წინასიტყვაობა შვედი ღვთისმეტყველის, ემანუელ სვედენბორგის სახელი ნაკლებადაა ცნობილი ქართველი მკითხველისთვის, თუმც, მას არც მსოფლიოში იცნობენ ისეთი მასშტაბურობით, როგორც მაგალითად, წინასწარმეტყველ ნოსტრადამუსს. და ეს მაშინ, როცა სვედენბორგის კვლევის საგანი, თავისი თემით და გამაოგნებლობით, მრავალჯერ აღემატება გნებავთ ნოსტრადამუსის, გნებავთ, თანამედროვე ადამიანისთვის ცნობილ, სხვა, ნებისმიერი მისტიკოსის შრომებს.
ისეთი დიდი მწერალი და ლიტერატურის უზომო თაყვანისმცემელი, როგორიც გახლავთ ხორხე ლუის ბორხესი, წერდა, რომ მხოლოდ სიცოცხლის მიწურულს ეზიარა სვედენბორგის შრომებს, რომლებმაც იგი ღრმად ჩააფიქრეს. ბოლო წლების ლექციებში, “ გენიალური არგენტინელი ” ყველა წიგნიერს დაბეჯითებით ურჩევდა ამ „ გასაოცარი შვედის ” გაცნობა-შესწავლას.
მაინც, რით გააოცა ემანუელ სვედენბორგმა ბორხესი და მასთან ერთად მილიონობით ადამიანი, რომლებიც, XVII საუკუნიდან მოყოლებული გატაცებით კითხულობენ მის წიგნებს?
საქმე ის არის, რომ ემანუელ სვედენბორგი, უფლის ნებით და სურვილით წლების მანძილზე მოგზაურობდა სამოთხესა და ჯოჯოხეთში. სწორედ ამ “ მოგზაურობის ” აღწერას მიუძღვნა მან დაახლოებით 50 ტომი. ადამიანებს კი, მოგეხსენებათ, იმქვეყნიური სამყაროს ამბები აინტერესებთ ყველაზე მეტად, თუნდაც ქვეცნობიერად, იმის მიუხედავად, საერთოდ სწამთ იმქვეყნიური არსებობის თუ არა. და ეს გასაგებიცაა: გარდაცვალება აბსოლუტურად ყველა ფიზიკური არსების გარდაუვალი ფინალია, მაგრამ მხოლოდ ადამიანს ძალუძს იფიქროს მასზე მაშინაც კი, როცა იგი ბიოლოგიურად შორეულ პერსპექტივად ესახება.
ადამიანი გონიერი არსებაა და იცის, რომ მოკვდავია. თანაც, როგორც შესანიშნავმა პროზაიკოსმა, მიხეილ ბულგაკოვმა შენიშნა: „ უცაბედად მოკვდავიც “ . სწორედ ამის გამო, განურჩევლად და ხარბად (ერთგვარი სიფრთხილითაც) ვეცნობით ჩვენამდე მოღწეულ ტყუილ-მართალს სიცოცხლისმიღმა სამყაროს შესახებ. თავისთავად, ამ ინტერესით სარგებლობენ ყალთაბანდები და ათასგვარი „ ყვითელი ინფორმაციით “ თავგზას გვიბნევენ ისედაც დაბნეულ ცნობისმოყვარეებს, მაგრამ ინტერესი ამ საკითხის მიმართ არათუ ნელდება – ყოველწლიურად იზრდება.
მოვიყვანთ, თვითონ ემანუელ სვედენბორგის სიტყვებს, რომელიც ამ წიგნის ერთ-ერთ თავიდან ამოვიწერეთ: „ რაღა თქმა უნდა, გარდაცვალება ყველა ბურუსით მოცული და ყველაზე ძნელად ასახსნელი საიდუმლოა; ადამიანთა უდიდესი ნაწილი, არათუ გაურბის ამ საკითხზე საუბარს, ხშირად ფიქრსაც ვერ ბედავს მასზე. არადა, ეს ერთადერთი მისაგებელია, რომელიც აუცილებლად შეეხება ნებისმიერ ჩვენგანს.
მაშ, რამდენად გონივრულია გავურბოდეთ გარდაუვალის შეცნობას და თავს ვიტყუებდეთ ყოველდღიური წვრილმანებით?
სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობა ამ მხრივ სულმოკლეობას ავლენს; მართალია, ყველას აინტერესებს, რა ხდება იმქვეყნად, მაგრამ მხოლოდ სხვასთან მიმართებაში, ანუ თუ საუბარი პირადად მის გარდაცვალებას არ ეხება.
მოვხვდებით სამოთხეში? რა არის სამოთხე? რა უნდა ვაკეთოთ სამოთხეში?
ზოგი ფიქრობს იმაზე, თუ რას შეადაროს გარდაცვალება. ზოგს თვალწინ წარმოუდგება საკუთარი გარდაცვალების სურათი, და ასეთი ხილვა შიშს გვრის, ან დაავადებს.
რატომ ეშინია ადამიანს სიკვდილის? უპირველესყოვლისა, იმიტომ, რომ წარმოდგენაც არა აქვს მის შესახებ.
გარდა ამისა, ადამიანი დარწმუნებული არ არის, რომ სიცოცხლე სიკვდილის მერეც გრძელდება. არათუ დარწმუნებული არ არის, რეალობაში, ვერც კი წარმოუდგენია, ასეთი რამ ნამდვილად თუა შესაძლებელი; გულის სიღრმეში ძალიან ცოტას სწამს სიკვდილის მერე არსებობის; ან თუ სწამს, ეხატება ეს არსებობა, არა როგორც სრულყოფილი, არამედ რაღაც ეთერული, გაუცნობიერებელი ფორმით.
და აი, სწორედ მე შემომთავაზა უფალმა, საკუთარი თვალით მეხილა და განმეცადა ყოველივე ის, რაც თავს გადახდენია ან აუცილებლად გადახდება ყოველ მოკვდავს... “
და მაინც, ამ საკითხში ადეპტად აღიარებული კაცი, რაგინდ გასაკვირი არ უნდა იყოს ეს, ნაკლებადაა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის...
რატომ?
სხვათა შორის, სწორედ ეს კითხვა აღელვებს ბორხესსაც, თუმც, იგი, როგორც ყოველთვის, და მისთვის ჩვეული გამჭრიახობით, ორიგინალურად პასუხობს მასზე:
„ მართალია, სვედენბორგის შრომები მრავალ ენაზეა თარგმნილი, ასე განსაჯეთ, ჰინდსა და იაპონურზეც კი, მაგრამ მათ არ მოუპოვებიათ განსაკუთრებული პოპულარობა და იმ მასშტაბით გავლენა არ მოუხდენიათ ადამიანებზე, რასაც ეს შრომები იმსახურებს. ჩემი აზრით, ეს დაკავშირებულია საერთო სკანდინავიურ ბედისწერასთან. მაგალითად, ვიკინგებმა ამერიკა კოლუმბზე რამდენიმე საუკუნით ადრე აღმოაჩინეს, მაგრამ ამას მათ არ უთვლიან; რომანები, როგორც ჟანრი, მოდის ისლანდიური საგებიდან, მაგრამ თვითონ საგები რომანებივით ვერ გავრცელდა; ისტორიაში იშვიათად თუ მოიძებნება კარლოს XII-ს ტოლი სამხედრო სტრატეგი, თუმცაღა, როცა ომების შესახებ ვსაუბრობთ, ვიხსენებთ მაკედონელს, ჰანიბალს, ნაპოლეონს და სხვებს, რომლებიც ახლოსაც ვერ მივლენ კარლოს XII-ს სამხედრო გმირობებთან. სვედენბორგის შრომებს უნდა განეახლებინა ეკლესია, მაგრამ ისინი თითქოს სიზმარში დარჩნენ, ისევე, როგორც მთელი სკანდინავია... “
ბორხესი ამბობს, რომ სვედენბორგს და მის შრომებს მაღალ შეფასებას აძლევდნენ დიდი საზოგადო მოღვაწეები: „ ემერსონი ამბობდა სვედენბორგის შესახებ: სამწუხაროდ, სვედენბორგმა ჩვენ მხოლოდ ორმოცდაათი ტომი დაგვიტოვაო; ბერნარდ შოუც მსგავს სინანულს გამოთქვამს; უილიამ