დღესასწაული
«და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი...» (რომ. 13,11)
წელიწადის დროებს, თვეებს თუ დღეებს თითოეულ მათგანს თავისი საკუთარი თვისება, სხვათაგან გამორჩეული ინდივიდუალობა აქვს. ბუნება ხილული ნიშნებით გვიცხადებს თავის რიტმს. წელიწადის ყოველ დროს თავისი ნიშანი აქვს, წელიწადის წრებრუნვაში თავისი საკუთარი სახელით არის ჩაწერილი. ბუნება იძლევა ნიშანს და ყანა იხვნება, მთესველი მიუყვება ხნულს და თესავს მარცვალს. როცა ყანა ოქროსფრად ათავთავდება და თავს დახრის, მომკალი გადის ნამგლით ხელში ეს მკათათვეა. როცა ყურძენში მზის თვალი ჩადგება, ღვინობისთვეა, რადგან ყურძნის ფერისცვალება ღვინოშია.
მაგრამ წელიწადის არეებს, დღეებს, აქვთ უხილავი ნიშნებიც, რომლებიც მხოლოდ სულიერი თვალისათვის არის ხილული. და ეს უხილავი ნიშანი სიწმიდეა.
არსებობს სიწმიდე საგანთა, არსებობს სიწმიდე ადგილთა, არსებობს ადამიანის სიწმიდე. მაგრამ სიწმიდე დროისა პირველადია. პირველი რეალობა სამყაროში, რომელსაც ღმერთმა შესაქმის დღეთა დასასრულს სიწმიდე დაანათლა, დროჟამული მონაკვეთი იყო დღე («აკურთხა ღმერთმან დღე მეშვიდე და წმიდაყო იგი», დაბ.2,3). მეშვიდე დღე პირველი დღესასწაულია, დღესასწაულთა დასაბამი.
მთელი წელიწადი ქრისტიანისთვის გადის დღესასწაულებით, შვიდეულებით, დღეღამეულებით... ყოველ დღეს თავისი უნიკალობა აქვს, ყოველი დღე განუმეორებელია. ერთია დღე ქრისტეს შობისა, როცა ხილული მზე აღმასვლას იწყებს, დღე მატულობს, და ბუნების ეს მოვლენა სომბოლური შინაარსით ივსება. და სხვაა დღე ფერისცვალებისა, როცა ნაყოფის სიმწიფე სულიერი სიმწიფის ნიშანი ხდება. სხვაა კვირადღე დღე უფლის აღდგომისა და სხვაა დღე პარასკევი...
მთელი წელიწადი ქრისტიანისთვის «უთვალავი ფერით» არის გასხივოსნებული. მის გულში გაივლის ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრება შობიდან ამაღლებამდე, მნიშვნელოვანი ეპიზოდები თუ ფაქტები ეკლესიის ისტორიიდან, წმ. მოწამეთა თუ ღვაწლმოსილ პირთა ცხოვრებიდან, და ეს ყოველივე ერთვის მის პირად გამოცდილებას. დღესასწაულები ავსებენ წელიწადს სულიერი შინაარსით, ამაღლებენ წუთისოფლის მსხემსა და ხიზანს ნივთიერ სამყაროზე და მარადისობაში შეჰყავთ. რაც მოხდა, დღესაც ხდება და მისთვის ხდება. ვინც მიყვება ქრისტიანული წელიწადის რიტმს, როგორც მთესველი და მომკალი, ის ეზიარება წარუვალ ჭეშმარიტებებს, რადგან ყოველი დღესასწაული ამ ჭეშმარიტებებით არის ბეჭედდასმული.
დღესასწაული სარკმელია, რომელიც გვახედებს წუთისოფლის მიღმა, საიდანაც მომავლის სხივებს ვხედავთ. რა იქნებოდა ეს წუთისოფელი უდღესასწაულოდ? მხოლოდ უსარკმელო გამოქვაბული, რომლის კედლებზე მოფარფატე ლანდები თუ მიგვანიშნებდნენ უფერული დროჟამის დინებას. ყოველი რელიგია, რაც კი არსებობს, მოწოდებულია გახსნას სარკმელი მიღმიერი სამყაროსკენ. ყველა რელიგიას აქვს თავისი სადღესასწაულო კალენდარი.
ქრისტიანული მართლმადიდებლური სადღესასწაულო კალენდარი უმდიდრესია მსოფლიო რელიგიურ კალენდართა შორის. ის მოიცავს უნივერსალურ ქრისტიანულ სიწმიდეებს, მოიცავს ეროვნულს და ის პასუხობს ყოველი ადამიანის სულიერსარწმუნოებრივ მოთხოვნილებებს. ქრისტიანი პოულობს ყოველ დღესასწაულში თავის სახლს, რომლის ზღურბლზე ის სტოვებს წუთისოფლის მტვერს და, როგორც ალმოდებული ბუჩქის წინ მდგარი მოსე, გაიძრობს წარმავლობის ხამლებს, რათა შევიდეს იმ სახლში დღესასწაულის დროჟამში, ხატში მარადისობისა, და განწმედილი გამოვიდეს.
დღესასწაულთა და ხსენებათა სისავსე და თანამიმდევრობა ქმნის ლიტურგიკულ წელიწადს, რომელმაც მორწმუნეთა სულსა და გონებაში საღმრთო ისტორია უნდა გააცოცხლოს. ეს პრინციპი საეკლესიო კალენდრის თარგს იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრებაზე აფუძნებს. მღვდელმსახურების უძველესი ძეგლების (საგალობელთა კრებულები, მრავალთავები, ლექციონარები, იადგარები) დღესასწაულთა კიბეს ხარება (25 მარტი) უძღვის, ქრონოლოგიური რიგი იწყება შობით (25 დეკემბერი) და ახალი საშობაო მარხვის პერიოდით მთავრდება. მოძრავი დღესასწაულები (აღდგომის ციკლი) წარმოდგენილია უძრავ დღესასწაულებს შორის: შობის, ნათლისღების და მირქმის საკითხავებს მოსდევს დიდმარხვის, აღდგომის, ახალკვირის, ამაღლებისა და სულთმოფენობის ჰომილიები, შემდეგ კი იოანე ნათლისმცემლის ხსენება და დანარჩენი დღესასწაულები.
ჩვენ ავირჩიეთ ტრადიციული თანამიმდევრობა დღესასწაულთა, ოღონდ დავიწყეთ შობით და არა ხარებით, დავეფუძნეთ რა უფრო ძველ ტრადიციას (IVVI სს), როცა სადღესასწაულო წელიწადი შობით იწყებოდა, ვიდრე VI სის 70იან წლებში ხარების დღესასწაულმა არ დაიჭირა პირველი ადგილი.