არსენა მარაბდელი - ნაწილი მეორე -
თავი მეექვსე -
არსენას ბუნაგი მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს,
ღმერთი როგორ წაახდენსა!
არსენას ლექსი
ალგეთის ზეგანზე ხელუხლებელ უღრან ტყეში შავი ლეჩაქი თანდათან თხელდება. ღამის ბინდი ფეხაკრეფით მიიპარება და მკრთალ რიჟრაჟს გაზაფხულის გრილი სიო, ხავსის ნესტი, ხევხუვის ტენი და ათასნაირი ბალახ-ყვავილების მათრობელა სურნელი მოაქვს, რომელსაც თან ერთვის მძიმე სუნი სოკოსი და თრიმლისა, მურყანის და გვირილასი, მთის შროშანის და დუცისა.
სადღაც ქვეით ცის კიდურზე მტრედის-ფერი ზოლი ნელ-ნელა გაგანიერდა, გაწითლდა და ბოლოს მუქი ნისლიდან ჯიგრისფერი ბურთი ამოლივლივდა. ეს მზე ორბელიან-ბარათაანთ ეკუთვნისთ, რადგან იგი მათს მამულში ამოდის და მათსავე მამულში ჩადის.
წეღან ტყეში ჩამუნიც არ ისმოდა, შემდეგ კი აქა-იქ თითქოს ხელის ფათური, ფრთხილი წრიპინი, ნელი ფრატუნი და უცნაური ფუსფუსი გაისმა. მერმე მას თანდათან სასიხარულო ჟივილ-ხივილი, ტაშის მსგავსი ცემა, ონავარ ფრინველთა ყრიყინი, წვრილფეხა ნადირთა წკმუტუნი და უცნობ სულიერთა ფხაჭუნი და წივილი დაერთო, და როცა ჩამუქებულს ტყეში უცებ მზის ათასი თინათინიც შემონაკადულდა და შუქის ნიაღვრებად შემოიჭრა, ფრინველთა, მწერთა, ბოვრთა და მხეცთა გუნდები ერთ სულიერად გადიქცნენ, რომელიც ნიავთან ერთად სხივებში გიჟური სიხარულით ბანაობდა, დაძვრებოდა, დაჰქროდა, ნებივრობდა და ერთ მთლიან საგალობელს მღეროდა.
უცებ ამ საგალობელს ცხენების ფრუტუნი და ჭიხვინიც შეუერთდა და ზედ ძაღლის ყეფაც დაერთო. ყურშა მხიარული წკმუტუნით გამოხტა ნამიან მდელოზე და ვეება პეპელას დაედევნა. იქვე ბუჩქის ძირში კურდღელი და ბაჭია თბებოდნენ და მზეზე პირს იბანდნენ. ძაღლის ყეფაზე ჯერ ყური სცქვიტეს, მერმე ისკუპეს, ძაღლს ცხვირწინ გაუსხლტნენ და ხტუნვით შეუდგნენ მწვანე აღმართს. დაფეთებული ყურშა გაწაფებული მისდევს, მაგრამ თვითონაც ესმის, რომ ნაგაზი კურდღელს ვერ დაეწევა და, შერცხვენილი, მალე უკანვე ბრუნდება. შემდეგ ანაზდად ამოფრენილს ორ ფრინველს მისდევს - ბოლოშავასა და ბოლოცეცხლას, რომელნიც კაკან-სიცილით უსხლტებიან ტორებიდან და იქვე დეკაზე სხდებიან. ყურშა ერთ ხანს უნდილად ჰყეფავს ქვეიდან და შემდეგ ლამობს ჯავრი ციყვზე იყაროს, რომელიც კარგა ხანია აწვალებს მას, მაგრამ კურდღლის ნათესავი უჩამუნოდ არბის ბებერ წიფელზე და იქიდან მაიმუნივით ეღმიჭება.
ცაში არწივი ლივლივებს, მერმე ქვასავით ეცემა მიწაზე და აწივებული ცხოველი კლანჭებით ააქვს პიტალო კლდეზე, სადაც მას მშიერი მართვები ელოდებიან. გაოცებული ყურშა ერთ ხანს თვალს ადევნებს ფრინველს, მერმე კი, შერცხვენილი და თავჩაღუნული, ისევ იმ მუხნარის ბურვილში შედის, საიდანაც წეღან გამოვარდა.
იქიდან ბოლის ლურჯი ნაკადები ამოდის. უშველებელ ფესვების ხლართებში აქა-იქ ნაბდიანი ხალხი ჰყრია, თვითონაც შავ ფესვებს ჰგვანან და იმავე ფესვებივით სძინავთ. წუხელის გვიან დაბრუნდნენ. როცა ბნელ ღამეში ამ უზარმაზარ კორდს უახლოვდებოდნენ, მამალმა სადღაც შორს მეორეჯერ იყივლა.
შეფიცულები გუშინწინ სათარეშოდ გავიდნენ. ქვეშეთის გზა მოინადირეს, მდიდარ ჩარჩებს წაართვეს, ღარიბ გლეხებს მისცეს, თეთრ წყაროს და სამშვილდეს ჩამოუქროლეს და დავლად მხოლოდ აუცილებლივ საჭირო თოფის წამალი, იარაღი, საცვალი, თამბაქო, ქსოვილი და ამგვარი წვრილმანი ამოიტანეს. არსენაც იქ იყო, მაგრამ აღარ წამოჰყვა. ბანაკი და რაზმი ლაცაბიძეს ჩააბარა და თვითონ კი მარნეულის გზით წამოვიდა მარაბდისაკენ, იმიტომ წამოვიდა, რომ თავისი ბუნაგიდან გამოგდებული ნადირი ნიადაგ იმავე ბუნაგს დასტრიალებს ხოლმე.
ფრთხილი ლაშქარა აფრთხილებდა, დიდ გზაზე ნუ გავალთ, რადგან იგი ჯარით არის სავსე და მტერს მოვიზიდავთო, და იმავე მიზეზით არც მარაბდაში ურჩია ჩასვლა. მაგრამ არსენამ არ დაუჯერა და გუშინდელი თარეშით მტრის ბანაკი წამოშალა: - ჯარიც და მილიციაც, ქალაქიც და მაზრაც, თავადიც და მიკიტანიც, რომელიც ნიადაგ კუდში მისდევს ლაშქარს, როგორც მგელი ცხვრის ფარას.
გავარდნილები თავიანთი წინაპრებივით ცხოვრობენ, რომელნიც ტყე-ღრეში იხიზნებოდნენ, როცა ბარს მტერი დაიპყრობდა, ან ჟამი დაერეოდა. მათი დღე რიჟრაჟზე იწყება. ყველაზე ადრე ბელადი დგება და ყველაზე გვიან იძინებს. მორიგესაც არსენა აყენებს, გუშაგებსაც ისა სცვლის და როცა უკანვე ბრუნდება, მარინე უკვე ზეზე უხვდება.
ლაცაბიძე ცეცხლთან ტრიალებს, მეშთა ნასუქალ ცხენებს უვლის. ზურა ყველას ეხმარება და საბა დალაქი მჭრელ სამართებელს მართავს, რომელიც იმ დროს ქართულ ფოლადეულთან ერთად სახელგავარდნილი იყო ყველგან, მაგრამ შემდეგში, მრავალ სხვა ქართულთან ერთად, ისიც სადღაც გადავარდა.
ქოხები შორი-შორს არის გამართული. თუ ერთს ხიფათი დაატყდა, მეორე თავის დროზე მიეშველება. მაგრამ კარგ დარში „საწყალ ქალის“ მარინეს გარდა მიწურში არავის სძინავს, რადგან ბუჩქნარი და მუხის ფესვები ჭერ-კედელზე უფრო საიმედოა.
იქვე არსენას მკლავის სისქო წყალი გადმოდის. რაზმელები წვერის გაპარსვის შემდეგ რიგრიგად იბანენ პირს და იმავე წყალს დილის ყავასავით მიირთმევენ, რომელიც იმდენად ცივია,