ნაწილი პირველი -
თავი პირველი -
მეწინავე დროშა
ოძელაშვილი არსენა
ღმერთმა კურთხევით ახსენა.
მ ე ს ტ ვ ი რ უ ლ ი.
— ფუჰ, შეგარცხვინოს ღმერთმა! — ბრაზით წამოიძახა ზაალ ბარათაშვილმა და ზურგი შეაქცია ნარგიზების ფორს, სადაც ორბელიანების და ბასილა მაიორის ფალავანმა გიორგი კუჭატნელმა მარაბდის ბატონს ის-იყო მესამე მოჭიდავე გაუჭიმა თვალწინ.
ზაალის რისხვა ვერავინ გაიგო, რადგან, როცა მისი მეჯინიბე ოსი მეშთა ბესტავაშვილი წაიქცა, უმალვე ათასმა კაცმა იხუვლა და საჭიდაო ასპარეზზე გმინვა-კიჟინით შეჰკრა პირი.
როგორ, ვიღაც კუჭატნელმა მარაბდელები უნდა შეარცხვინოს?! ვიღაც მოთრეულმა მილიციელმა მუხათელი, ფარცხისელი და ბირთვისელი ბიჭები უნდა დაიბრიყვოს?! ნეტა “ნამდვილი ქართველი” მაინც ყოფილიყო კუჭატნელი: ეს ვიღაც სეფისკვერაძე იმერეთიდან გადმოსულა, სოფელ კუჭატანში დასახლებულა და ლეკებს ეომება. ეხლა კი ზაალის შესარცხვენად ამოუყვანიათ საბარათიანოში და მის ფალავნებს საქვეყნოდ უტეხავენ სახელს?! მაშ ამ ორბელიანებმა — პირყვითელა გრიგოლმა, მისმა ძმამ ზაქარიამ, მათმა ბიძამ ყაფლანმა, ზაალის სიძემ ალექსანდრემ, ჩიტირეკია ელიზბარ მაღალაშვილმა და ზაალისავე სტუმარმა ვასილ მაიორმა ასე ურცხვად უნდა მოსჭრან თავი მარაბდის ბატონს, დიდი საამის ჩამონავალ ბარათაშვილს?
არა, ასეთ აუგს ვერც ზაალის ყმები მოითმენენ. ეყოთ ამდენი სირცხვილი, ეყოთ სამი თავმომწონე ვაჟკაცის გალახვა!
და ნარგიზების დიდი ფორი ტყესავით აღმართული კომბლებით გაიჭედა, ხოლო მარტის თბილი ჰაერი მარაბდელთა რისხვამ შეაზანზარა:
— მიდი! დაჰკა!
რადგან კუჭატნელი-სეფისკვერაძე ორბელიანების ფალავანი იყო, ხოლო სამივე წაქცეული ყმა ზაალ ბარათაშვილს ეკუთვნოდა, ამიტომ ბარათაანთ ყმებმა ორბელიანების ყმებზე მიიწიეს და უმალვე ნირი შეაცვლეინეს.
— ღმერთმა თქვენც შეგარცხვინოსთ და თქვენი ფალავანიცა! — ერთხელ კიდევ მიუბრუნდა გულფიცხი ბატონი აღელვებულ ზღვას და ძვირფასი კვერთხისა და შავ-ლურჯი ყურთმაჯის მოქნევით ყველას პირსახეში რისხვა და კრულვა მიახალა.
ზაალი, გიორგი მეფის ნასუფრაჯალია, ნამდივანბეგარი, ბატონი ალგეთის, თრიალეთის, გაღმა-გამოღმა ბორჩალოსი და ერთგული დარაჯი სახელოვანი “მოწინავე დროშის”, რომელიც, როგორც სადროშო, რუსებმა გააუქმეს, ხოლო თვითონ დროშა, როგორც ალამი, ეხლაც ზაალს ეკუთვნის და იგი ნარგიზების ფორზე, აგერ იქ, კარვის თავზე ფრიალებს. ეს კიდევ არაფერი: ცოცხალი ზაალი შვილისშვილია განსვენებული დიდი ზაალის — პატარა პოეტის და ძალიან დიდი ბატონის – ერეკლე მეფის ეშიკაღასის, მორდალის, მდივანბეგის, მსაჯულის, ქორიასაულბაშისა და საქართველოს უმაღლესი მთავრობის წევრისა. ასეთი კაცის ბადიში – პატარა ზაალი – ამოდენა ხალხს, შინაურსა და უცხოს, უბრალოდ ვერ დაენახვებოდა, ამიტომ ის თავის საყმოს წინაშე დღესაც ისევე გამოეწყო, როგორც მაშინ იყო გამოწყობილი, როცა მთავარმართებლებს ეახლებოდა ხოლმე: კნორინგს, ციციანოვს (თუ ციციშვილს, დღესაც არ იციან), გუდოვიჩს, ტორმასოვს, პაულუჩის, რტიშჩევს, სასტიკ პროკონსულს ერმოლოვს (“არჯალი მხეცი, სატანა, მუჟიკი, ანტიქრისტე!”) და ბოლოს გრაფ პასკევიჩს – “ერმალას” ახლანდელ თანაშემწეს, “ჩემს მეგობარს”, რომელსაც დღეს თუ ხვალ უეჭველად მთავარსარდლად დანიშნავენ, ხოლო ერმოლოვს პანღურს ამოჰკრავენ და საიდანაც მოსულა, ისევ იქით გააბრუნებენ.
მარაბდის ბატონს ინგლისური მაუდის შავი კაბა და ლურჯი აბრეშუმის გულისპირი ეცვა, თავზე მაღალი და ჩატეხილი ყალმუხის ბოხოხი ეხურა, ფეხებზე – ჭვინტიანი თალათინის ჩექმები ჩაეცვა, ხოლო წელზე ოქრო-ძვლით მოჭედილი ხმალ-ხანჯალი ჩამოეკიდნა, რომელიც ათასი წლის ტვირთით და ხავსით იყო დაჭორფლილი.
მეფეთა და მთავარმართებელთა ჯილდოებიც და საჩუქრებიც ზედ ჰქონდა ასხმული. მაუდი თავადმა ვასილჩიკოვმა მოუტანა პეტერბურგიდან, ლალის ბეჭედი ერეკლე მეფის ნაჩუქარი იყო, ხოლო ოქროთი და ძვლით შეჭედილი კვერთხი, რომელიც ახლა არქიელსავით დაჰქონდა, უდღეურმა იმპერატორმა პავლემ დესპანის კოვალენსკის ხელით გამოუგზავნა.
არც ერთი მთავარმართებელი არ ყოფილა, რომ ბარათაანთ სამივე თაობის მკერდზე, ვითარცა კანკელზე, ჯვარი ან ვარსკვლავი არ ჩამოეკიდნა. ყველამ ღირსეული საჩუქარი მიიღო, რადგან სამთავ მკერდის ქვეშ ახალი ტახტისა და ახალი სამშობლოსადმი მართალი გული ჰფეთქავდა. მართალია, ნაჩუქართა უმეტესი ნაწილი გასვენებულ დიდ ზაალს ეკუთვნოდა, მაგრამ – რა ბედენაა! – რადგან ყოველივე დიდისა პატარას დარჩა, ამიტომ შვილის-შვილზე სხვისი დიდი ბეჭედიც, კვერთხიც და ყველა ჯვარ-მედალიც უპრიანი იქნებოდა.
ნაწყენმა ბატონმა ერთხელ კიდევ შეანჯღრია გაბრაზებული კვერთხი, მერმე ისევ ფორს მიუბრუნდა, პირახდილ კარვის-წინ შესდგა და თავის კნეინებს შესჩივლა:
– ფიეე! ამისთანა ამბავი გაგონილა მეთქი? დალახვროს ღმერთმა! სტუმარი მოვიდეს, ვიღაც ოხერ-ტიელი მოათრიოს და ყველა დარჩეული ბიჭები გამილახოს?! ვოტ იშო! გაგიგიათ მეთქი ამისთანა ამბავი?!
ზაალის გასათხოვარ ქალიშვილს დაროს უფრო სტუმარ ორბელიანებისა და მაიორის წყენა აფიქრებდა, ვიდრე მარაბდელი და ბირთვისელი ფალავნების შერცხვენა, ამიტომ მან სტუმრებისკენ გაიშვირა ხელი და მამას უთხრა:
– მამა, სტუმრებს მიეშველე, თორემ აწყეინებენ რამეს და შევრცხვებით.