ბიოგრაფია
ჭავჭავაძე ალექსანდრე გარსევანის ძე, 1786, პეტერბურგი — 6(18). XI. 1846, თბილისი, დაკრძალულია კახეთში, შუამთის მონასტერში. ქართველი პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი. ალ. ჭავჭავაძე ბავშვობიდანვე ფლობდა რუსულ, ფრანგულ, გერმანულ, თურქულ და სპარსულ ენებს. ალ. ჭავჭავაძის ოჯახი ქართული საზოგადოებრივი კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი იყო. მის სახლში, - თბილისსა თუ წინანდალში, თავს იყრიდა მოწინავე ქართველი ინტელიგენცია და საქართველოში მყოფი ბევრი რუსი თუ ევროპელი მოღვაწე. ალ. ჭავჭავაძემ სიცოცხლეშივე მოიპოვა აღიარება. მაშინ ბეჭდვა არ იყო გახშირებული და მისი ლექსები ქუჩა-ქუჩა, სოფელ-სოფელ იმღერებოდა. მისმა სატრფილო-სალაღობო ლექსების დიდმა პოპულარობამ გარკვეული ზიანიც კი მიაყენა პოეტის შემოქმედების აღქმა-შეფასებას - XIX საუკუნის ქართული კრიტიკა მას ანაკრეონტულ თუ ეპიკურ მგოსნად სახავდა, რომელიც არად აგდებდა საზოგადოების ეროვნულ სატკივარს. ალ. ჭავჭავაძის მსოფლმხედველობა და მსოფლიო აღქმა ორგანულად არის დაკავშირებული XIX საუკუნის საქართველოს რთულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებასთან. საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვით გამოწვეული ღრმა ეროვნული სევდა მისი შემოქმედების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია და არა მხოლოდ საკუთრივ პატრიოტულ ლექსებში (”უწყალო სენმან”, ”ვისაც გსურთ”, ”ოჰ, ვით გვემტყუნვა” და სხვ.), არამედ მის სატრფიალო ლირიულ-ელეგიურ ტონალობაშიც. მის პოეზიაში სათავეს იღებს სოციალური პრობლემატიკაც (”ვაჰ, სოფელსა ამას”), - ”მდაბალთ ჩაგვრით და მტაცებლობით აღძრული გულისტკივილი” და პროტესტი სოციალური ბოროტების წინააღმდეგ. ალ. ჭავჭავაძე ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. მის შემოქმედებაში აშკარად ვლინდება ძველი კლასიკური ქართული პოეზიის, მისი თემების, მოტივებისა და პოეტიკის ძლიერი ზეგავლენა. აღსანიშნავია, რომ მის პოეზიაში იმთავითვე იჩინა თავი და თანდათან სულ უფრო რელიეფურად გამოიკვეთა ახალი ეპოქით ნაკარნახევი სულიერი მისწრაფებები და მიდრეკილება სინამდვილის თვისობრივად ახლებური რომანტიული გააზრებისაკენ (”აჰა, ჩემო ოცნებავ”, ”როს გიყვარდი”), ”გოგჩა” ხომ ქართული რომანტიკული ლირიკის შედევრთა რიგს განეკუთვნება. პოეტს დიდი დამსახურება მიუძღვის პოეტური თარგმანებით ქართული მწერლობის გამდიდრების მხრივაც. მას ნათარგმნი აქვს: ესოპეს, კორნელის, როსინის, ლაფონტენის, ვოლტერის, ჰიუგოს, პუშკინის, ოდოევსკის და სხვათა ნაწარმოებები. მასვე ეკუთვნის ნაშრომი ”საქართველოს მოკლე ისტორიული ნარკვევები და მდგომარეობა 1801-დან 1831 წლამდე.