1. რა არის ალერგია ალერგია ორგანიზმის მოჭარბებული მგრძნობელობაა ამა თუ იმ ფაქტორის (სიცივის, სიცხის, რომელიმე ორგანული თუ არაორგანული ნივთიერების) მიმართ. ეს ფაქტორები თავისთავად უწყინარია, მაგრამ ზემგრძნობიარე იმუნური სისტემა, უხეშად რომ ვთქვათ, თავს იზღვევს და მათ ზემოქმედებას მკვეთრი რეაქციით პასუხობს, რაც უსიამოვნო, ავადმყოფურ მოვლენებს: სურდოს, ხველას, შეშუპებას, გამონაყარს - იწვევს.
უკეთ რომ გავიგოთ, რატომ პასუხობს ორგანიზმი ალერგიული რეაქციით ზოგიერთ ფაქტორს, ამაზე შედარებით ვრცლად შევჩერდებით. როგორც ცნობილია, იმუნური სისტემა ორგანიზმს უცხო სხეულის შეჭრისა და მისი მავნე ზემოქმედებისგან იცავს. ამისთვის ორგანიზმში ვითარდება ნორმალური იმუნური რეაქცია - ნორმალური იმუნური პასუხი, რომლის მექანიზმი რთულია. მისი ერთ-ერთი საფეხურია ანტისხეულების გამომუშავება, რომელთა ამოცანაა, გაანეიტრალონ ორგანიზმში შეღწეული უცხო ნივთიერება - ანტიგენი. იმუნიტეტს შესანიშნავი მეხსიერება აქვს: "უცხოს" პირველი კონტაქტისთანავე იმახსოვრებს და სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებს მისი ამოცნობის უნარს. თუ ეს ანტიგენი კვლავ მოხვდა ორგანიზმში, იმუნური სისტემა ამოიცნობს მას და საგანგებოდ მისთვის მომზადებული ანტისხეულებით მოიგერიებს.
თეორიულად ნებისმიერი იმუნური რეაქცია წარმატებული და შედეგიანი უნდა იყოს, მაგრამ ზოგჯერ, ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზის გამო, იმუნური სისტემა კარგავს საკუთარი თავის კონტროლის უნარს, უხეშად რომ ვთქვათ, აჭარბებს თავის უფლებამოვალეობებს და ისეთ ნივთიერებებზე იწყებს რეაგირებას, რომლებიც აბსოლუტურად უვნებელნი ან ნაკლებად საშიშნი არიან. სწორედ ამას მოსდევს დამანგრეველი ჰიპერრეაქციები, რომლებსაც ალერგიულ რეაქციებს უწოდებენ.
ადამიანი, რომელმაც ერთხელ მაინც გამოამჟღავნა მომატებული მგრძნობელობა რომელიმე ნივთიერების მიმართ, მასთან განმეორებითი კონტაქტისას ჰიპერრეაქციას ამჟღავნებს.
ამრიგად, ალერგია ორგანიზმის საპასუხო ჰიპერრეაქციაა ზოგიერთ ისეთ ნივთიერებაზე, რომელსაც იმუნური სისტემა პოტენციურ საფრთხედ მიიჩნევს, თუმცა შესაძლოა, რეალურად ის საშიში არ იყოს. ალერგიული რეაქციების მაპროვოცირებელ ამ აგენტებს, ანუ ნივთიერებებს, რომლებიც ალერგიას იწვევს, ალერგენები ეწოდება.
ალერგია მსოფლიო მედიცინის პრობლემაა. ზოგიერთი ინდუსტრიული ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედი ალერგიული დაავადების ამა თუ იმ გამოვლინებას უჩივის. ალერგიული დაავადებები წლიდან წლამდე ხშირდება და მძიმდება. ამერიკელ მეცნიერთა მონაცემებით, პენიცილინი ყოველწლიურად 200-მდე მძიმე ალერგიულ გართულებას იწვევს, რომელთა მესამედი სიკვდილით სრულდება. ალერგიული რეაქციის მიზეზად შეიძლება იქცეს ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივაა: საყოფაცხოვრებო ქიმია, საკვები, ცხოველის ბეწვი თუ ბუმბული, ოთახისა თუ მცენარის მტვერი, ობის სოკო, მწერის შხამი, ლატექსი, მედიკამენტები, კოსმეტიკა, ალკოჰოლი, სიცივე და მზის სხივებიც კი. ალერგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომების აღმოცენებაში ბრალი ჰისტამინსაც მიუძღვის. ორგანიზმში ალერგენის მოხვედრისას ეს ნივთიერება დიდი ოდენობით გადაიტყორცნება სისხლში და ცხვირ-ხახის ლორწოვანს აღიზიანებს, რასაც სურდო, ცემინება, შეშუპება მოსდევს.
მიუხედავად ინტენსიური კვლევისა, ალერგიის ბუნება დღემდე ამოუცნობია. დაავადების ამა თუ იმ ფორმისადმი განწყობა მემკვიდრეობით გადაეცემა.
ალერგია - ძველი თუ ახალი
ბევრი ალერგიას უკანასკნელი წლების გამოძახილად მიიჩნევს, თუმცა იგი სრულიადაც არ არის თანამედროვე - მას ჩვ. წ. აღმდე V-IV საუკუნეებშიც იცნობდნენ. ჰიპოკრატე თავის ნაშრომებში ზოგიერთი საკვების მიღების შემდეგ კანზე გაჩენილ ავადმყოფურ გამონაყარს ახსენებს. თუმცა თავად ტერმინი "ალერგია" მედიცინაში ავსტრიელმა პედიატრმა პირკემ 1906 წელს დანერგა. მან პირველმა შეამჩნია პაციენტებს ალერგიული გამოვლინებები და ივარაუდა, რომ ისინი გარეგან ფაქტორთა: მტვრის ნაწილაკების, მცენარეთა მტვრისა და ზოგიერთი საკვების - ორგანიზმზე ზემოქმედების შედეგი იყო. ამა თუ იმ გარეგანი ფაქტორისადმი ორგანიზმის მომატებულ მგრძნობელობას ჰიპერმგრძნობელობა ეწოდა, მოგვიანებით კი მეცნიერებმა გელმა და კომბსმა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციათა 4 ძირითადი ტიპი გამოყვეს.
ასეა თუ ისე, უდავოა, რომ ალერგია XXI საუკუნის მედიცინის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. ზოგადი ალერგიული ფონის მატებას მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს:
1. სწრაფი ქიმიზაცია და ინდუსტრიალიზაცია, სახალხო მეურნეობაში ქიმიური ნივთიერებების ფართო გამოყენება, რომელთა უმრავლესობასაც ალერგიული თვისებები აქვს;
2. თანამედროვე ადამიანის კვების თავისებურებები:
ა) საკვებში კონსერვანტების, საღებავებისა, ემულგატორებისა და ანტიოქსიდანტების ჭარბი შემცველობა (ჩამოთვლილი დანამატები ქიმიური ნივთიერებებია და ორგანიზმის სენსიბილიზაციის უნარი შესწევს);
ბ) რაციონის გამრავალფეროვნება. ზღვისა და ოკეანის პროდუქტები: მოლუსკები, კიბორჩხალები, ზოგიერთი ჯიშის თევზი - საკმაოდ ძლიერ ალერგენებს შეიცავს;
3. სარეცხი და კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც წამყვან როლს ასრულებს კონტაქტური ალერგიული რეაქციების განვითარებაში;
4. მედიკამენტების ხელმისაწვდომობა - წამლების თავისუფლად შეძენის შესაძლებლობამ მედიკამენტთა უმართებულო და უკონტროლო მოხმარება გამოიწვია, რასაც ალერგიულ რეაქციათა გახშირება მოჰყვა;
5. გარემოს (წყლის, ჰაერის, ნიადაგის) დაბინძურება - ეკოლოგიური სისტემების უსუფთაობა და თვითგაწმენდის პროცესების მოშლა ორგანიზმში მავნე ნივთიერებების, მათ შორის - მრავალი ალერგენის მოსახვედრად ხელსაყრელ პირობებს ქმნის.