იესოს დაბადების შესახებ
იესო, ჩემი შვილიშვილი, აქ, ნაზარეთში, იანვრის თვეში გაჩნდა. სწორედ იმ ღამით, როცა ის დაიბადა, ჩვენთან აღმოსავლელი კაცები ჩამოხდნენ სპარსელი მოგვები, რომლებიც ეგვიპტეში მიდიელთა ქარავანს გამოჰყოლოდნენ, გზად კი პალესტინაზე გამოევლოთ. ფუნდუკში თავისუფალი ოთახები ვერ მოეძიებინათ; ამიტომაც, მოვიდნენ და თავშესაფარი ჩვენთან ითხოვეს. კი შემოვიპატიჟე, მაგრამ თან მოვუბოდიშე კიდეც: ჩემ გოგოს ამ ღამით ბიჭი შეეძინა და იმედია, მაპატიებთ, თუკი როგორც დიასახლისი, საკადრისად ვერ გიმასპინძლებთ-მეთქი. მადლობა მითხრეს მასპინძლობისათვის, ივახშმეს და მთხოვეს თუ შეიძლება, ახალშობილს ვნახავთო.
მარიამის ძე ულამაზესი იყო და დედამისიც საუცხოო მშვენებით ბრწყინავდა.
ხოლო როცა მოგვებმა იხილეს მარიამი და მისი ძე, ამოიღეს აბგებიდან მცირედი ოქრო, ვერცხლი, გუნდრუკი და მური და ყველაფერი ახალშობილის ფეფებთან დააწყვეს. შემდეგ მუხლი მოიყარეს და რომელიღაც უცხო ენაზე, ჩვენ რომ არ გვესმოდა, ლოცვა აღავლინეს.
როცა იმ საძინებლისაკენ წავუძეხი, მათთვის რომ გავამზადე, თითქოს, შეძრწუნებულნი იყვნენ იმით, რაც იხილეს. დილით კი, ჯერ ხეირიანად არ ერიჟრაჟა, რომ დაგვტოვეს და განაგრძეს თავიანთი სავალი ეგვიპტისკენ. თუმცა, სანამ დაგვშორდებოდნენ, გამომელაპარაკნენ და მითხრეს:
ჩვილი ჯერ ერთი დღისაც არ არის. ამის მიუხედავად, მის თვალებში ჩვენი ღმერთის შუქი, ბაგეებზე კი უფლის ღიმილის ათინათი შევამჩნიეთ. ამიტომაც, გთხოვთ, უპატრონოთ, სანამ გაიზრდება და ყველა თქვენგანს გიპატრონებთო! საუბარი რომ მოათავეს, აქლემებზე ამხედრდნენ და ამის შემდეგ მათთვის თვალი აღარ მოგვიკრავს.
მარიამს კი იმ წუთიდან ისეთმა ძრწოლამ და შიშნეულმა გაოგნებამ დარია ხელი, რომ ამ გრძნობამ შვილის ყოლის სიხარულიც კი გადაფარა.
რამდენჯერ ყოფილა, თვალს ჯერ ბავშვს შეავლებდა, მერე ფანჯრისაკენ მიბრუნდებოდა და შორს, ცას ასცქეროდა, თითქოს, რაღაც ხილვას უყურებსო.
ამ დროს იმის გულსა და ჩემს გულს შორის ღრმა ხევი იდო.
ბავშვი სულიერად და ხორციელად გაიზარდა, თანატოლებს კი არაფრით ჩამოჰგავდა. მარტოობისაკენ ისწრაფოდა; რთული ბუნებისა იყო და მორჩილებას ვერ ეგუებოდა. ხოლო მე მასზე ხელის აწევას ვერასდროს ვბედავდი. ამის მიუხედავად, იგი მთელ ნაზარეთს უყვარდა და გულის სიღრმეში ამის მიზეზიც მშვენივრად ვიცოდი.
რამდენჯერ წაუღია სახლიდან ჩვენი სარჩო, რომ ვიღაც უცხო გამვლელები დაეპურებინა. რამდენჯერ სხვა ბავშვებისთვის უჩუქებია ტკბილეული, მისთვის რომ მიმიცია, ისე, რომ თვითონ ჯერ გემოთიც არ გაესინჯა.
რამდენჯერ ამძვრალა ჩვენი ბაღის ხეებზე ხილის დასაკრეფად, მაგრამ თვითონ კი არ შეუჭამია, სხვათათვის წაუღია.
თანატოლებს ხშირად ეჯიბრებოდა და თუმცა მათზე ფეხმარდი იყო, სხვებს გზას უთმობდა, რომ დათქმულ მიჯნამდე იმათ უფრო ადრე მიეღწიათ.
დროდადრო, როცა დასაძინებლად ვაწვენდი, მეტყოდა ხოლმე:
უთხარი დედაჩემსა და სხვებს, რომ ჩემი არსებიდან მხოლოდ სხეული იძინებს, სული კი ადამიანებთან რჩება, რათა წარუძღვეს მათ იმ დილისაკენ, რომელიც მეთნევა.
რამდენი საოცარი სიტყვა უთქვამს სიყმაწვილეში, მაგრამ აბა საიდან უნდა მახსოვდეს ახლა, როცა სიბერის გულმავიწყობა მომძალებია.
მეუბნებიან, რომ მისი ნახვა თვალებს აღარასოდეს გამიცისკროვნებს; მაგრამ როგორ დავიჯერო, რასაც ამბობენ?!
ჯერ ისევ მესმის მისი სიცილი, მისი ფეხების ტყაპატყუპი, ჩვენი სახლის მახლობლად რომ დარბოდა. ხოლო ჩემ გოგოს ღაწვებს რომ ვუკოცნი, გულში მისი სურნელი მიტრიალებს, თვალწინ მისი სახება დამიდგება და მკლავებს მისი სხეული მივსებს.
მაგრამ განა უცნაური არაა, რომ ჩემი გოგო არაფერს მეუბნება თავისი სიყრმის შვილის შესახებ?!
ზოგჯერ მეჩვენება, რომ იგი მე უფრო მენატრება, ვიდრე ჩემ ქალიშვილს: ჩემი გოგო დღითი დღე ფოლადისაგან ჩამოსხმულს ემსგავსება, მაშინ, როცა მე გული მიდნება და ცრემლების ნიაღვრებად ჩამომდის...
იქნებ ჩემმა გოგომ იცის, რაც მე არ ვიცი და ნეტავ კი მეტყოდეს, რა იცის...