1. ზოგადი ცნობები სისხლდენის შესახებ ადამიანები სისხლს უხსოვარი დროიდან მიაწერდნენ მაგიურ ძალას, მასზე დებდნენ ფიცს, მისი მეშვეობით ამოწმებდნენ ხელშეკრულებებს... ამ საოცარი სითხის საიდუმლოს ამოხსნას საუკუნეები დასჭირდა. დღეს სისხლი აღიარებულია ადამიანის ერთ-ერთ ძირითად ბიოლოგიურ სითხედ, რომელიც მუდამ მოძრაობაშია. ჩვენი სისხლძარღვოვანი ქსელის ლაბირინთში დღე-ღამეში საშუალოდ რამდენიმე ათასი ლიტრი სისხლი გაედინება. იგი მონაწილეობს სხეულის თერმორეგულაციაში, იცავს მას უცხო აგენტებისგან, 300 ტრილიონამდე უჯრედს საკვები ნივთიერებებითა და ჟანგბადით ამარაგებს, იქიდან კი ნივთიერებათა ცვლის შუალედური და საბოლოო პროდუქტები გამოაქვს. სწორედ ამიტომ არის საშიში ნებისმიერი ხასიათისა და ინტენსივობის სისხლდენა, რომელიც მკვეთრად ამცირებს ორგანიზმში მოცირკულირე სისხლის ოდენობას, არღვევს მის ფუნქციებს ან ცვლის ჰომეოსტაზს - ორგანიზმის შინაგანი მდგომარეობის მუდმივობას. სისხლდენა განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოხუცებისთვის, რადგან მათი ორგანიზმი ძნელად ეგუება მოცირკულირე სისხლის მოცულობის სწრაფ შემცირებას.