გივი შადური
ესპანური სისხლი
- ქართველ მწერლებს ჩემი სალამი და უღრმესი პატივი! გთხოვთ მიცნობდეთ: ნაკაცარი გახლავართ, ვინმე გივი შადური. ნუ შესწუხდით, ბატონებო. მეტი რა უნდა გივისა, გარდა კახური ღვინისა, ეხე-ხე! ნუ შეშინდით-მეთქი, ყმაწვილებო, მეტოქეობას არ გაგიწევთ: ჩემი პოეტური მარაგი ამ ერთი სტრიქონით იწყება და ამითვე თავდება, თუმცა...
თუმცა ვინ იცის, რა იმარხება ამ გულში! ვინ იცის! ვინ მეტყვის! ვერავინ, არავინ. ჩემი გზა სხვა გეზით რომ წასულიყო, ან მე თვითონ სხვა გზას რომ გავყოლოდი...
ეეჰ, ეშმაკსაც წაუღია ყველა გზები! ტყუილად ხარჯავთ მათთვის, მეგობრებო, დროს და რითმებს, აზრებსა და სიტყვებს, რადგან გზებს არც აზრი აქვთ, არც გეზი, არც სათავე და არც დასასრული.
თუმცა, მაპატიეთ, ყმაწვილებო, შევცდი. ეხლაც შევცდი, რადგან მე თვითონ თავით ფეხამდე, ან, როგორც უწინ ამბობდნენ, თხემით ფეხამდე მარტო შეცდომებისგან და კახურისგან გახლავართ ნაკეთები.
ყოველ გზას აუცილებლად დასასრულიც აქვს. უწინ იტყოდნენ ხოლმე: ყველა გზები რომისკენ მიდისო. მე კი მოგახსენებთ, ტყუილია, ჭორია! ყველა გზები და ბილიკები იმედების ნანგრევებზე იყრის თავს.
რაო? რა მიბრძანეთ? დავბრძანდე? ეგ სიტყვა მეხამუშა, გადავეჩვიე. ახლა იტყვიან ხოლმე: დაეგდე, ან გაეთრიე, თუმცა თქვენი თავაზიანობა არც იმდენად საოცარია: ჰშვენის მწერალს ზრდილობის გუშაგობა.
მადლობას მოგახსენებთ, ბატონებო. ერთხელ კიდევ ინებეთ საწყალი გივი შადურისგან თბილი სალამი და უღრმესი პატივი. დაუჯერეთ, მეტი აღარაფერი გააჩნია. თუ შეიძლება, მაგ ღვინის მარკა მაჩვენეთ. ჰმა, მომწონს თქვენი გემოვნება, ერთ ჭიქას გეახლებით, მეტს არა, თორემ...
დიაღ, ყმაწვილებო, ვინმე გივი შადური გახლავართ - ერთ დროს კაცი კაცური, თავმომწონე, ამაყი და ქედფიცხელი. ერთ დროს მეც მივოდა - ისევ ძველი სიტყვა ვიხმარე, უნდა მეთქვა: მყავდა - დიაღ, ერთ დროს მეც მივოდა ოჯახიც და მეგობრებიც. ახლა კი... ეჰ, დავანებოთ თავი ჩემს ახლანდელს: იგი შავია, ვითარცა ჩემი მომავალი და მძიმეა როგორც ჩემივე სული. ისიც მეყოფა, რომ ახლა თქვენისთანა პატივცემულ გვამთა შორის ვზივარ - ისევ ძველი სიტყვა წამომცდა - და ამისთანა სუფთა ღვინოს ვსრუტავ.
თუ გნებავთ, ერთსაც გიახლებით. დამისხით, გმადლობთ, ბატონო ჩემო, დიდად გმადლობთ.
რას მიბრძანებთ? საიდან გიცნობთ მგოსნებს? ხე-ხე! ერთ დროს ხალხისგან არც მე ვიყავ გამოკლებული. ქართული მწერლობის ერთგული ყმა და მუდმივი მუშტარი გახლდით. ვცდილობ არც ახლა ჩამოვრჩე, მაგრამ... წყალწაღებულიც ლამობს ნაპირს არ ჩამორჩეს, ეხე-ხე, და მეც იმის დღეში ვარ.
მაშ ასე, ბატონო... - აირია მონასტერი, აღარ ვიცი რა ვიხმარო, - ბატონო, მოქალაქევ თუ ამხანაგო... მაშ ისევ სიტყვა „მეგობარი“ გირჩევნიათ? ინტიმურია, მეც ვამჯობინებ. დიაღ, იმას მოგახსენებდით, გივი შადური გახლავართ-მეთქი - კაცი უქმი და ტაბარუკი.
რას მიყურებთ ეგრე გაკვირვებითა?
ნუთუ სახე არ გინახავთ გივისა?
მეგონა, ყველა მიცნობს-მეთქი. რაო, მაშ თქვენც გაგიგიათ ჩემი მგრგვინავი სახელი? რა თქმა უნდა, გაიგებდით, ვინაიდან, - ისევ ძველი სიტყვა მომადგა, ვინაიდგან გულისხმიერნი ბრძანდებით და ზოგჯერ ხვალინდელს დღევანდელზე უკეთ ხედავთ ხოლმე. ე-ეჰ, ჭაბუკებო, ამირანებო!
სოფელი იმად არა ღირს,
კაცი ნატრობდეს ჟამს გრძელსა.
ფუჭია თქვენი სიცოცხლე
თუ ვერას არგებთ შადურსა.
ხა-ხა! აი როგორი ანდერძი დაუტოვებიათ თქვენთვის თქვენს წინაპარს მგოსნებს. მაშ მეც მარგეთ, ქუჩუკ-ყარამანებო და მომაწოდეთ ეგ დედალი. მაშ ჩემი გვარი გეუცხოვათ? არა უშავს რა, მოგეხსენებათ:
ათასად გვარი დაფასდა,
ათი ათასად ზრდილობა,
თუ გივი თვითონ არ ვარგა,
ცუდია გვარიშვილობა.
და თუ სუფრაზე მაინც არ ვივარგე, კინწისკვრით გამაგდეთ და... ერთი სავსე ტიკჭორაც მომახალეთ.
მეგობრებო! ეს სუფრა საიდუმლო სერობას მომაგონებს, მხოლოდ ქრისტე და იუდა-ღა გაკლიათ, ღმერთმა თუ ბედმა, ან ღმერთმაც და ბედმაც აგაცდინოსთ ორივენი: სადაც ერთია, მეორეც თან ახლავს. მადლი კი გაგიმრავლდეთ, ვითარცა ვარსკვლავნი ცათა ზედა და ქვიშანი ზღვათა შინა (ისევ ძველებურმა გამკრა!).
ქრისტე ღმერთი ცაში აფრინდა, ყმაწვილებო, ნუღარ ელით, აღარ დაგვიბრუნდება. აფრინდა და თავისი მძიმე ჯვარი ჩვენ, საბრალო კაცუნებს დაგვიტოვა. სანუგეშოდ ისღა დაგვრჩა, რომ ერთგულად ვზიდოთ ეს ჯვარი ჩვენი „და შრომის ოფლი მიწას ვადინოთ“.
მაგრამ, მეგობრებო, უმადლოდ ჯვარის ზიდვა ქვის ადამიანსაც არ შეუძლიან. მადლი შრომის ოფლის მოსაწმენდი პირსახოცია, ჯვრის საზიდავი ურემია, რომელსაც კამეჩის ნაცვლად ადამიანი მიაგორებს, რბილი ნოხია, გოლგოთის გზაზედ დაფენილი, ამიტომ გისურვეთ ადამიანური მადლი, თორემ მე... კარგა ხანია რაც მე თვითონ ეს პირსახოციც დამეფხრიწა და ნოხიც გამომეცალა. ალბათ ამიტომ დამემსხვრა შრომის ურემიც, აღარ ვეზიდები მას კამეჩივით ამჟამად მე, ჩემო მასპინძლებო, უფრო სირსა ვგევარ, უდარდელს და უზრუნველსა.