1
ფარავანის ტბის ნაპირას, სადაც შარვაშეთის მთა დააწყდება, სანსრების გადასწვრივ, განმარტოებით მოსჩანდა კარავი, რომლის გარშემო რამდენიმე ადამიანი ტრიალებდა, ქალი თუ კაცი. სამგზავროდ ეცვათ: გზად მიმავალთ შეესვენათ აქ. კარავში მხოლოდ ქალები და ბალღები იყვნენ. ქალბატონს სარტყელი მოეშვა, გულისპირი ჩაეხსნა; მხარ–თეძოზე მიწოლილი თვალებს ლულავდა. მარჯვენა მკლავი უღონოდ გადმოეგდო ხალიჩაზედ. მის დაღონებულ სახეს და მოდუნებულ ტანს თუ ხელს ვეღარ უხდებოდა ვერც მელევანდი მოელვარე, ვერც გულისქინძისთავი, ძვირფასი ბეჭედი, თუ საყურე ფასდაუდები: მხიარულად მოციმციმე სამკაული უფრო მკაფიოდ ჰსახავდა ღრმა ნაღველს მათის პატრონისას. კარავში ორიც სხვა დედაკაცი იყო. ისინი მისხდომოდნენ მიწოლილ ბავშვებს, სდარაჯობდნენ მდუმარედ მათს ძილს მღელვარეს.
– ნენე, ჩაეძინა ბაგრატს? – ჰკითხა ნელის ხმით ქალბატონმა.
– ჩაეძინა, როგორც იყო. ძილი უკრთება: გონებაში ჩავარდნილი ბალღია, ჰხედავს გარემოებას და ღელავს, – მიუგო დედაკაცმა დაბალივე ხმით.
– აბებურა კი, ვენაცვალე, იმდენად ვერა გრძნობს გაჭირვებას: არ ესმის პატარას. მაინც ჟინიანობდა გზაზედ, თავისებურად ვერ მხიარულობდა. მალე ჩაეძინა დაღლილს; ღრმა ძილი არც ამას მოსდის, – მოახსენა მეორე ძიძამ.
– ადარნასე?
– ადარნასე თავის მამასთან იქნება: თავისი თავი დიდი ჰგონია, მარაქაში გასარევი, და ვაჟკაცებს არა ჰშორდება.
დედაკაცს კიდევ რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ქალბატონმა ტუჩებზედ ხელის მიფარებით ანიშნა, დაჩუმებულიყო, ბავშვები არ დაეღვიძებინა.
ქალბატონი ერთხანს თვალღია იყო გარინდებული, მერმე ჩახუჭა თვალები, ჩაეძინა. ვერ დაუმშვიდა ძილმა სახე: შუბლი ისევ შეჭმუხვნილი დარჩა, ლოყებზე შიგადაშიგ ისევ გადურბენდა სწრაფი რამ მოძრაობა; მხოლოდ უფრო ფერმკრთალი შეექმნა სახე აღმბეჭდავი დიდის ტანჯვისა.
აიხადა კარვის კალთა და გამოჩნდა ვაჟკაცი. მზრუნველობით მიმოხედა იქაურობას, მიაბყრა თვალი მძინარე ყმაწვილებს და უკანვე გადადგა ნაბიჯი, ფრთხილად ჩამოუშვა კარვის კალთა. ვაჟკაციც ძლიერ დაფიქრებული იყო, შავად მოქუშული. მძინარეთა ხილვით უფრო დაიჩრდილა მისი სახე, სევდა ღრმად აიხატა მის დიდრონ თვალებში. მსუბუქად იყო შეიარაღებული. საგზაო ტანისამოსი ეცვა. ჯაჭვი გაეხადნა. მუზარადის მაგივრად ჩახუჭუჭებული კრაველი ერქვა თავს, მსუბუქ რამ ჯიღით შემკულ–დამშვენებული. ვაჟკაცის დანახვაზე დედაკაცები შეინძრნენ, მაგრამ ანიშნა, წყნარად ყოფილიყვნენ, არ ამდგარიყვნენ.
– შენ კი არ გინდა, შვილო, ძილი? – მიუბრუნდა იგი პატარას, რომელიც ფეხდაფეხ მიჰყოლოდა მამას კარავთან და ეხლა მასთან ერთად გამოტრიალდა უკან.
– არა! გიორგიმ მითხრა: ნავს მოაყენებენ ნაპირზედ და, თუ გინდა, სათევზაოდ გავიდეთ ტბაში: მამას დაეკითხე, არ გაწყრესო. ნებას მომცემ?
– წაჰყევ, თუ არ დაღლილხარ. ფრთხილად კი იყავ: არ ვარგა წყალთან ხუმრობა.
ბალღი დაეშვა. ტბის ყურისაკენ. მამამ გაადევნა მოსიყვარულე თვალი და წარმოსთქვა:
– თავის პაპასავით მხნე არის, გაუტეხელი. მთელი ღამის მგზავრობამაც ვერ დაქანცა. სახითაც იმასა ჰგავს, უფრო ცეცხლის მფრქვევ თვალებში. ტყუილად კი არ დავარქვი ადარნასე. პირმშოა ჩემი, ტახტის მემკვიდრე, მაგრამ რაღა დავუმკვიდრო საწყალს, როდესაც ღმერთმა გარე შეაქცია პირი თვისი ჩემგან და შემერყა სამკვიდრებელი, იავარმექმნა მონაგები მამა–პაპათა?!