთმანეთში არასდროს ამერევა თქვენ მიერ მოწვდილი გემრიელი ლუკმა.
სასახლეში დავდიოდი, შემოქმედ მოსწავლეთა წრეზე, არც ჯიბის ფული მქონდა, არც არაფერი, მეტროს ბილეთი მქონდა აფხაზეთიდან ლტოლვილი მეზობლის ნაჩუქარი და წიგნებით სავსე ჩანთა. იმ დღეს სახლში შერბენა ვერ მოვასწარი, პირდაპირ სკოლიდან წავედი, მშიერი ბავშვი, მეტრო, იმხანად ყველაზე ცუდი ფილმის ცუდ კადრს ჰგავდა მეტროთი მგზავრობა, უამრავი ხალხი, შენს ჯიბეში აღმოჩენილი ბაცაცა ბიჭის ხელი, ჩხუბი, ყვირილი, ხმაური - როდესაც თავისუფლების მოედანზე ამოვდიოდი, ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ცა გაიხსნა, ამიტომაც დღემდე მიყვარს პიონერთა სასახლე.
მოკლედ ამოვედი, სასახლის სვეტებისაკენ გავემართე და ბრახ.. აღარ მახსოვს, გული წამივიდა. აზრზე რომ მოვედი, კიბეზე ვიყავი ნახევრად წამოწოლილი და ვიღაც შუახნის ქალბატონის მუხლებზე მედო თავი. როცა წამოვდექი, იმ ქალმა თავისი ძველებული, ლაკის ჩანთიდან ქაღალდში გახვეული ერთი ცალი თაფლაკვერი ( პრიანიკი) ამოიღო, შუაზე გატეხა, მომიბოდიშა, ჩემს შვილიშვილსაც ეშიებაო, ნახევარი თაფლაკვერი მომაწოდა და სანამ აზრზე მოვიდოდი, სასახლის ფართო და ლამაზ კარს მიღმა მიიმალა.
ღვეზელები კომბოსტოთი
ავჭალაში ბაღი გვქონდა - მამას დარგული ხეები, დედას მოყვანილი ბოსტნეული, ბაბუას გაშენებული ვაზი.
იმ საშინელ, შიმშილობის და ობლობის დროს ამ ბაღმა გადაგვარჩინა.
ხოდა, იმ დღესაც იქ ვიყავით, ადრიანი გაზაფხული იყო, დედამიწას აფხვიერებდა, დათესვისათვის ამზადებდა, პატარა ხეებს გაყინვისგან დასაცავი პარკებიც შემოვაცალეთ, უხვად რომ იყვნენ შეფუთულები. ეზო გავწმინდეთ, მოკლედ ათასი საქმე გავაკეთეთ და მოგვშივდა.
დედას საგზალი წამოღებული ჰქონდა, პურის ნაჭრები და ჭანჭურის ჯემი, მახსოვს , ძალიან ციოდა, ჯერ ისევ სუსხიანი ზამთრის მოქნეული კუდი თუ ყინვა - მათრახები... ჩაის ადუღების საშუალება არ იყო, მოკლედ, მოვემზადეთ ჩვენი ცივი ტრაპეზისთვის და უცებ, ეზოს ჭიშკარში ჩვენი მეზობელი, ოსი ქალი შემოვიდა, ხელსახოცგადაფარებული თეფშიდან რძესავით იღვრებოდა ორთქლი - ხელსახოცის ქვეშ კი ცხელ-ცხელი კომბოსტოს ღვეზელები თვლემდნენ.
არასდროს მეგონა თუ კომბოსტოს ღვეზელი ასეთი გემრიელი შეიძლება ყოფილიყო.
( იმ მეზობლის სახელი კი, სამწუხაროდ, არ მახსოვს, არც კომბოსტოს ღვეზელი მიჭამია მას მერე.)
ხევსურეთი
ხევსურეთზე ბევრის მოყოლა შემიძლია, ესპედიციაზე, „სგუშონით“ დამტკბარ ყავაზე, არღუნის წყალში მოხარშულ წიწიბურაზე. მერე არდოტის ერთადერთ დიასახლისთან მირთმეულ ახალგამომცხვარ პურსა და ერბოზე, მუცოში დაიაურების გამასპიძლებაზე, ბოლო დროინდელზეც შემიძლია მოვყვე, როცა დათვიჯვრის უღელტეხილს გადმოვივლით ხოლმე და იგავმიუწვდენელ ხაჭაპურებს მოგვართმევს ჩემი მეგობრის, გიორგი არაბულის ულამაზესი დედა...
მაგრამ ერთი კადრი მაინც ყველაზე ნათლად მახსოვს.
დაღლილი და გასავათებული მშიერი სტუდენტები,ფეხით გავლილი კილომეტრები და მთის მწველი მზე...სოფელი ხახაბო, სადაც გვეგონა, რომ არავინ სახლობდა,და იმ სოფლის ერთ ერთი სახლის მოხუცი დიასახლისის მოწოდებული უგემრიელესი ფხლოვანები, იქვე გზად, ჩრდილში და ხევსურული, გარდაცვლილთა წყაროს კამკამა წყალი.
P.S.
პირველკურსელი ფილოლოგები რომ ვიყავით და ქართული სიტყვის ფონეტიკური შემადგენლობითა და ეტიმოლოგიური ძიებებით ვერთობოდით, ქეთომ, ჩემმა მეგობარმა საინტერესო რამე თქვა, თუ ლექსში დაწერა, ზუსტად აღარ მახსოვს -ზმნა „გამეტება“ ნიშნავს, რომ გაიმეტებ ( ვინმესთვის რამეს) გაგიმეტდებაო, მეტი გახდება, მარცვალი ზვინად გექცევაო, ახლა გამახსენდა და მომეწონა ეს აზრი.
ხოდა, საკუთარი შიმშილის დანაყრებამდე, სხვების შიმშილის მოკვლა სჯობს, შიმშილის - ამ ასთავიანი დევის.