1. ფსორიაზი - 1.1 ზოგადი დახასიათება ფსორიაზი კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. იგი დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 3%-ს აღენიშნება და დერმატოლოგიურ ავადმყოფთა 3-5%-ში გვხვდება. უმეტესად 10-დან 30 წლამდე ასაკში ვლინდება, თუმცა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს: 4, 5, 7 თვის ბავშვს, 60-70 წლის მოხუცს... დაავადება გავრცელებულია დედამიწის ყველა კონტინენტზე, სხვადასხვა ეროვნებისა და რასის ადამიანებში. შედარებით იშვიათია იაპონელებში, ესკიმოსებსა და დასავლეთ აფრიკის მოსახლეობაში, კიდევ უფრო იშვიათი - ამერიკის ინდიელებში.
დაავადება მამაკაცებსა და ქალებში ერთნაირად ვლინდება. მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობას: თუ რომელიმე მშობელი ფსორიაზით არის დაავადებული, შვილისთვის რისკი 8%-ია, ორივე მშობლის დაავადების შემთხვევაში კი ალბათობა 41%- მდე იზრდება.
ფსორიაზს სეზონურობა ახასიათებს - არსებობს მისი ზამთრის, ზაფხულის და სხვა ფორმები. ხშირად გვხვდება შერეული ტიპი, რომელმაც წლის ნებისმიერ დროს შეიძლება იჩინოს თავი.
ფსორიაზი არაინფექციური დაავადებაა, დერმატოზი, რომელიც უმთავრესად კანს აზიანებს. დღესდღეობით საუბარია მის აუტოიმუნურ ბუნებაზე. ფსორიაზის დროს კანზე, ჩვეულებრივ, ძალიან მშრალი, წითელი, ზედაპირიდან წამოწეული ლაქები ჩნდება, თუმცა ზოგიერთს არავითარი ხილული სიმპტომი არ აღენიშნება. ფსორიაზით გამოწვეულ ლაქას ფსორიაზულ ბალთას უწოდებენ. ეს ლაქა ანთებითი პროცესის, კანში ლიმფოციტების, მაკროფაგებისა და კერატინოციტების ჭარბი პროლიფერაციის და კანის მიმდებარე შრეში მიმდინარე ანგიოგენეზის (ახალი წვრილი კაპილარების წარმოქმნის) შედეგია. ფსორიაზულ ბალთაში კერატინოციტების ჭარბი პროლიფერაცია და კანის ლიმფოციტებით და მაკროფაგებით ინფილტრირება იწვევს დაზიანების ადგილას კანის სწრაფ გასქელებას, ჯანმრთელი კანის დონიდან მის წამოწევას და დამახასიათებელი მკრთალი, რუხი ან ვერცხლისფერი ლაქების ფორმირებას, რომლებიც გაყინულ ცვილს, სტეარინს ან პარაფინს მოგვაგონებს (პარაფინის ტბა).
ფსორიაზული ბალთები პირველად უმეტესად კანის იმ უბნებზე ჩნდება, რომლებიც ხახუნს და ზეწოლას განიცდის. ასეთია იდაყვისა და მუხლის მოსახარები და საჯდომის მიდამო. თუმცა ფსორიაზული ბალთები შეიძლება გაჩნდეს კანის ნებისმიერ არეში, მათ შორის, თავის თმიან ნაწილებში (სკალპი), ხელისგულებზე, ფეხისგულებზე, გარეთა სასქესო ორგანოებზე. ეგზემური გამონაყარისგან განსხვავებით, რომლებიც უფრო ხშირად ლოკალიზდებიან მუხლისა და იდაყვის შიგნითა ზედაპირებზე, ფსორიაზული ბალთები მეტწილად სახსრის გამშლელ ზედაპირებზეა განლაგებული.
ფსორიაზი ქრონიკული დაავადებაა, ახასიათებს ტალღისებური მიმდინარეობა - სპონტანური ან მკურნალობის შედეგად მიღწეული რემისიების ან გაუმჯობესების პერიოდებისა და სპონტანური ან მაპროვოცირებელი ფაქტორებით (ალკოჰოლი, ინფექციები, სტრესი) განპირობებული რეციდივების მონაცვლეობა. დაავადების სიმძიმის ხარისხი სხვადასხვა ავადმყოფში და ერთსა და იმავე ავადმყოფშიც კი რემისიისა და გამწვავების პრიოდებში შეიძლება ვარირებდეს ძალიან დიდ ფარგლებში - მცირე ლოკალური დაზიანებიდან მთელი სხეულის ფსორიაზული ბალთებით დაფარვამდე. ხშირად დროთა განმავლობაში შეიმჩნევა დაავადების პროგრესირებისკენ, დამძიმებისა და გამწვავებების გახშირებისკენ და კანის ახალი უბნების პათოლოგიურ პროცესში ჩართვისკენ (განსაკუთრებით მკურნალობის არჩატარების შემთხვევაში) მიდრეკილება. ზოგიერთ ავადმყოფს აღენიშნება დაავადების უწყვეტი, სპონტანური რემისიის გარეშე და მუდმივი პროგრესირებისკენ მიმდინარეობაც კი.
ხშირად ზიანდება ფრჩხილები ხელებსა და/ან ფეხებზე (ფსორიაზული ონიქოდისტროფია). ფრჩხილების ფსორიაზულ დაზიანებას შეიძლება ჰქონდეს იზოლირებული ხასიათი ანუ კანის დაზიანების გარეშე მიმდინარეობდეს. ფსორიაზმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს სახსრების დაზიანება, ე.წ. ფსორიაზული ართროპათია ან ფსორიაზული ართრიტი. ფსორიაზით დაავადებულთა 10-15%-ს აღენიშნება ფსორიაზული ართრიტი.