ნაწილი მესამე -
თავი მეათე -
კრაზანას ბუდე
შაქრისაგან უფრო ტკბილო, სანთელივით ჩამოსხმულო!
ცხენზე ზიხარ ლურჯაზედა, უნაგირზე ამოსულო!
ხალხური
მძიმედ დაჭრილი როსტომი და სულხანი ძმადნაფიცებს საკაცეებით მიჰქონდათ. როცა რაზმი ორად გაიყო, ცოცხალი ტვირთის საზიდავად არსენას ორი ჯანსაღი კაციღა შერჩა - მჩატე დალი ჰასანი და ბუმბერაზი ოსტაპი. მარინე ფეხმძიმედ იყო, მაგდანა მკვდარს ჰგავდა და ფიქრია მათს მოვლასაც ძლივს ასდიოდა. ტაშისკარისკენ მიმავალ რაზმელებს დაჟინებით ჰსურდათ არსენასთვის სამიოდე კაცი მაინც მიეშველებინათ, მაგრამ მარაბდელმა არ მოინდომა, რადგან შემდეგში თვითონ მშველელიც საშველებელი გაუხდებოდა.
ჯავახეთის ყველა გზები და ნოყიერი მთა-ძუძუები ცხვრის თეთრი ფარებით იყო შეკუნწლული და არსენაც მათის იმედით გაუდგა გზას. თავის წამოსვლის ამბავი ოძელაშვილს ყველგან წინ მიუძღოდა. უჩინარ შიკრიკებს და ნაცნობ-უცნობ მწყემსებს ბინით-ბინაში გადაჰქონდათ, არსენა მოდისო, და ყველა სარქალი რამდენიმე მწყემსითურთ მხურვალე გულით და ათასი მოკითხვით უხვდებოდა მას თავის საძოვრის საზღვარზე, ხოლო მეორე ბინის საზღვარზე ისეთი მოწიწებით აბარებდა სხვა სარქალს, თითქო საკუთარ შვილებს ისტუმრებდაო. ოსმალეთში რომ გადავიდნენ, თაფარავანის ტბასთან არსენას ნათლიმამა ფარსადან მირზაშვილი დაუხვდა.
- შვილო, არსენ, ეს რა ამბავია! - შესძახა მან და თავში ხელი წაიშინა. - შენც დაჭრილი ყოფილხარ და რაღა მეშველება!
არსენა მას შორიდანვე ჩამოუხტა ცხენიდან და განგებას მადლობა შესწირა იმის გამო, რომ ნათლიმამას საზღვარს აქეთ არ შეჰხვდა. მან კარგად იცოდა, რომ ლაწირაკმა გიგოლამ და ფარსადანმა წლეულს მურდალი ჩურჩული გამართეს და მას რამდენიმე ავი ხაფანგი დაუწნეს. მაშინ მარაბდელმა იგი ადვილად დაუგლიჯა. ახლა კი არც კი აგრძნობინა, რომ ის შავი საქმენი არსენამ დროზე გაუგო და მოუშალა. ახლა ორივენი ხონთქრის მიწაზე იყვნენ და ამიტომ ნათლიმამა არსენას ვეღარაფერს ავნებდა.
- ფიქრია მაჩვენე, არსენ! - გაიძახის ბოდბისხეველი და ფიქრია ცხენიდან ჩამოჰყავს. - გოგო, რამოდენა გაზრდილხარ! რა გშვენის ეგ ჩოხა და იარაღი! ღმერთსა ვფიცავ, ნათესავი რომ არ იყო, ჩემი ძმისთვინ გითხოვდი. - და მწყემსებს მიუბრუნდა:
- აბა, ბიჭებო, მიშველეთ! - მისმა მწყემსებმა სხვა მწყემსებს ორივე საკაცე ჩამოართვეს, ფარსადანმა კი ოძელაანი მოიკითხა:
- არსენ, როგორა გყავს საქონელი და დედ-მამა?
- ძაან კარგად, ნათლიმამ. შენი ცხვარი, ჯალაბ-ჯულაბი და ჩემი ნათლულები როგორღა არიან?
- ნუღა მკითხავ, ძმაო. ღვთისავარი და მელანო სად არიან?
- შინ არიან. - იტყუა მარაბდელმა.
- თქვენთან ძაან პირშავად გამოვედი. - აწუწუნდა ფარსადანი, - მაგრამ ღვთის ნება იყო და რა ჩემი ბრალია! ავდარმა და ნადირმა თქვენი ცხვარიც გაანახევრა და ჩემიც.
- არა უშავსრა, ნათლიმამ. - ანუგეშა არსენამ და გულში ჩაიცინა. - ღმერთმა მომცა, ღმერთმა წამართვა და ისევ ღმერთი დამიბრუნებს.
ერთი საათის შემდეგ ფარსადანის ბინა და ფარა გამოჩნდა. განიერ სერზე ხუთი ათასი ცხვარი უზარმაზარი თეთრი სუფრასავით გაშლილიყო. ოძელაშვილმა ერთხელ კიდევ ჩაიცინა, რადგან ფარსადანის ფარა ავდარს და ნადირს ორ წელიწადში ერთიორად მოემრავლებინა, ოძელაანთ ერთი მუჭა ცხვარი კი დაედნო და გაენახევრებინა. ფარსადანის ფარაში ღვთისავარის ცხვარს მწყემსებიც ვერ გამოარჩევდნენ, დარმა და ნადირმა კი გამოცდილი მცნობივით დაარჩია და შემუსრა.
„თურმე ადამიანიც, დარიც და მგელიც მე მერჩის. ალბათ ამ თაღლითს ტუტუცი თუ ვგონივარ“. - გაიფიქრა არსენამ და ბინაში არც კი შეიხედა. ფარსადანს ეწყინა.
- არა მცალიან, ნათლიმამ. - მიუგო ოძელაშვილმა. - დღესვე ახალქალაქში უნდა ჩავიდე, თორემ გზაში დამიღამდება. - და ისევ გზას გაუდგა.
* * *
ერთხელ სულხანმა თვალები გაახილა და ფიქრიას დააშტერდა, რომელიც თავთ ედგა და მაჯას უშინჯავდა.
- სადა ვარ, ფიქრო? - ჰკითხა მან მილეული ხმით.
- ახალციხეში, - მიუგო ქალმა და მაჯას ხელი გაუშვა.
- ნუ, ნუ გამიშვი. გამითბე, გენაცვალოს ჩემი თავი, გამითბე. - შეეხვეწა სულხანი თბილი ხმით და მიმქრალი თვალებით.
ფიქრიამ ისევ ჩამოართვა მაჯა და დიდხანს ეჭირა, თვალწინ კი „სულერთია“ დათუნა ედგა, რომელიც ახლა იქ, ალგეთის ხეობაში, ალბათ შავ მიწაში იწვა.
- რა გატირებს, ქალო? - ჰკითხა სულხანმა: - ისევ „ის“ გაგახსენდა, განა!
- არა, არა მეთქი! - სხაპუნით მიუგო არსენას დამ. - იყუჩე. რა დროს „ის“ არის! - და სწრაფად დაუმატა: - შენ დაგცქერი და იმიტომ ვტირი.
- განა ახლავე სატირალი ვარ?
- არა, მაგრამ... ისე ვთქვი.
სულხანმა თვალები