ნაწილი პირველი
I
- გამ...მმარჯვება, ჯაყო!
- ნათლია კნიაზს გახლავარ!
- კაცო, სადა ხარ, სად და...დდაიკარგე?
და ნათავადარი თეიმურაზ ხევისთავი ღიმილით და ხელგაშლით გადაეღობა თავის ნახიზნარსა და ნამოურავალს - ჯაყო ჯივაშვილს,რომელმაც ძველადვე ნაჩვევი ხელით ოსური ქუდი მარდად მოიშვლიპა, უცნაურად დაიჭიხვინა და თავისი ნაბატონევის ორივე ხელი, - დამდნარი, დონდლო და უძვლო ხელები ბუმბულზე გაზრდილ და წიგნებით შეჭმულ თეიმურაზ ხევისთავისა უმალვე თავის დათვურ თათში ჩაიმალა და ჩაიბღუჭა.
სალამის შემდგომ ბეცმა თეიმურაზმა ოდნავ უკან დაიხია. მარცხენა ხელით სათვალეები შეისწორა, მარჯვენა ხელის სალოკი თითი მაღლა ასწია, გოლიათ ოსს ქვევიდან აჰხედა და გაიკვირვა:
- საკ... კკკვირველია!.. საოც... ცცარია! როგორ გადიდებულხარ, ჯაყო, როგორ გასუქებულხარ!
ჯაყომ ცალის ხელით დოინჯი შემოიყარა, ცხენის კბილები გააელვა და დაიჭიხვინა:
- მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!
მისი ნაჭიხვინევი მთელმა ქუჩამ გაიგო. მავალებმა მოიხედეს, იმ ორ ადამიანს აჰხედ-დაჰხედეს და გაიღიმეს.
***
ჯაყო ჯივაშვილი ქალაქში შემოვარდნილ დათვს ჰგავდა. დედაბოძივით სქელი და გაჩაჩხული ფეხები ძლივს იმაგრებდნენ უშნოდ და ისე განივრად დადგმულ თეძოებსა და მხარ-ბეჭს, რომ ვიწრო ტროტუარი მარტო ჯაყოს ძლივს იტევდა.
რამდენიმე ნაჭრილობევით დასერილი თავი და პირსახე ისეთი შავის, ხშირისა და აბურძვნილის ჯაგრით ჰქონდა შემოსილი, თითქო ჯაყოს ბეჭებზე კუპრში ამოვლებული უუზარმაზარი ზღარბი აცოცებულიყოო.
შავი ჯაგრის ბუჩქნარი თვალებამდე სწვდებოდა და იმ ჯაგნარიდან მხოლოდ ხარის თვალებს, წინ-წამოყრილ ცხენის კბილებსა და აჭყლეტილ ცხვირს ამოეყოთ თავი.
ერთი მტკაველის სიგრძე ულვაშები გადმობრუნებულ ჯამებივით გამოყრილ ლოყებზე გაცვეთილ ცოცხებივით ეყარნენ, ხოლო იმ ჯამებს დინჯად და მედიდურად ლამბაქების ყურები დასცქეროდნენ.
შუბლი დაბალი და ჩაზნექილი ჰქონდა; ცხვირი - მოკლე და აჭყლეტილი; თვალები - მსხვილი კაკლის ოდენა და ამოყრილი, თანაც ცოცხალი და ცუღლუტი, მოელვარე და მოუსვენარი; თვალებს ზედ დასწოლოდა დაბურვილი, ხშირი და გრძელი წარბების ლარი, რომელიც მაღალსა და წინ-წამოვარდნილ კვინიხზე შუაზე გადატეხილიყო.
თავთ ეხურა ყავისფერი ოსური ნაბდის ქუდი, ტანთ ეცვა ოსური შალის გაპოხილი ჩოხა, ხოლო ფეხებზე - ხალვათი პაიჭები, თათრული ჭრელი წინდები და ახლად ნაყიდი დაბახანური ჩუსტები.
ერთი ადლის სიგრძე და ვერცხლით შეჭედილი თეიმურაზის პაპისეული ხანჯალი ტლანქსა და ბეჭგანიერ გოლიათს ხალვათ სიარულისთვის თეძოზე ჩამოეკიდნა.
ჯაყოს ერთ ხელში რკინით ნაჭედი მაჯის სისქე კომბალი ეჭირა, ხოლო მეორე იღლიაში ჭედილა - ცხვარი ამოეჩარნა, რომელიც ისე ადვილად მიჰქონდა, თითქოს ის ცხვარი ვარიაზე მძიმე არ ყოფილიყოო. ბეჭებზე რუსული თოფი ჰქონდა გადაგდებული, გულმკერდსა და წელზე სამი სავაზნე ჰქონდა შემორტყმული, ხოლო თეძოზე გრძელი მაუზერი ეკიდა.
ნაბატონევი თეიმურაზ ხევისთავი თავის ნამოურავალს იღლიამდე ძლივს სწვდებოდა. თეიმურაზი უმზეო ყვავილივით ნაზი და ლამაზი იყო, ნატიფად ასხმული და ნაქანდაკევი, მაგრამ გამხდარი და გაძვალებული, მხრებაყრილი და მკერდჩავარდნილი, ბეცი და მელოტი, გაფუფქულ ქათმის მინამგვარი, მწიგნობრობით დაღლილი, დაშრეტილი, გამოწურული და დამდნარი ნაკაცარი, რომელსაც მომავლად თვალწინ მხოლოდ შავი ნისლი ჰქონდა აფარებული, ხოლო ყველაფერი, რაც კი ოდესმე გააჩნდა, წარსულში ჰქონდა დარჩენილი: ტკბილი მოგონებანი, საერთო პატივი, მეგობართა სიყვარული, მუდმივი მოლოდინი უცნაურ მომავლისა და მარადიული დევნა ბუნდოვან ლანდებისა.
თეიმურაზ ხევისთავი ლბილისა და ჩუმის ხმით, ტაატით და ბორძიკით ლაპარაკობდა:
- საკ...კვირველია! - ერთხელ კიდევ წაიჩურჩულა თეიმურაზმა და ორივე ხელით ჯაყოს მორგვის მკლავს ჩამოეკიდა: - როგორ გამოცვლილხარ! წამო, ჯაყო, წამოდი ჩემთან. აქვე ვ...ვდგევარ. მარგოსაც ძალიან გაუხარდება შენი ნახვა. ხომ წამოხვალ, ჯაყო?
- წამოხვალ, შენი წირი მე, რატომ არ წამოხვალ!
- მართალია, წინანდებურად ვეღარ დაგიხვდები. მაგრამ, ხომ იცი, ყველი და პურიო, კეთილი გულიო.
- წამოხვალ, შენი წირიმე, ეხლავე წამოხვალ! - კვლავ როყიო ხმით ახვიხვინდა ჯაყო. - ჩემი კნიაზი ისე არ გაღარიბდება, რომ ჯაყოს ვერ დავუხვდებოდე.
თეიმურაზმა ხმა უფრო დაიმდაბლა:
- ოჯახი დადნა, ჯ...ჯჯაყოჯან, დადნა! ცხოვრებამ ყველანი დაგვადნო.
- ნათლია მარგო როგორა ხარ?
- კარგად ვერ არის. ისიც დნება და ილევა. აი, შენ თვითონვე ნახავ. ნათლია მარგოსაც ესიამოვნება შენი ნახვა. ბარემ ხ...ხხუთი წელიწადიც იქნება, რაც მარგოს არ უნახავს შენი თავი. იქნება ვერც კი გიცნოს, რადგან მეტის-მეტად გა...მმოცვლილხარ. - მერმე მიიხედ-მოიხედა და ხმას ჩურჩულამდე დაუწია:
- მართლა, ჯაყო, კნიაზს ნუღარ მ...მმეძახი, თორემ... ხომ იცი... ვინ იცის, რას იტყვიან.
ღვინით შებრუჟებული ჯაყო შესდგა და უარესად აყვირდა:
- ფეხებზე გკიდია ჯაყოს ყველანი! რაც გინდა, ის იტყოდეს! შენ ჯაყოს ნათლია კნიაზი ხარ, მარგოც ნათლია კნეინა ხარ. დანარჩენი ჯაყოსა ფეხებზე გკიდია! არავისიც არ გეშინია