I - შაკო ბრეგაძე 16 წლის; თბილისის სკოლა „ ალბიონი “ .
პასუხისმგებლობა ხაჭოთი იწყება
სუპერმარკეტებში შედარებით გრძელვადიანი პროდუქტები დახლის სიღრმეში აწყვია ხოლმე. მეც, როცა კი რამის (განსაკუთრებით კი, რძის პროდუქტების) მოსატანად მიშვებენ სახლიდან, ვცდილობ, რაც შეიძლება მიმალული შეფუთვები გადმოვიღო. ეს საქციელი ჩემი მხრიდან გარდა იმისა, რომ იმაზე ზრუნვაა, თუკი, დავუშვათ, ხაჭოს ჭამა რამდენიმე კვირა გამიგრძელდა, არ გაფუჭდეს, სუპერმარკეტის პროდუქციის ჩაწოლისკენ გადადგმული ნაბიჯიცაა.
ვთქვათ და მაღაზიაში კვირის განმავლობაში ხაჭოს საყიდლად შესული 12 მყიდველიდან, ყველა ჩემნაირად მოიქცა, სუპერმარკეტში, წინა რიგებში დარჩენილი ხაჭოს პაკეტები კი, რომელთაც ვარგისიანობის ვადა უკვე ხვალ გასდის, იქ დარჩა ხელუხლებელი, ამხელა მაღაზიათა ქსელი ვალდებულია, რომ ვადაგასული პროდუქცია არ გაყიდოს და შესაბამისად დარჩენილი ხაჭო ფაქტობრივად გადასაყრელია. არადა, იმ 12 მყიდველიდან, რომლებმაც ხაჭო იყიდეს, ყველას რომ შედარებით ნაკლები ვადის პროდუქტი ეყიდა, ყველაფერი რიგზე იქნებოდა, იმიტომ, რომ ძნელია წარმოიდგინო, რომ 200 გრამ ხაჭოს სამი დღის განმავლობაში ჭამ, თუკი მართლა სურვილი გაქვს ჭამის და ყიდვის მიზანიც ესაა. დარჩენილი გრძელვადიანი პროდუქცია კი მოთმინებით დაელოდებოდა შემდეგი კვირის 12 მყიდველს.
ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ მომავალზე და ამ მომავალში ვუშვებთ ისეთ აბსურდულ შესაძლებლობებს, როგორიც 200 გრამი ხაჭოს ორი კვირის განმავლობაში ჭამაა. მომავალი კი შეიძლება, საერთოდ არ დაემთხვეს ჩვენს მიერ წარმოდგენილს. ამ ყველაფრით კი იმის თქმა მინდა, რომ ადამიანის მიერ საკუთარი პრევენციისთვის გადადგმული ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება, სხვა ადამიანს ავნოს, არაფერია, გარდა ეგოისტური ქმედებისა. ჩვენ სახლში მიგვაქვს ხაჭო, რომელიც 10 აპრილამდე არ გაფუჭდება და სხვას ვუტოვებთ იმას, რომელიც 30 მარტს უკვე უვარგისი იქნება.
რა თქმა უნდა, ეს მაგალითი არ არის მოწოდება იმისა, რომ სუპერმარკეტები პროდუქციის ჩაწოლისგან ვიხსნათ. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ადამიანის პრობლემა არის ყველაფრის, რაც კი მის გარშემოა, მხოლოდ და მხოლოდ მისსავე თავზე აგება, მორგება. ყველაფერს ვუყურებთ მხოლოდ ჩვენი გადმოსახედიდან.
ის, რომ ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ და არა მარტო იმაზე ვიფიქროთ, რამდენი ხანი შევჭამთ რამეს (როცა არსებობენ ადამიანები, რომელთაც საკვები საერთოდ არ აქვთ), შეიძლება, ელემენტარული თავგანწირვაც იყოს. როგორც, დავუშვათ, სხვისთვის წყლის მიტანა ან ასე შემდეგ. ყველაფერი, რისთვისაც შენ ხარჯავ შენს ენერგიას, ყველაფერი, რასაც აკეთებ არა საკუთარი, არამედ სხვისი საჭიროებისთვის, რომლითაც შენ არაფერი წაგადგება, იმიტომ, რომ სხვისთვის წყურვილის მოკვლით, შენ ვერ გაისველებ პირს. შენ იმ წყალს, რომელიც შეგიძლია, თვითონ დალიო, აძლევ სხვას. ეს, ჩემი რწმენით, ელემენტარული თავგანწირვაა, რომლის გაკეთებაც ყველას შეუძლია.
ალბათ, ზუსტად პასუხისმგებლობაა, რისიც ადამიანს ეშინია. ჩვენ არ გვინდა დაგვაკისრონ მოვალეობები, რომელთა შესრულებაც უცილობლად მოგვიწევს და თუკი მოხდა ასეთი საშინელება, გავურბივართ მათ. ჩვენ პასუხიხმგებლობას მხოლოდ საკუთარ თავზე ვიღებთ. უფრო სწორად, იმაზე თუ როგორ გვეყოლება საკუთარი თავი, ხოლო არქაივის სიმღერის არ იყოს, პირადი პასუხისმგებლობა, ან მოქალაქეობრივი, საზოგადოებრივი მოვალეობები არ გვაინტერესებს.
ხაჭო კი გაფუჭდება, სუპერმარკეტში პროდუქციაც ჩაწვება, ყველაფერი შეიცვლება, ხეებიც გაიზრდება და თუ არ გაიზრდება, გახმება, მაგრამ თუ პირადი პასუხისმგებლობა არ გვექნება, ყველაფერი მაინც ისევ ისე მოგვეჩვენება.
ჰოდა, ის არ მითქვამს, რომ ხაჭო საერთოდ არ მიყვარს.