კარი პირველი -
აქა ამბავი კვაჭის დაბადებისა იმ წელს, პირველ აპრილს, სამტრედიაში უცნაური და იშვიათი დარი დადგა. დილიდანვე დედამიწას კუპრივით შავი ღრუბელი დააწვა. ხან თოვლი მოდიოდა, ხან ხოშკაკალა, ხან წვიმა, ზოგჯერ კიდევ გაზაფხულის მზე ანათებდა, ხოლო დროგამოშვებით ისეთი გრიგალი ამოვარდებოდა ხოლმე, რომ მთელი დაბა ჭრიჭინებდა და ზანზარებდა, ხან კი ისეთი მყუდროება და სიჩუმე ჩამოვარდებოდა, რომ ცაში ღრუბელს არავითარი მოძრაობა აღარ ეტყობოდა.
ასე არეულ-დარეულად დაიწყო სამტრედიაში პირველი აპრილი - დღე ცბიერი, ყალბი და მზაკვარი.
იმ დღეს დილიდანვე სილიბისტრო კვაჭანტირაძის სახლში, რომელიც ხონის გზის ნაპირას იდგა, დიდი ალიაქოთი და ფაციფუცი ტრიალებდა: სილიბისტროს მეუღლე პუპი პირველ შვილზე იწვა მელოგინედ. მთელი ოჯახი ფეხზე იდგა. მელოგინეს თავთ დასტრიალებდნენ მისი დედა ნოტიო, ბებია და მეზობელი დედაკაცები, ხოლო მისი ქმარი სილიბისტრო და მამამისი ხუხუ ჩიჩია პირველ მემკვიდრეს გულის ფანქცალით ელოდებოდნენ მეორე ოთახში.
შუადღემ რომ მოატანა, თითქმის სულ დაბნელდა, დაღამდა. მიყუჩებული დედამიწა უცებ შეინძრა და აზანზარდა. საშინელი გრიგალი ამოვარდა. ქვეყანა ჰგმინავდა, ჰკვნესოდა და სჭექდა. კვაჭანტირაძის ფიცრული აიგრიხ-ჩაიგრიხა, აჭრიჭინდა, აიბურძგნა და აფრენას ლამობდა. მელოგინე ჰკიოდა, სხვები კი, თავზარდაცემულნი და დამფთხალნი, უგზო-უკვლოდ დარბოდნენ.
უცებ ისე გაიელვა, ყველანი რამდენიმე წამით დაბრმავდნენ, და იმავე წამს ცის ისეთი საზარელი ჭექა და პუპის ისეთი კივილი მოისმა, ხოლო დედამიწა ისე შეინძრა, ზოგი შიშით გაშეშდა, ზოგმა ჩაიკეცა, ზოგი კი კარებს ეცა. ერთიწუთით სრული სიჩუმე ჩამოვარდა და შემდეგ იქვე კუთხეში ახლად დაბადებულის წრიპინი მოისმა:
- მე-ე... მე-ე... მე-ე...
და სილიბისტრო კვაჭანტირაძის პირველი ვაჟი პირველად ჩაუვარდა ფეხებში პირველ დედაკაცს - თავისსავე დედას, პუპის.
ატყდა სიხარულის ჟრიამული, ქოთი და ფუსფუსი. იმავე წუთს სრული თორმეტი საათი შესრულდა. გრიგალსაც ენა ჩაუვარდა და სინათლემაც სიბნელეს დასძლია.
ბავშვის ხმაზე სილიბისტრო კვაჭანტირაძე და ხუხუ ჩიჩია მეორე ოთახიდან გამოცვივდნენ.
- ვაჟია! - მიახარა ბებიამ სილიბისტროს და ხუხუს.
- მადლობა უფალს! - სთქვა სილიბისტრომ.
- დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა! - სასოებით დაუმატა ხუხუმ: - ამინ!
- ამინ! - განიმეორეს სხვებმაც და ყველამ პირჯვარი გადიწერა.
- კვაჭი დამირქმევია! - საზეიმო კილოზე გამოაცხადა სილიბისტრომ და უმალვე ყველანი დაეთანხმნენ.
ცოტა ხნის შემდეგ დუქნის ბიჭი ბარდღა ქვემო სართულიდან ამოვარდა და ამბავი მოიტანა, რომ მეხი ალვის ხეს დაეცა, რომელიც კვაჭანტირაძის ბაღში იდგა, და შუაზე გახლიჩა, ხოლო გრიგალმა ჟონდიას დუქანი დაანგრია, რომელიც კვაჭანტირაძის „სასტუმროს“ დიდ მეტოქეობას უწევდა. სილიბისტრო ჟონდიას დანგრეული დუქნის სანახავად გავარდა და გზაში ვერცხლის მანეთიანი იპოვნა.
ერთი საათის შემდეგ ღრუბელი გაიფანტა და კვლავ გაზაფხულის მშვენიერი დარი დადგა. მზემ თავზე საუცხოო რამ სხივოსანი გვირგვინი დაიდგა. მთელი სამტრედია გარეთ გამოსულიყო და გაოცებით ათვალიერებდა იმ გვირგვინს, ჟონდიას ნადუქნარსა და კვაჭანტირაძის გაჩეხილ ალვის ხეს.
ასე დაიბადა კვაჭი კვაჭანტირაძე.
იმავე საღამოს ქალბატონმა ნოტიომ კვაჭიკოს ხელისგული ძლივს გაუხსნა, გაუსინჯა, ჯერ ჩაფიქრდა და მერმე მოსულიერებულ პუპის, თავმომწონე სილიბისტროს, დამშვიდებულ ხუხუს და ამპარტავან ბარდღას ასე უმკითხავა:
- ქარიშხალი და ჭექა-ქუხილი იმას ნიშნავს, რომე ახალგაზრდობაში კვაჭის მრავალი გაჭირვება და თავგადასავალი მოელის, მარა ღმერთი დიდია. მჯიღი რომ ისთე ჰქონდა მოჭერილი, რომე ძლივს გავუშალეთ, ეს იმის ნიშანია, რომე რაც კვაჭიკოს ხელში ჩოუვარდება, მისი წართმევა კაცს არ შოუძლია. მზემ რომ გვირგვინი დეიდგა თავზე, ეს იმას ნიშნავს, რომე შემდეგში კვაჭის - ვენაცვალე მას პაწია თათებში! - ბრწყინვალე და სახელოვანი მომავალი მოელის. ალვის ხეს რომ მეხი დაეცა და ჟონდიას დუქანიც რომე ეშმაკებმა წეიღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი და კვაჭის მტრებს - ჯვარი აქოურობას! - მეხი დაეცემათ და ისთე დოუსკდებათ გულები, რავარც ალვის ხე გასკტა დღეს.
ყველას გული მოულბა და მოეფხანა. სილიბისტრომ სთქვა:
- ბოვშის ესეთი ტირილი ჯერეთ არ გამიგია. სულ „მე-მეს“ იძახის. ეტყობა სხვას აფერს შეარჩენს და ამ ქვეყანას დეიჩემებს.
ყველამ გაიცინა.
- ვენაცვალე ჩემს კვაჭიკოს! - ჩაიჩურჩულა ღიმილით პუპიმ და თავის გვერდით მიძინებულ კვაჭიკოს ალერსი დაუწყო.
რა იცოდნენ სილიბისტრომ, ან პუპიმ, ან ბარდღამ, თუნდ ხუხუმ და თუნდაც ნოტიომ, რომ მათს მკითხაობასა და ოცნებაში სიმართლის ნატამალი იყო ჩაქსოვილი, და რომ წრიპინა და მჩხავანა კვაჭიკო მომავალში მათ სავსებით გაუმართლებდა იმედებს და კიდევაც გადააჭარბებდა.