სტატისტიკურად, შაკიკი მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს აწუხებს და იგი გაცილებით ხშირია ქალებში (ბავშვების 4%-ს, კაცების
6%-ს, ქალების 18%-ს). ყველაზე ხშირად 25-55 წლის ასაკში გხვდება. ქალებში შაკიკი ხშირად მენსტრუაციულ სისხლდენის დროს ჰორმონალურ ცვლილებასთან არის კავშირში. ყველაზე ხშირად ციკლის დაწყებამდე (მენსტრუაციულ სისხლდენამდე) 2 დღით ადრე და დაწყებიდან მე-3 დღემდე პერიოდში იჩენს თავს. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენეტიკა და გარემო ფაქტორები. ამ უკანასკნელში მნიშვნელოვანია ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესი, ძილის რითმის დარღვევა (ძილი ძალიან მცირე ან დიდი ხნით) და ზედმეტად მცირე ან ნორმაზე დიდი ულუფებით კვება. თუ როგორ ვითარდება შაკიკი ეს ბოლომდე გარკვეული არ არის. ყველაზე გავრცელებული თეორემის მიხედვით, ტვინის მკვებავ არტერიებში ხდება დროებითი გაფართოება (ვაზოდილატაცია), რაც სხვა და სხვა ნეიროტრანსმიტერის გამოყოფას იწვევს, რაც ანთებით პროცესს ააქტიურებს. ეს ანთებითი პროცესი კი არის თავის ტკივილის მიზეზი.
შაკიკი დროს ადამიანს აქვს 4-72 საათის განმავლობაში, ძირითადად თავის ერთ ნახევარში ლოკალიზებული (იშვიათად თავის ორივე ნახევარში), მოპულსირე, საშუალო ან ძლიერი სიმძიმის თავის ტკივილია. ფიზიკურ აქტივობასთან ერთად თავის ტკივილის სიძლიერეც იმატებს. ტკივილს ხშირად თან ახლავს ღებინების შეგრძნება ან გულის რევა; ხმის, მკვეთრი შუქისა (მზის სინათლისა თუ ნათურის შუქის) და გარკვეული სუნის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. შაკიკის შეტევის სიმპტომების დაწყებამდე პაციენტს შეიძლება ჰქონდეს პროდრომალური პერიოდი, რაც შაკიკის შეტევის მაუწყებელია. პროდრომალური პერიოდი გრძელდება რამდენიმე საათიდან 2 დღემდე და მოიცავს შემდეგ სიმპტომებს: მომატებული მთქნარება, ძილის სურვილი, უძალობა, კონცენტრაციის ნაკლებობა, უმადობა, ტკბილეულობის ჭამის სურვილი, ხშირი შარდვა, შეკრულობა, სავსე მუცლის შეგრძნება და სხვა.
შაკიკის დაახლოებით 80% აურის გარეშე გხვდება, 20% შემთხვევაში კი შაკიკს წინ აურა უსწრებს. აურა 5-60 წუთის განმავლობაში გრძელდება და მისი დასრულებისთანავე იწყება შაკიკისთვის დამახასიათებელი თავის ტკივილი. აურას სხვა და სხვა სახეობა არსებობს და პაციენტს ხშირად რამდენიმე მათგანი ერთდროულად აქვს. აურას სახეობები:
მხედველობითი აურა - სინათლის გაელვება, მოციმციმე ლაქები, რაც მხედველობის არეს ამცირებს;
მგრძნობელობითი აურა - გარკვეული სუნის შეგრძნება (სუნის, რომელიც სინამდვილეში სუბიექტის გარემოში არაა), ჩხვლეტის შეგრძნება სხეულის ნებისმიერ ადგილზე;
ლინგვისტური აურა - დამახასიათებელია საუბრის დეფექტით (დისფაზიით);
მოტორული აურა- სიარულის გაძნელება, სხეულის ერთ ნახევარში კუნთების სისუსტე. საყურადღებოა, რომ შაკიკის გარდა ამას ინსულტიც იწვევს და დაუშვებელია ასეთი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დროის დაკარგვა, რადგან მისი არსებობის შემთხვევაში დაკარგული ყოველი წუთი ტვინის მილიონობით უჯრედის სიკვდილს გამოიწვევს (იხილეთ ინსულტი);
ტვინის ღეროს აურა - ვერტიგო (ძლიერი თავბრუსხვევის შეგრძნება), ტინიტუსი (ყურებში “ზარის რეკვის” შეგრძნება), დიპლოპია (მხედველობის გაორება), კონცენტრაციის დეფიციტი;
თვალის ბადურას აურა - ხასიათდება მხედველობის დროებითი დაკარგვით.
აურის გარეშე შაკიკის დიაგნოზის კრიტერიუმი:
ა) ბ, გ და დ კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელი გადატანილი თავის ტკივილის სულ მცირე 5 შეტევა.
ბ) თავის ტკივილის ქონა 4-72 საათის განმავლობაში (მკუნრალობის გარეშე ან არასაკმარისი მკურნალობით)
გ) თავის ტკივილი უნდა შეიცავდეს ქვემოთ აღწერილ 2 ან მეტ მახასიათებელს:
- თავის ერთ ნახევარში ლოკალიზებული;
- მოპულსირე;
- საშუალო ან მძიმე სიმძიმის;
- აუტინული ფიზიკური აქტივობებით თავის ტკივილის გაძლიერება და ამ აქტივობებისგან თავის შეკავება;
დ) ტკივილთან ერთად პაცინეტს უნდა ჰქონდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან სულ მცირე 1 მახასიათებელი:
- გულისრევის შეგრძნება ან გულისრევა;
- შუქსა და ხმაურზე ზედმეტი მგრძნობელობა (ორივე მათგანზე და არა მხოლოდ ერთ-ერთზე).
აურით შაკიკის დიაგნოზის კრიტერიუმი:
ა) 2-ჯერ ან მეტჯერ გადატანილი შეტევა, რომლებიც აკმაყოფილებენ ბ და გ კრიტერიუმებს.
ბ) ბოლომდე შექცევადი ერთი ან რამდენიმე სახის აურას სახეობა:
- მხედველობითი,
- მგრძნობელობითი,
- მოტორული,
- ლინგვისტური,
- თვალის ბადურის,
- ტვინის ღეროს აურა.
გ) ქვემოთ ჩამოთვლილი 6 მახასიათებლიდან ყველაზე მცირე 3-ის ქონა:
- სულ მცირე ერთი აურას სიმპტომი 5 წუთი ან უფრო დიდი ხნის განმავლობაში ნელ-ნელა ვითარდება, იზრდება;
- 2 ან მეტი აურას სიმპტომების ერთმანეთის მიყოლებით გადაბმა;
- ნებისმიერი აურას სიმპტომი 5-60 წუთში მთავრდება;
- სულ მცირე ერთი აურას სიმპტომი ცალ მხარეზეა;
- სულ მცირე ერთი აურას სიმპტომი დადებითი ხასიათისაა (მაგალითად, დადებითი ვიზუალური აურას მახასიათებელია, როცა მხედველობის არეს რაღაც ემატება - კაშკაშა შუქის გაელვება და ფერადი ზიგზაგის გამოჩენა);
- აურას დასრულებისთანავე ან მისი დასრულებისგან არაუგვიანეს 60 წუთის შემდეგ თავის ტკივილის დაწყება.