I
სირბილაანთ მიხამ სამხედრო ბეგარა მოიხადა და ისევ თავის სოფელს დაუბრუნდა.
ეს ამბავი იმავე საღამოს კარით-კარს მოედო. გასათხოვარი ქალები ამბობდნენ:
– ქა, გაიგე? სირბილაანთ მიხა დაბრუნებულა.
– ნეტავი მართას, რომ მაგისთანა შვილი დაუბრუნდა.
– სოფელსაც გაამხიარულებს, თორემ უმაგისოდ ჩვენი ქალები ობლებივით დაბორიალებდნენ.
– მაშ, ხვალ დიდი ლხინი იქნება.
– ჯიღაურიანთ ფეფელო ისე მოიპრანჭება, რომაა...
– ვერ მივართვი ბადრიჯანი! იმისი მამა პეტრე ისეთი კაცი არ არის, რომ სირბილაანთ ქვრივს ქალი მისცეს.
– რაღა დროს მიცემაა ქაა! იმის მამას თავდიდაანთ სიკოსთვის მიუცია სიტყვა. ამბობენ, იმ კვირას ნიშნობაც იქნებაო.
– მუსუსი არ დაანებებს. აი, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა.
გათხოვილი დედაკაცები უფრო გაბედვით ტიტინებდნენ.
– დაბრუნდა ქალების მუსუსი.
– აქაურობას აიკლებს.
– ნეტა ეხლა კი ვის აიჩემებს?
– ვისაც მოინდომებს. მე შენ გეტყვი, არ აჰყვებიან?
– ჯირითის დრო გაუვიდა. წარამარა ხელის გაკვრას აღარ აპატიებენ. დღეს ან ხვალ მოიკიდებს ერთ გოგოს და დაწყნარდება.
– ქაა, საწყალ მუსუსს რას ერჩით? ხუმრობა უყვარს, თორემ აქამდე ერთი ქალიც არ გაუფუჭებია.
– ვიცი, როგორც თავდება ხოლმე აგეთი ხუმრობა. მაგისთანა ხუმრობით თევდორეს თეკლე დალოგინდა.
ბიჭები ფუსფუსში ქალებს არ დაუვარდებოდნენ:
– ბიჭო, ღინღილ, ფრთხოლად იყავი, მოვიდა შენი სულთამხუთავი.
– ვინა, მუსუსი? მე რა მიშავს, შვილოსა! მე სოფო დავნიშნე და გავათავე. ვაი, ტიტესა, თორემა...
– ვინა, მენაა? ისეთი სახრე ვაჭამო ი შენ მუსუსსა, რომაა...
– შენ თუ სახრე იცი, მუსუსმა ისეთი მარგილის ტრიალი იცის, რომ ერთი დაკვრით შენს ლაბა კამეჩსაც კი მოსწყვეტავს კისერს.
– მე სხვების შიში არა მაქვს. ვაი, თავდიდიანთ სიკოს, რომ ფეფელოს დანიშვნა დააგვიანდა, თორემ ჩვენ რა გვიშავს.
– ვინა, პეტრე ჯიღაური უნიფხვო მუსუსას ქალს მიათხოვებს?!
– არ მიათხოვებს.
– არც მიათხოვებს და არც ახლო მიაკარებს.
– არც მიათხოვებს და კარგებსაც მისცხებს.
– რა იცით, რომ მუსუსი ფეფელოს დაადგამს თვალსა? იმის მეტი ქალი აღარ არის?
– იმიტომა, რომა ფეფელო მუსუსის მეზობელია და ერთად არიან შეზრდილი.
– შენ ისე სთქვი, რომ ფეფელოზე ლამაზი გოგო ახლო-მახლო არ მოიძებნება.
– ფეფელო წინათ სხვებს არა სჯობდა. ეხლა კი, სანამ მუსუსი ქალაქში იყო, ისე დამშვენდა და გაიშალა, რომ მუსუსი მაგას ხელს აღარ გაუშვებს.
– ეგ კი მართალია. თუ მუსუსმა ქალს თვალი დაადგა, რვა უღელი ხარ-კამეჩიც რომ მიაბა, ხელიდან ვეღარ გააგდებინებ.
მეორე დღეს სოფლის ნაპირას გახურებული ლხინი იყო. დაირას ბრაგუნი გაჰქონდა. ბუზიკა ჭყვიტინებდა, გოგო-ბიჭები ტაშით ხელებს იმტვრევდნენ. იქვე მახლობლად ბავშვებსაც ცალკე წრე გაემართათ და უფროსების დაირა-ბუზუკას აჰყოლოდნენ.
უცებ ქალებში ჩურჩული, წივილ-კივილი და სიცილი ატყდა:
– მუსუსი! მუსუსი!
– მუსუსი მოსულა, მუსუსი!
სირბილაანთ მიხა ქალებს ვენახიდან მიეპარა და ისე დაერია კაბებს, როგორც მგელი ფარეხს. თავჩაღუნული მუსუსი ქალებში მთვრალი დათვივით დაბორიალებდა, ხან ერთ ქალს მიასკდებოდა, ხან მეორეს გაჰკრავდა ხელს, ხან მესამეს წაეტანებოდა საკოცნელად და მეოთხესაც დაღუნული თავით ეტაკებოდა. დაფრთხალი ქალები ჟივილ-ხივილით აწყდებოდნენ ერთმანეთს. შორით დაბრუნებულ ხუმარას ძველებურად დაუხვდნენ – მხიარული მუშტებით, მეგობრული სილებით და და-ძმური ლანძღვით:
– უი, შენ კი გაგისკდა ეგ გოგრა თავი, აჰა!
– მეხი კი დაგაყარე მაგ ჯაგარა თავში, აჰა!
– დაიკარგე, შე წუნკალო, შენა!
ქალები წიწილებივით გაიფანტნენ. ბიჭებმა მხიარული ყაყანი ასტეხეს:
– მუსუს, გამარჯვება!
– მუსუს, გეყოფა, ბიჭო!
– მუსუს, გამოდი, ბიჭო, ერთი ჩვენც დაგვენახვე.
დაირა და ბუზიკა ერთი წუთით გაჩუმდა. თავდიდაანთ სიკომ და მისმა საბედომ ფეფელომ ცეკვა შესწყვიტეს და შუა წრეში შესდგნენ. ფეფელო ქალებისკენ წამოვიდა და მუსუსმაც სწორედ ამ დროს მოჰკრა მას თვალი. ორი ნახტომით აეტუზა წინ, ორივე ხელი გაშალა და დაიძახა:
– დაირავ, დაჰკა!
დაირა ისევ აბრახუნდა, ბუზიკაც კვლავ ატიკტიკდა, ხოლო გოგო-ბიჭებმა ისე ააბრაგულეს ხელები, რომ ტაშის ხმა სოფლის ბოლო უბანსაც კი მისწვდა.
ფეფელო მიმინოსავით გავარდა. მუსუსი ქორივით დაედევნა. თავდიდაანთ სიკო ჯერ ნაწყენ ბატივით გაჰყვა ორივეს, მერე ჩამორჩა, მიიხედ-მოიხედა და, თავჩაღუნული, სათამაშო ფორიდან გავიდა.
– განი! განი! – დაიძახეს აქეთ-იქიდან და გახელებულ ქალ-ვაჟს სანავარდო ადგილი მისცეს.
– ერთი დახე! ერთი დახე ამასა! – წამოიძახა ერთმა.
– ბიჭოს! – ვერ უყურებთ ამასა! – გაიკვირვა მეორემაც და ყველანი აყიყინდნენ:
– ე რეები უსწავლია მუსუსის? – შეხე, რა სცოდნია ქალაქსა!
– ერთი დახე, როგორ ათამაშებს ფეხებსა!