კარი პირველი აქა ამბავი კვაჭის დაბადებისა
იმ წელს, პირველ აპრილს, სამტრედიაში უცნაური და იშვიათი დარი დადგა. დილიდანვე დედამიწას კუპრივით შავი ღრუბელი დააწვა. ხან თოვლი მოდიოდა, ხან ხოშკაკალა, ხან წვიმა, ხან კიდევ გაზაფხულის მზე ანათებდა. ხან ისეთი გრიგალი ამოვარდებოდა ხოლმე, რომ მთელი დაბა ჭრიჭინებდა და ზანზარებდა, ხან ისეთი მყუდროება და სიჩუმე ჩამოვარდებოდა, რომ ცაში ღრუბელს არავითარი მოძრაობა აღარ ეტყობოდა.
ასე არეულ-დარეულად დაიწყო სამტრედიაში პირველი აპრილი - დღე ცბიერი, ყალბი და მზაკვარი.
იმ დღეს დილიდანვე სილიბისტრო კვაჭანტირაძის სახლში, რომელიც ხონის გზის ნაპირზე იდგა, დიდი ალიაქოთი და ფაცი-ფუცი ტრიალებდა: სილიბისტროს მეუღლე პუპი პირველ შვილზე იწვა მელოგინედ. მთელი ოჯახი ფეხზე იდგა. მელოგინეს თავს დასტრიალებდნენ მისი დედა ნოტიო, ბებია და მეზობელი დედაკაცები, ხოლო მისი ქმარი სილიბისტრო და მამა - ხუხუ ჩიჩია მეორე ოთახში გულის ფანცქალით ელოდებოდნენ პირველ მემკვიდრეს.
შუადღემ რომ მოატანა, თითქმის სულ დაბნელდა და დაღამდა. მიყუჩებული დედამიწა უცებ ისევ შეინძრა და აზანზარდა. საშინელი გრიგალი ამოვარდა. ქვეყანა ჰგმინავდა, ჰკვნესოდა და სჭექდა. კვაჭანტირაძის ფიცრული აიგრიხ-ჩაიგრიხა, აჭრიჭინდა, აიბურძგნა და აფრენას ჰლამობდა. მელოგინე ჰკიოდა, სხვები კი თავზარდაცემულნი და დამფრთხალნი უგზო-უკვლოდ დარბოდნენ.
უცებ ისე გაიელვა, რომ ყველანი რამდენიმე წამით დაბრმავდნენ. იმავე წამს, ერთსა და იმავე დროს, ცის ისეთი საზარელი ჭექა და პუპის ისეთი კივილი მოისმა, ხოლო დედამიწა ისე შეინძრა, რომ შიშით ზოგი გაშეშდა, ზოგმა ჩაიკეცა, ზოგი კიდევ კარებს ეცა. ერთი წუთით სრული სიჩუმე ჩამოვარდა. უცებ იქვე კუთხეში ახლად დაბადებულის წრიპინი მოისმა:
- მე-ე... მე-ე... მე-ე...
პირველი ვაჟი სილიბისტრო კვაჭანტირაძის პირველად ჩაუვარდა ფეხებში პირველ დედაკაცს - თავისსავე დედას, პუპის.
ასტყდა სიხარულის ჟრიამული, ალიაქოთი და ფუსფუსი. იმავე წუთს სრული თორმეტი საათი შესრულდა. გრიგალსაც ენა ჩაუვარდა და სინათლემაც სიბნელეს დასძლია.
ბავშვის ხმაზე სილიბისტრო კვაჭანტირაძე და ხუხუ ჩიჩია მეორე ოთახიდან გამოცვივდნენ.
- ვაჟია! - მიახარა ბებიამ სილიბისტროს და ხუხუს.
- მადლობა უფალს! - სთქვა სილიბისტრომ.
- დიდება მამასა, და ძესა, და წმინდასა სულსა! - სასოებით დაუმატა ხუხუმ:
- ამინ! - ამინ! - განიმეორეს სხვებმაც და ყველამ პირჯვარი გადიწერეს.
- კვაჭი დამირქმევია! - გამოაცხადა სილიბისტრომ. ყველანი დაეთანხმნენ. ცოტა ხნის შემდეგ დუქნის ბიჭი ბარდღა ამოვარდა ქვემო სართულიდან და ამბავი მოიტანა, რომ მეხი ალვის ხეს დაეცა, რომელიც კვაჭანტირაძის ბაღში იდგა, და შუაზე გახლიჩა, ხოლო გრიგალმა დაანგრია და მიჰფანტ-მოჰფანტა ჟონდიას დუქანი, რომელიც კვაჭანტირაძის „ სასტუმროს “ დიდ მეტოქეობას უწევდა. სილიბისტრო ქუჩაში გავიდა ჟონდიას დანგრეულ დუქნის სანახავად და გზაში ვერცხლის მანეთიანი იპოვნა.
ერთი საათის შემდეგ ღრუბელი გაიფანტა და გაზაფხულის მშვენიერი დარი დადგა. მზემ თავზე დაიდგა საუცხოვო რამ სხივოსანი გვირგვინი. მთელი სამტრედია გარეთ გამოსულიყო და ათვალიერებდა იმ გვირგვინს, ჟონდიას ნადუქნარს და კვაჭანტირაძის გაჩეხილ ალვის ხეს.
ასე დაიბადა კვაჭი კვაჭანტირაძე. იმავე საღამოს ქალბატონმა ნოტიომ კვაჭიკოს ხელის გული ძლივს გაუხსნა, გაუსინჯა, ჯერ ჩაფიქრდა და მერე მოსულიერებულ პუპის, თავმომწონე სილიბისტროს, დამშვიდებულ ხუხუს და ამპარტავან ბარდღას უთხრა:
- ქარიშხალი და ჭექა-ქუხილი იმას ნიშნავს, რომე ახალგაზრდობაში კვაჭის მრავალი გაჭირვება და თავგადასავალი მოელის, მარა ღმერთი დიდია. მჯიღი რომ ისთე ჰქონდა მოჭერილი, რომე ძლივს გავუშალეთ, ეს იმის ნიშანია, რომე რაც კვაჭიკოს ხელში ჩოუვარდება, მისი წართმევა კაცს არ შოუძლია. მზემ რომ გვირგვინი დეიდგა თავზე, ეს იმას ნიშნავს, რომე შემდეგში კვაჭის - ვენაცვალე იმას პაწია თათებში! - ბრწყინვალე და სახელოვანი მომავალი მოელის. ალვის ხეს რომ მეხი დიეცა და ჟონდიას დუქანიც რომე ეშმაკებმა წეიღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი და კვაჭის მტრებს - ჯვარი აქოურობას! - მეხი დიეცემათ და გულები ისთე დოუსკდებათ, რავარც ალვის ხე გასკტა დღეს.
ყველას გული მოულბა და მოეფხანა. მერე სილიბისტრომ სთქვა:
- ბოვშის ესეთი ტირილი ჯერეთ არ გამიგია. სულ „ მე-მეს “ იძახის. ეტყობა, სხვას აფერს შეარჩენს და ამ ქვეყანას დეიჩემებს.
ყველამ გაიცინეს.
- ვენაცვალე ჩემს კვაჭიკოს! - ჩაიჩურჩულა ღიმილით პუპიმ და თავის გვერდით მიძინებულ კვაჭის ალერსი დაუწყო.
რა იცოდნენ სილიბისტრომ, ან პუპიმ, ან ბარდღამ, თუნდ ხუხუმ, თუნდ ნოტიომ, რომ მათს მკითხაობაში და ოცნებაში სიმართლის ნატამალი იყო ჩაქსოვილი, და რომ წრიპინა და მჩხავანა კვაჭიკო მომავალში მათ სავსებით გაუმართლებდა იმედებს და კიდევაც მრავალჯერ გადააჭარბებდა.
აქა ამბავი კვაჭის მშობლებისა
ეხლა გთხოვთ გაიცნოთ სილიბისტრო კვაჭანტირაძე და