თავი პირველი
„საქართველოს სპილენძი აღარა აქვს, - ვთქვი და გადავწყვიტე: hg- უნდა ვიპოვნო”.
ვიცოდი, რომ ალაზნის სათავეებში - მაღალი ბორბალოს ნაოჭებსა და კალთებში - დაგროვილია ყვითელი ჯავარი, რომელიც უთვალავ საუკუნეთა განმავლობაში მზის ნახვას და გადადნობას ელოდებოდა. გადავწყვიტე და ორი დღის შემდეგ კახეთი გადავჭერი.
- საით მივდივართ, ძმობილო? - ვკითხე ჩემს მეგზურს.
- იქით, შენი ჭირიმე მე. - მიპასუხა ახმეტელმა ნაჩაფრალმა და ჩრდილოეთისკენ გაიშვირა გაქონილი თითი.
ცხენები დავძარით და პირი კავკასიონის თეთრი ნაბდებისკენ ვიბრუნეთ.
შავი ტყით მობურულ შახვეტილას, გომბორს და ნაქერალას კახეთის გაშლილი კალთები კბილებით და კლანჭებით ჩაუბღუჯავთ.
ცხადი გათავდა და ლეგენდა დაიწყო: ჩვენი ლაშქარი პირუკუღმა დაჭედილი ბედაურებით, აგერ ის ბახტრიონი რომ გამოჰგლიჯეს შაჰინ-შაჰს ამგვარი ხერხით. მაძღარი თუშები, თავიანთი ნასუქი ყოჩებივით რომ გაფუვებულან. ვაჟა-ფშაველები, გაპოხილი მიწის საძებნელად არაგვიდან ალაზნისკენ რომ გადმოულაჯიათ. ტანით და სულით ასვეტილი ქისტები, რუს-კაზაკებს რომ პირაქეთ გადმოუყრიათ. დღესაც აბჯარ-დაშნა-ჩაფხუტით შეჭედილი ხევსურები, ჯერჯერობით ჯაჭვის ხანაში რომ დაბორიალებენ, და თვალცეცია, გრძელ-ჯუბა ჯაყოები, ჯავიდან რომ ჯავარიანი პანკისის უბეში შეხიზნულან.
აქ ყველანი და ყოველივე ზღაპრისა და ლეგენდის ბადით შეხავსულა: დიდი ბუჩქის ძირში ბუნდოვანი მითი ჰფუსფუსებს, პიტალო კლდეზე რაინდული არაკია გაკრული, ხოლო გარანდულ ხეებსა და გალიპულ ქვებზე ჟანგიანი ლურსმანით გალექსილი ეპოსია ამოჭრილი.
კლდოვან ქვაბებში ცალთვალა დევები სცხოვრობენ, ხოლო ღრმა ხევ-ხუვები სავსეა კუდიანი ილბისებით, ტიტველი ალქაჯებით, ოქროსთმიანი მიონებით, რქოსანი ღვირღვებით და ბანჯგვლიან ეშმებით, - ქუსლები რომ წინ აქვთ წამოყრილი, პირიდან რომ ცეცხლსა ჰყრიან და თავისივე დაჩვრეტილ მკლავებზე სალამურსავით რომ უკრავენ.
მთების ფერდებზე საქონელი და ცხვარი ისე შეფენილა, თითქო მწვანე ხალიჩებზე ჭრელ-წითელი ლობიო და დახალული სიმინდი გაუბნევიათო. უღრანი ტყეები ალაგ-ალაგ შეუკორტნიათ, შეუკრეჭიათ, შეუპარსავთ. ხშირად მოსჩანს შენაცრული ყავარი, მინგრეული ნიში, დაგლეჯილი კოშკი, საქათმის-ოდენა წისქვილი, კვამლის სვეტი და აპენტილი სოფელი.
კოკიანი დედაკაცები - თუ მათი მამაკაცები არ მოსჩანან - გაშლილი ღიმილით გვიხვდებიან და თამამი სიტყვა-სიცილით გვაცილებენ. თვალჟუჟუნა ბალღები ჯოხებს გვიქნევენ და ჟივილ-ხივილით მოგვდევენ. ძაღლის-ოდენა ძროხები გაოცებით გვიცქერიან, ხოლო იქაური ძროხის-ოდენა ძაღლები ვიწრო ხეობას ყეფით აყრუებენ და უნაგირებიდან ჩვენს გადმოთრევას ლამობენ. იმ ძაღლებს ჩვენ საშველად ხუთნაირი ხალხი მოსდევს - ქვებით, კომბლებით და ყვირილით: ხან ფშაველი, ხან თუში, ზოგჯერ ოსი, ხან ქისტი და ხან ხევსურიც.
ოდნავ გვაცილებენ და გვეკითხებიან:
- ქადამჩაუ?
- სადაური იქნები?
- ვინ ხარ, ძმობილო?
- საად მიბძანდები?
მეც თუშეთის მთებისკენ ვიშვერ ხელს და ვეუბნები:
- იქით... ალაზნის სათავისკენ.
მართლა ალაზნის სათავისკენ მივდიოდი. ხურჯინში ჰაბიხის გეოლოგია, ხელსაწყო და დიდი რუკა მედო. ხოლო გულში - იმედი სპილენძისა და მოწყალე ბედის პოვნისა.
ღამე პანკისში გავათენე. მეორე დღეს ომალოს გავცდი, მახილ-ხორჯაში დავიღამე და მესამე დღეს ისევ გზას შევუდექი.
ხეობა დავიწროვდა, ხოლო ალაზანი ისე დაილია, რომ მისი ჩიფჩიფი ძლივს-ღა ისმოდა. ისევ წყლის კალაპოტს მივდევდით და ბორბალოს მწვერვალს შევცქეროდით, რომელიც უზარმაზარ მწვანე ტალღებში საარაკო თეთრი კანკელივით მოსჩანდა. შემდეგ მარცხნივ გადავუხვიეთ.
გზა ჯერ გაბილიკდა, მერმე ისიც წაიშალა და დაიკარგა. ხელუხლებელი ტყე გაუღრანდა, დამუნჯდა, ბინდ-ბუნდში ჩაწვა.
აღარც სოფელი, აღარც ჩქამი, არც სულიერი.
- ძმობილო, გზა ხომ არ აგვერია?
- დასწყევლოს ღმერთმა! - ჰბუტბუტებს ნაჩაფრალი. - ბარე ხუთჯერაც ვყოფილვარ ამ ტიელ ტყეში. ეხლა კი...
ეხლა კი ხან იკუზება, ხან უნაგირზე დგება, ზოგჯერ ცხენიდან ჩამოდის და სადღაც ჯურღმულში იკარგება. მერმე მეორე მხრიდან მაჩვივით ამოდის მიწიდან, თავს იქექავს და ნაკვალევს ეძებს, მაგრამ ამაოდ: არც ადამიანის ნატერფალი, აღარც ქაშანი, არც ნადირის ნაფეხარი.
მზეს შევცქერით და გეზი ჩრდილო-დასავლეთისკენ მიგვაქვს. მაგრამ აუვალ ფერდობებსა და ხევ-ხუვებს დასავლეთისკენ მივყევართ. და დაღვარული ცხენებიც ძლივს-ღა მოათრევენ მოწყვეტილ ფეხებს. ხან ერთი წაიჩოქებს, ხან მეორე წაიბორძიკებს.
მზე დასავალს იყო, რომ ერთ ღრმა ხეობაში ჩავედით.
- რა ვქნა, ეს მგონი ხევის-ჭალა უნდა იყოს. - ამბობს ჩემი სანჩო-პანჩო. - დასწყევლოს ღმერთმა, ეს სად გამოვედით!
- ეხლა საით უნდა წავიდეთ?
- აბა რა ვიცი!
არც მე ვიცი. ეშმაკსაც წაუღია შენი თავი, ნაჩაფრალო! სოფელს მაინც წავაწყდეთ და ღამე ჭერ-ქვეშ გავათენოთ.
მშიან. საგზალი არ წამოვიღეთ. სადღაც თუშებთან ვაპირებდით მომარაგებას. წყალი დავლიეთ და მეოთხე თუ მეხუთე გოლგოთას შევუდექით.
თხემზე რომ ავედით, გაოცებულნი შევდექით.
ჩამავალი მზე ვით ფრთა-გაშლილი, უზარმაზარი, წითელი არწივი მიექანება უთავბოლო სივრცის გადაღმა. ირგვლივ - უსაზღვრო, უდაბური, მწვანე ოკეანე მთების,