ცხრა ქალწული
ზურაბი ვაგონიდან გამოვიდა და მიიხედ-მოიხედა. ბაქანზე არავინ იყო. არც მისი საყვარელი დაიკო ელენე და არც უძვირფასესი დედა მართა. ის მრავალჯერ დაბრუნებულა შორი მგზავრობიდან, მაგრამ ერთხელაც არ ახსოვს, რომ სადგურზე არავინ დაჰხვედროდა.
ზურაბს ოცი დღის წინათ მოსკოვში დეპეშა მოუვიდა: “ვთხოვდები. შენს დაბრუნებას ვერ მოვუცდი. მიზეზს რომ გაიგებ, უეჭველად მაპატიებ. ქორწილი ზეგ გვექნება. შემინდე. მომილოცე. გკოცნით. ელენე”.
ზურაბი გაოცდა, დაღონდა, გაბრაზდა: მისი ერთა ელენე ჯერ სტუდენტია. ერთი წლის შემდეგ ინჟინერის დიპლომს მიიღებს. ისიც ზურაბივით შრომის მოყვარეა, დარბაისელი, უჯიათი და... ასე უცბად რა მოხდა? რამ ააჩქარა, ვინ გააგიჟა? მას სიტყვა ჰქონდა მოცემული, რომ დედისა და ძმის ნებადაურთველად არ გათხოვდებოდა. საქმრო თანხმობით უნდა აერჩიათ. ახლა კი ვიღაცამ ააჩქარა, მოიტაცა, სიტყვა გაატეხინა. ნეტა ვინ არის ის ბედნიერი - ექიმი, ვექილი, აგრონომი თუ ინჟინერი?
ზურაბი კარგა ხანს შფოთავდა და ძლივს მიხვდა, რომ იმ სიშორეზე ვერაფერს მიაგნებდა, ორ დღეში ვერაფერსაც ვერ გაიგებდა. ის დეპეშა ულტიმატუმს ჰგავდა, რომელიც მას ბრმად უნდა შეესრულებინა, ან ბრმადვე უკუეგდო. ამით გაბრაზებულმა ძმამ ჯერ მოკლე პასუხი დასწერა: “სიძეს არ ვიცნობ. ვერ მოგილოცავთ. ჩემს დაბრუნებამდე მოიცადეთ”.
მაგრამ მერე ასწონ-გაზომა და პასუხისგებისა შეეშინდა. იფიქრა: თვითონაც ძლიერ კარგად იციან, რომ უჩემოდ დაქორწინება სირცხვილია, მაგრამ ალბათ დაყოვნება უფრო სახიფათოა და ამიტომ ჩქარობენ. იფიქრა, იყოყმანა და უპასუხა: ”არა მესმის რა. გაოცებული ვარ. მაინც გილოცავ გაბედნიერებას და ვცდილობ ჩემი თავი დავაჯერო, რომ საპატიო მიზეზმა აგაჩქარათ. სიძის ვინაობა შემატყობინე. ჯერჯერობით მხოლოდ შენ გკოცნი მხურვალედ. შენი ზურაბი”.
საპასუხო წერილს მოუთმენლად ელოდა. ათიოდე დღის შემდეგ დედისგან დეპეშა მოუვიდა: “საჩქაროდ დაბრუნდი. უბედურება მოხდა. მართა”.
დეპეშა ხელიდან გაუვარდა და დიდხანს იჯდა თავზარდაცემული, გაშტერებული. უბედურების ათნაირი ვარიანტი კორიანტელივით უტრიალებდა აზრად და თავის საყვარელ დედას პირველად უწოდა “ტუტუცი, გამოლაყებული ბებრუცუნა”, რომელმაც ასეთი გაუგებარი და გამაგიჟებელი დეპეშა გაუგზავნა შვილს.
“ცხადია, ელენე გარდაიცვალა” - გადასჭრა ბოლოს ზურაბმა და ისევე გამოიტირა ელენე, როგორც ოცი წლის წინათ მამის საფლავზე ტიროდა. გულში მაინც უფუჩუნებდა იმედი: იქნება არ მომკვდარა და სხვა რამ უბედურება დაემართათ. მერმე ოდნავ დამშვიდდა, კომისიონერი მოიწვია და ბილეთის ყიდვა და დეპეშის გაგზავნა დაავალა, სადაც ორადორი სიტყვა ეწერა: “მოვდივარ. ზურაბი”.
აი კიდევაც ჩამოვიდა - უჭმელობით, დარდით და უძილობით გალახული, დათენთილი, გაბრუებული. ჩამოვიდა და სადგურიდან დაჯერებული წამოვიდა, რომ ელენე მკვდარი დაჰხვდებოდა. მაგრამ იქნება ცხედარსაც ვერ მიუსწროს? ალბათ კიდეც დამარხავდნენ. ამ სიცხეში ცხედარს ექვს დღეს არ შეინახავდნენ.
ქვითინი ყელში უთრთოდა, თვითონაც ცახცახებდა, და ქუჩა რომ სავსე არ ყოფილიყო ხალხით, ცრემლს აუშვებდა და ტირილს მორთავდა.
ავტომობილი ქშენით გაჩერდა. ზურაბმა თავის ბინის კარი კინაღამ შეამტვრია, და როცა გაუღეს, მდუღარე ხმით შესძახა მართას:
- დედი!
- შვილო!
- ცოცხალია?
- ცოცხალია, შვილო, მაგრამ ვაი ამ სიცოცხლეს!
გახარებულმა ზურაბმა ჩემოდანი დააგდო, კისრიდან დედის მკლავები მოიშორა: პირველი ოთახი გაირბინა და მეორე ოთახში შევარდა. ელენე ცოცხალია! ძმას ამაზე მეტი არა უნდოდა რა.
თავით-ფეხებამდის საბანში გახვეული ელენე ლოგინში იწვა და კედლისკენ იყო მიბრუნებული. ზურაბმა მხარზე ხელი დაადო და ჩასჩურჩულა:
- ელო... გძინავს თუ გღვიძავს, ელიკო?
საბანი შეირხა, აიფურთნა და ყრუ ქვითინი გაისმა:
- თავი დამანებე!.. ნუ მაწამებ!.. გადი აქედან!
ზურაბმა დედას გადაჰხედა. მართა ცრემლს იხოცავდა და შვილს ოთახიდან გასვლას ანიშნებდა.
- გადი მეთქი აქედან!.. თავს მოვიკლავ!
- კარგი ჩემო დაიკო, კარგი. მივდივარ. დამშვიდდი. როცა დამიძახებ, მაშინღა შემოვალ, გვერდზე მოგიჯდები და, თუ შენი სურვილი არ იქნება, ხმასაც აღარ ამოვიღებ.
**
- დედი, ტირილს მერეც მოასწრებ. ახლა კი დაჯექი და დალაგებით მიამბე.
მართა მაგიდას მიუჯდა და ცრემლიანი ხმით, ქუშით და წყევლა-ვაებით უამბო ზურაბს.
მანამდის არც მართას გაეგო, ჰყავდა თუ არა ელენეს საბედო. არც ის იცოდა, როდის აქეთ გაებათ მათ საბედისწერო კავშირი. ზურაბი რომ მოსკოვს წავიდა, ერთი კვირის შემდეგ ელენემ “ის პირშავი” მოიყვანა, გაუმასპინძლდა და, როცა გაისტუმრა, დედას ჰკითხა:
“დედილო, ის ვაჟი როგორ მოგეწონა?”
“რა უშავს, შვილო, - უპასუხა მართამ, - ლამაზია, ტანადია, და არც სიტყვა-პასუხი აკლია. სხვაფრივ კი მე მისი არა ვიცი რა და ჯერ ვერაფერს გეტყვი”.
“მე თვითონ ვიცი და მე თვითონ გეტყვი, - მიუგო ელენემ. - ექიმის შვილია, ძალიან განათლებული, ზრდილობიანი, ბეჯითი და დინჯი კაცია. ალაგიც მშვენიერი აქვს