ამირანდარეჯანიანი -
კარი პირველი
აბესალომ ინდოთა მეფის ამბავი
იყო ინდოთ მეფე აბესალომ, მორჭმული და განგებიანი, და არა იყო შეჭირვება გულსა მისსა. ესე იყო წესი მისი: ედგა ასი ავაზა და ექვსასი ქორი, თეთრი და მწყაზარი, ჰყვა სამი ათასი დიდებული. ორშაბათსა, სამშაბათსა და ოთხშაბათსა, ამას სამსა დღესა, უჴმის ათას-ათასი დიდებული და გასცემდის საბოძვარსა საზომისაებრ, რაცა ვის ჰხვდებოდა. ამას განსვენებასა და დიდებასა შინა იყვის სიხარული და გამოსვენება. ხუთშაბათსა, პარასკევსა და შაბათსა ნადირობდის და გაისვენებდის, კვირიაკესა დღესა დაჯდის და სამეფოსა საქმესა განაგებდის და სამართალსა უზემდის ციხეთა, ქალაქთა და სოფელთა ყოველთა.
ერთსა დღესა ბრძანა ნადირობას განსლვა. გავიდა და ინადირა სანადიროსა კარგსა. მოვიდა შინა, მხიარულმან დიდი პურობა გარდაიჴადა და მნახავთა მადლი უბრძანა, ვითა კარგთა სანადიროთა შიგან მანადირეთო. კვლავ უბრძანა: აწ, ჩემსა მზესა, წადით და ახლოს ნადირი მომინახეთო. წავიდეს მნახავნი და ეგზომი ნადირი პოვეს, რომელ ანგარიში არა შეეგებოდა. ერთი ქურციკი ნახეს, რომელ რქანი ესხნეს ოქროჲსა ფერნი, თვალნი და ჭლიკნი − შავნი, და მუცელი − თეთრი და ზურგი − ძოწეული. შევიდა მნახავი და მოაჴსენა მეფესა მითვე სახითა, ვითარცა ენახა. გაეხარნეს მეფესა და უბრძანა დიდებულთა: ამას კაცსა საკვირველი ნადირი უნახავს, აწ მისი უნახაობა ჩვენგან არ ეგების და, ვინათთგან ესრეთ საკვირველი არის, მნებავს, რათამცა მთელი შევიპყრათო.
გაიყარა ნადიმი და შეეკაზმეს მეფე და ყოველნი დიდებულნი მისნი, წინა წარიძღვანეს იგი კაცი და მივიდეს მას მინდორსა შინა. ნახეს იგი ქურციკი მით სახითა მასვე ადგილსა. ბრძანა მეფემან: აჰა მალე, აბა, ყოველმან კაცმან ცხენები შეუტევეთ და სიკვდილსა ეკრძალენითო. შეუტევეს ცხენები და წავიდა ქურციკი იგი. არბივეს დღისა სავალი და მოსწყდა სხვა კაცი ყველა, მეფე და სამნი სხვანი დიდებულნი შერჩეს და არბივეს, ვიდრე მწუხრამდის შვიდისა დღისა სავალი: ვერცა მიეწივეს და არცა მოსწყდეს.
ადგილსა ერთსა მივიდეს კლდოვანსა. ჩაეხვეწა ქურციკი და უჩინო იქმნა. ოდეს დახედნეს ქვეყანასა, ვერასადა ცნეს და ვერცა ნახეს ქალაქი და ვერცა სოფელი, ვერცა იგი ნადირი. ქვეყანა უცხოდ აუჩნდათ; არა უწყოდეს, სადამცა წავიდეს. მიხედნა მეფემან და ნახა სახლი ერთი ქვითკირისა. გაუკვირდა და თქვა: რა არის ესე სახლი ამა უკაცურსა ქვეყანასა? შევიდეს და ნახეს: იყვნეს ცალ კერძო ჭაბუკნი სამნი დაწერილნი და შუა მათსა − სახე ქალისა, რომელ კაცისა თვალსა ეგეთი არა უნახავს რა. ერთი დიდი კაცი იყო, შვენიერი ჭაბუკი, ჯაჭვი ეცვა ტანსა და ჴრმალი ჴელთა ჰქონდა, ზედა ესრე ეწერა: “მე − ამირან დარეჯანის ძე და ყმა ჩემი სავარსიმის ძე, ბადრი იამანის ძე და ყმა მისი ინდო ჭაბუკი, ნოსარ ნისრელი და ყმა მისი ალი დილამი. ოდეს ქაჯნი დავჴოცენით და ზღვათა მეფისა ასული გამოვიყვანეთ, ამას ადგილსა მოვედით და ყოველი არაბეთი ზედა მოგვიჴდა. მაშინ არ ავად ვიყვენით”.
ოდეს გარე მოიხედნეს, მარცხენასა მჴარსა იგი სამნი ჭაბუკნი ეწერნეს. გამოვიდეს სახლისაგან და მინდორშიგან ძვალი იდვა, კაცისა და ცხენისა, და საჭურველისა ნალეწი, რომელ კაცისა თვალსა ეგეთი არა უნახავს. გაუკვირდათ მეფესა და დიდებულთა, თქვეს: ვინ ყოფილან ესე ჭაბუკნი, ანუ რომელსა ჟამსა? ჰგავს, რომელ იგი ერთი პატრონი ყოფილა იმა სხვათაგან. რომლისამე ქვეყანისანი ყოფილ არიან? − ამას იტყოდეს და ამბავსა ვერასა სცნობდეს.
წამოვიდეს და ძლივღა გამოაგეს გზა. მეშვიდესაღა დღესა სამეფოსა სახლსა მოვიდეს, შემოკრბეს დიდებულნი და ნახეს მეფე დაღრეჯილად. შეჭირვება შეჰქმნოდა ამა ამბისა უცნობლობისათვის. არცა შექმნა პურობა და არცა გავიდა ნადირობასა, არცა გარდაიჴადა ნადიმი.
და გაითქვა ყოველსა ქვეყანასა შინა, ვითა: მეფესა სახლი რამე უნახავს და შეჭირვება შეჰქმნიაო. ზოგნი ზოგსა მიზეზსა იტყოდეს და ზოგნი ზოგსა.
მაშინ შევიდა ვაზირთა-უხუცესი და მოაჴსენა: ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! ვიცი, რომელ დიდსა კადნიერებასა ვიქმ, მაგრა რა მეწევის მოჴსენებისაგან კიდე? თუ გასწყრე და თავი მომკვეთო, ესე სიხარული არის ჩემი, ამისთვის რომელ მოვკვდე და თქვენ ეგრე შეჭირვებულსა არა გხედვიდეო.
უბრძანა მეფემან: თქვი, ჯაზირ ვაზირთ-უხუცესო, შენ დაკლებულსა არას იტყვიო.
მოაჴსენა: ცხოვნდი, მეფეთ-მეფეო, უკუნისამდე! ოდეს ბრძანეთ და მის ქურციკისა ნადირობად გახვედით, მუნითგან შეჭირვებულად ხარ, არცაღა გასულხარ ნადირობად, არცა გარდაგიჴდია ნადიმი. ყოველი ერი ურვასა და შეჭირვებასა შინა არის ამის საქმისათვისო.
უბრძანა მეფემან: ამის საქმისათვის შეჭირვება ვიცი და გამიგონია, ვაზირთ-უხუცესო, რომელ ვიქმ უბადოსა და ბედითისა საქმისათვის შევიჭირვებ, განა შეჭირვებასა წინა ვერა აღუდგები. − და ეგრე უბრძანა: კაცნი ვნახენ ქვითკირისა სახლსა შინა უკაცურსა ადგილსა, ჭაბუკნი ექვსნი დაწერილნი, მათ შუა