კვაჭი კვაჭანტირაძე -
ნაწილი II -
კარი მეშვიდე -
აქა ამბავი საკუთარ მიწაზე განავარდებისა
რაც უფრო ღრმად შედიოდა მატარებელი საქართველოს გულში, კვაჭსაც იმდენად ემატებოდა მღელვარება და მოუსვენრობა.
- აი ნატანები... საჯავახო... ბესო, სამტრედია! ჩემი სამტრედია! ისე მიცემს გული, თითქო დიდი ხნის უნახავ საყვარელთან მივდიოდე!
სამტრედიაში ჩამოხტა, სადგური მოირბინა და ათიოდე ძველ ნაცნობს წააწყდა. ყველას გადაეხვია და ყველანი მოიკითხა:
- გამარჯვება, ბონდო!.. ვახლავარ ძალუა ძაბულის!.. რავა ხარ, ისიდორე?.. მე? აი დავბრუნდი, სამუდამოდ დავბრუნდი. მეც უნდა წევიმუშაო საქართველოსთვის. აწი ქალაქში მივდივარ, მარა მალე გნახავთ სამტრედიელებს და ქუთათურებს... მომიკითხეთ ყველანი, აბა, მშვიდობით! და მიმავალ ვაგონს შეახტა. ცოტა ხნის შემდეგ კვლავ აიშალა:
- ბესო, აი ჩვენი რიონი! აგერ ქუთაისიც! ჩვენი პაწია ქუთაისი! თურმე დაცალიერდა საწყალი! თურმე მთელი ქუთაისი ტფილისში გადასახლებულა. მხოლოდ ერემო ლაითაძე და დანიელა ურია დარჩენილან. რა ლამაზი ხალხია ქართველი!.. რა ლამაზი ქვეყანაა საქართველო!
და „ქართველსა“ და „საქართველოს“ წარამარად ისროდა, რომ ეპოქის შვილი იყო და ხარკს უხდიდა.
უკვე დაღამდა. კვაჭმა შორიდან ტფილისის შუქს მოჰკრა თვალი და უარესად აღელდა. არსად და არასოდეს არ უგრძვნია მას ასეთი იდუმალი გულისღელვა და სულისშფოთვა. სადგურის ბაქანი გახარებულ ბავშვივით გაირბინა, ეტლში ჩაჯდა და მიაძახა:
- სოლოლაკისკენ! ნაბიჯით იარე.
რუსეთის მკვდარი ქალაქების შემდეგ დედაქალაქი პარიზად მოეჩვენა. უხვი შუქით მოფენილი ქუჩები ხალხით არის გატენილი. ისმის მხიარული ლაყბობა და ჟრიამული. ცეცხლის ზღვაში უზარმაზარი შავი კანდელივით აღმართულა მამადავითი, რომელსაც ჯიღასავით დაუდგამს თავზე ელექტრონის ვარსკვლავების გვირგვინი.
გაიარეს კუკიის გრძელი ქუჩები, ვერის ხიდი, აღმართი და რუსთაველის ფართო ხეივანზე გავიდნენ. კვაჭი ვეღარ ისვენებს:
- ბესო, შეხედე! აი, „ნოეს“ სასტუმრო... აი სახალხო სახლი!.. აგერ ჩვენი მტკვარი!.. აი ოპერა... დრამა... ქაშოთი... ჩემი „ორიანტი“... აი სასახლეც... მუზეუმი!.. ჩვენია აწი ყოლიფერი, ბესო, ჩვენი!
ათიოდე წუთის შემდეგ კვაჭი დაფეთებულივით შევარდა საკუთარ სახლში და კინაღამ დაახრჩო სიხარულით აკივლებული მშობლები - სილიბისტრო, პუპი, ხუხუ და ნოტიო, რომელნიც ხან სტიროდნენ, ხან იცინოდნენ, გზადაბნეულებივით დაბორიალებდნენ. გაუძლის სიხარულისაგან შტერდებოდნენ, ისევ კაკანებდნენ, ფუსფუსებდნენ, ყაყანებდნენ.
მეორე დღეს კვაჭმა მინისტრებს და ხელისუფლებს ჩამოუარა:
- გთხოვთ მიცნობდეთ: კვაჭი კვაჭანტირაძე გახლავართ. ეს-არის ეხლა დავბრუნდი წითელი ჯოჯოხეთიდან.
მისი სახელის ქუხილი შორეულ ჩრდილოეთიდან თურმე საქართველოშიც ისმოდა. ეს ქუხილი ვერცხლის ხმებით იყო შეზავებული. კვაჭის სახელი, შორეულ რუსეთში ოდნავ შეთხუპნული, საქართველოში უკვე პირმობანილი და გაკრიალებული ჩამოსულიყო.
სანამ კვაჭი დედ-მამის ალერსით დნებოდა და ხელისუფლებას თავის თავს აცნობდა, ჭკუამარჯვე შიქია ქალაქში დაძვრებოდა და კვაჭის სახელს ენიდან არ იშორებდა. კვაჭის ჩამოსვლის ამბავიც ელვასავით მოედო ტფილისს. ყველას და ყველგან მისი ჩამოსვლა ეკერა პირზე.
ერთი ჯგუფი ასე ჭორიკანობდა:
- ახალი ამბავი გაიგე? კვაჭი კვაჭანტირაძე ჩამოსულა.
- მართლა?.. მადლობა ღმერთს!
- თურმე ევროპის ბანკებში ორმოცი მილიონი ნაღდი დაუგროვებია.
- ორმოციც იქნება და ასიც!
- თურმე ის ფული აქ უნდა დაატრიალოს.
- მე ნამდვილს გეტყვით. თურმე ოცი მილიონი მთავრობას უნდა ასესხოს, ოცი მილიონი გზებზე დახარჯოს, ორმოცი - ელექტროს სადგურებზე, ოციოდე - ქარხნების მოწყობაზე, ათიოდე - სტიპენდიებზე და ორმოციოდე - ჯარზე. დამიჯერეთ, ეს ამბავი უეჭვო წყაროდან გავიგე.
მეორე ჯგუფშიც დაახლოვებით იგივეს იმეორებდნენ და კვაჭის წარსულს იგონებდნენ.
- კვაჭმა რუსეთი დღევანდელ ბედისგან ათი წლის წინათ გადაარჩინა. მეფეს გადადგომა უნდოდა. ვერავინ გადააჯერა. ბოლოს ეს საქმე კვაჭმა იკისრა და მეფე ტახტზე დასტოვა.
- ლონდონის და პარიზის ბირჟები ერთ კვირაში ყირამალა გადაატრიალა.
- ენვერ-ფაშამ რუსის მთელი ჯარი ტყვედ ჩაიგდო, მაგრამ კვაჭანტირაძემ ერთი მუჭა ქართველებით ბედი მოატრიალა, ოსმალთა ჯარი დაატყვევა და კინაღამ ენვერიც ხელში ჩაიგდო.
- ეგ არაფერი. ამერიკამ რუსეთს რამდენჯერმე გამოუგზავნა იარაღით დატვირთული გემები, მაგრამ გერმანელებმა ჩასძირეს. ბოლოს კვაჭანტირაძემ ეს საქმე იკისრა და ორმოცი გემი უვნებლად ჩამოიყვანა.
- ამბობენ ძალიან ნიჭიერი ფინანსისტიაო.
- ნიჭიერი კი არა, გენიოსია, გენიოსი!
- ბოლშევიკები თურმე ძალიან ამუშავებდნენ. კვაჭს ბრაზი მოუვიდა და ისე წაიყვანა საქმე, რომ მოსკოვის მთავრობა კინაღამ ერთ კვირაში დაჰღუპა. გაუგეს, მაგრამ მაგანაც გაუგო და გამოიქცა. თან ხუთასი შეიარაღებული გამოჰყვა. მერმე მისი რაზმი ხუთი ათასამდე გაიზარდა. ზარბაზნებით იკაფავდნენ გზებს. წითლებს სამჯერ თუ ხუთჯერ წაართვეს კიევი, ხარკოვი და როსტოვი. მოსკოვზედაც მიდიოდა, მაგრამ დენიკინს ვერ მოურიგდა.
დენიკინი მონარქისტი იყო, კვაჭანტირაძე კი პირსუფთა რესპუბლიკანელი ყოფილა. თუ ეგრეა, უთქვამს კვაჭანტირაძეს, თეთრებსაც კისერი მოგიტეხიათ და წითლებსაცო, მოტრიალდა და წამოვიდა. წითლებსაც მუსრი გაავლო და თეთრებსაც. ადესაც ძალით აიღო და