სულხან-საბა ორბელიანი
ორბელიანი სულხან-საბა, 24. ხ. (3. XI). 1658, სოფ. ტანძია, ახლანდელი ბოლნისის რაიონი — 26. I (6. II), 1725, მოსკოვი. ქართველი მწერალი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე, შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი; მამა, ვახტანგი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო; დედა, თამარი, - ზაალ არაგვის ერისთავის ასული. ს. ს. ორბელიანს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა თავის მამიდაშვილებთან - ვახტანგ V და ქართლის მეფე გიორგი XI შვილებთან.
სულხან-საბა ბავშვობიდანვე ჩაება სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში. იყო ირან-ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის ერთ-ერთი თავკაცი. საქართველოს შინაური არეულობის გამო, რეპრესირებული ს. ს. ორბელიანი იძულებული გახდა გასცლოდა ქართლს და, როგორც ჩანს, პოლიტიკურ მიზეზთა გამო, საბას სახელით ბერად აღიკვეცა დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებით ორბელიანმა კათოლიკური აღმსარებლობა მიიღო.
სულხან-საბა ორბელიანის განმანათლებლური მოღვაწეობა, მწერლობის აღორძინებასთან ერთად, მიზნად ისახავდა სამეცნიერო დარგების განვითარებას. ენციკლოპედიურ ელემენტებს შეიცავს მისი ”ქართული ლექსიკონი” (”სიტყვის კონა”, 1685 – 1716), რომელიც იმ დროისათვის მოწინავე მეთოდოლოგიით გამოირჩევა. მასში ასახულია ქართული სალიტერატურო ენის, კერძოდ, ლექსიკის განვითარების ძირითადი ეტაპები, გაბედულად შემოაქვს ცოცხალ, სასაუბრო მეტყველებაში დადასტურებული ენობრივი ფაქტები.
ს. ს. ორბელიანის ორიგინალურ თხზულებათაგან უმნიშვნელოვანესია იგავ-არაკთა კრებული ”სიბრძნე სიცრუისა” (1686 – 1695 წწ.). იგი თავის იგავებში ძირითადი იდეური მიზანდასახულობის გამოკვეთას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ რიგი იგავ-არაკებისა თვითონვე შეთხზა. მთელი მასალა შეზავებულია ეროვნული იუმორითა და კოლორიტით, გამდიდრებული მხატვრულად ზუსტი დეტალებით. ფორმით გაშლილი იგავ-არაკების სიუჟეტები თავს იყრის სწავლა-აღზრდის საკითხების გარშემო. ქადაგებს აღზრდის დემოკრატიულ პრინციპებს, აკრიტიკებს ცხოვრების მანკიერ მხარეებს, ზნეობრივ და სულიერ დაცემულობას. პოემა თარგმნილია რუსულ (1878); ფრანგულ (1888); ინგლისურ (1895); გერმანულ (1933) და სხვა ენებზე.
ქართული დოკუმენტური პროზის ერთ-ერთი პირველი და უნიკალური ნიმუშია ს. ს. ორბელიანის ”მოგზაურობა ევროპაში”, რომელიც დღიურების ფორმითაა დაწერილი. შემორჩენილია მხოლოდ საფრანგეთის, თურქეთისა და იტალიის ქალაქთა აღწერილობა.
ს. ს. ორბელიანმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებაშიც. ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი დოგმებია გადმოცემული მის სასწავლო-აღმზრდელობითი დანიშნულების თხზულებაში ”სამოთხის კარი”. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორბელიანის ქადაგების კრებულს, ე. წ. ”სწავლანს”, რომელიც გარკვეულ იდეურ კავშირს ამჟღავნებს იგავ-არაკთა კრებულთან, კერძოდ, ”სიბრძნე სიცრუისა”-სთან. მასვე ეკუთვნის ჰიმნოგრაფიული თხზულებანი; დიდი წვლილი მიუძღვის ბიბლიის შესწავლა-რედაქტირებაში. ამ მხრივ აღსანიშნავია ”ქილილა და დამანა”. მანვე გალექსა ამ კრებულში ვახტანგ VI მიერ პწკარედის სახით გადმოღებული სპარსული ლექსები. იგი ქართული ლექსის ნოვატორადაც მოგვევლინა და ერთმა პირველთაგანმა სათავე დაუდო ქართული ლექსის რეფორმაციას.
თხზ.: თხზულებანი ოთხ ტომად, თბ., 1959 – 1966.