1. ზოგადად სახსრების შესახებ სახსარი ორი ან რამდენიმე ძვლის თავისუფალი, მოძრავი და ნახევრად მოძრავი შეერთებაა, რომელიც საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას საკმაოდ რთულ და მრავალფეროვან მოძრაობათა შესრულების უნარს სძენს. სახსარი რამდენიმე ძვლის მარტივი შეერთება როდია; მას აქვს სახსრის თანმხლები ძირითადი ელემენტები, რომელთა ფუნქციის მოშლაც ცალკეული სახსრის ფუნქციის მოშლას, მის გადაგვარებას და უძრაობასაც კი იწვევს. სახსარს ძირითად ელემენტებთან ერთად აქვს დამატებითი ანატომიური წარმონაქმნებიც - სახსრის დამატებითი ელემენტები.