წიგნი პირველი
I
1. „დიდი ხარ შენ, უფალო, და ღირსი იმისა, რომ ყველა გაქებდეს: დიდია ძალა შენი და უსასრულოა სიბრძნე შენი“ [1]. და შენი ქება სურს კაცს, შენივე ქმნილებების უბადრუკ ნაწილს; კაცს, თავისი მოკვდავობით მოსილსა და თავისივე ცოდვით აღბეჭდილს, რომელიც მოწმობს, რომ შენა ხარ „მზვაობართა წინააღმდგომი“ [2]. და მაინც, შენი ქება სურს კაცს, შენივე ქმნილებების უბადრუკ ნაწილს. თვითონვე აღძრავ საიმისოდ, რომ შენი ქებით დატკბეს, რადგანაც შენთვის შეგვქმენი; და არ დაცხრება ჩვენი გული, ვიდრე არ განისვენებს შენში. მომეცი ძალა, უფალო, შევიცნო და მივხვდე, რითი დავიწყო: ჯერ გიხმო, ვიდრე ქებას შეგასხამდე, თუ ჯერ შეგიცნო და შემდეგ გიხმო? მაგრამ როგორ გიხმოს იმან, ვისაც ვერ უცვნიხარ? შენმა ვერმცნობმა შენ კი არა, შეიძლება სხვას უხმოს. ან, იქნებ, შენს შესაცნობად უმჯობესია ჯერ გიხმონ? „მაგრამ როგორ უხმობენ იმას, ვინც არა სწამთ? ან როგორ ირწმუნებენ მქადაგებლის გარეშე? და ადიდებენ უფალს მაძიებელნი მისნი“ [3]. მაძიებელნი ჰპოვებენ მას და მპოვნელნი ადიდებენ მას. მე მოგძებნი, უფალო, შენი მხმობელი, და გიხმობ შენი მორწმუნე, რადგანაც შენი დიდება გვექადაგა ჩვენ. შენ გიხმობს, უფალო, ჩემი რწმენა, რომელიც მომეცი მე, რომელიც შთამაგონე მე შენი განკაცებული ძის მეოხებითა და შენი მქადაგებლის [4] მსახურებით.
II
2. მაგრამ როგორ ვუხმობ ღმერთს ჩემსას, ღმერთსა და უფალს ჩემსას? ვინაიდან როდესაც ვუხმობ, ჩემშივე ვუხმობ მას, მაგრამ სადაა ჩემში ადგილი, რომ იქ შემოვიდეს უფალი ჩემი? სად შემოვა ჩემში ღმერთი; ღმერთი, „რომელმაც შექმნა ცა და მიწა?“ [5] უფალო ჩემო, არის კია ჩემში რაღაც ისეთი, რომ დაგიტიოს? განა შენს მიერ შექმნილი ცა და მიწა, რომელთა წიაღშიაც შემქმენი მე, შენი დამტევნი არიან? მაგრამ უშენოდ არ იქნებოდა არაფერი, რაც არსებობს [6]; მაშასადამე, ყველაფერი, რაც არსებობს, შენი დამტევია? კი მაგრამ, მეც ხომ ვარსებობ; მაშ, რაღაც გთხოვ, რომ ჩემში შემოხვიდე: მე ხომ არ ვიქნებოდი, შენ რომ არ ყოფილიყავი ჩემში? „ქვესკნელშიაც რომ ჩავიდე, შენც იქ იქნები“ [7]. მე ხომ არ ვიქნებოდი, ღმერთო ჩემო, საერთოდ არ ვიქნებოდი, ჩემში რომ არ იყო, ან, უფრო სწორად, არ ვიქნებოდი, შენში რომ არ ვყოფილიყავი; შენში, „ვისგანაცაა ყოველი, ვისი მეოხებითაცაა ყოველი, ვის არსშიცაა ყოველი“ [8]. ჭეშმარიტად ასეა, უფალო ჩემო, ჭეშმარიტად ასე. სად გიხმო, თუკი შენში ვარ? ან საიდან შემოხვალ ჩემში? სად წავიდე, ვინც ცასაც გავცდე და მიწასაც, რომ იქ მომეახლოს უფალი ჩემი, რომელმაც თქვა: „მე ვავსებ ცასა და მიწას“ [9].
III
3. მაშ, გიტევენ თუ არა ცა და მიწა, რაკიღა შენა ხარ მათი აღმვსები? ან იქნებ ავსებ და მაინც რაღაცა რჩება შენგან, რომ ვერ გიტევენ? კი მაგრამ, სადა ღვრი მაგ შენს ნაშთს, თუკი ცასა და მიწასაც ავსებ? იქნება სულაც არ გჭირდება დამტევი, ყველაფრის დამტევს, ვინაიდან რასაც ავსებ, თვითონვე იტევ. შენით აღსავსე ჭურჭელნი როდი განიჭებენ სიმყარეს: დაე, დაიმსხვრნენ, შენ მაინც არ დაიღვრები. ხოლო როცა ჩვენში იღვრები, კი არ ემხობი, არამედ ჩვენ აღგვაზევებ; კი არ იფანტები, არამედ ჩვენი გვკრებ. და ყველაფერს, რასაც ავსებ, მთელი შენი არსებით ავსებ? იქნებ საგნები, რომლებსაც არ შეუძლიათ მთლიანად დაგიტიონ, მხოლოდ შენს ნაწილს იტევენ, და ყველა ერთად ერთსა და იმავე ნაწილს იტევს? თუ თვითეული მათგანი თავის შესაბამის ნაწილს იტევს: დიდი - დიდს, მცირე კი - მცირეს? მაშ, შენი ერთი ნაწილი უფრო დიდია, მეორე კი უფრო მცირე? თუ ყველგან მთლიანი ხარ და არცერთ საგანს არ შეუძლია მთლიანად დაგიტიოს? [10]
IV
4. ვინა ხარ, ღმერთო ჩემო? გეკითხები, ვინა ხარ-მეთქი, თუ არა უფალი ღმერთი ჩემი? „ვინ არის უფალი, გარდა უფლისა, ან ვინ არის ღმერთი, გარდა ჩვენი ღმერთისა?“ [11] უზენაესო, უკეთილესო, მძლეთა-მძლეო, ყოვლად ძლიერო, ყველაზე გულმოწყალევ და ყველაზე სამართლიანო, ყველაზე იდუმალო და ყველგან მყოფო, უმშვენიერესო და უმტკიცესო, უძრავო და გონებამიუწვდომელო, თვით უცვლელო და ყოვლის მცვლელო, მარად ახალო და მარად ძველო, რომელიც განაახლებ ყველაფერს და „აბერებ მზვაობართ, თუმცა თვითონაც არ იციან ეს“ [12]; მარად ქმედითო და მარადიულ სიმშვიდეში დავანებულო, რომელიც ჰკრებ ყველაფერს, თუმცა არა გჭირდება რა; მოგაქვს, ავსებ და ფარავ; ქმნი, ზრდი და სრულყოფ; ეძებ, თუმცა ყოვლის მფლობელი ხარ; გიყვარს, მაგრამ როდი მღელვარებ; ეჭვობ, მაგრამ არ შფოთავ; სასოებ, მაგრამ როდი ვალალებ; მრისხანებ, მაგრამ აუმღვრეველი ხარ; საქმეს იცვლი, მაგრამ არა ზრახვას; ყველაფერს აგროვებ, რასაც