1. რა არის სისხლის არტერიული წნევა გული ერთგვარი კუნთოვანი ბიოლოგიური ტუმბოა, რომელსაც ევალება, მთელ ორგანიზმს, მის თითოეულ ორგანოს, ქსოვილსა და უჯრედს, განუწყვეტლივ მიაწოდოს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით გაჯერებული სისხლი. ამისთვის იგი რიტმულად იკუმშება, მოძრაობაში მოჰყავს სისხლძარღვებში გამდინარე სისხლი და უზრუნველყოფს მის სათანადო დენას. სისხლი სისხლძარღვებში მოძრაობისას აწვება მათ კედლებს და ამგვარი ზეწოლით წარმოქმნის არტერიულ წნევას.
არტერიულ წნევას ორი მაჩვენებელი აქვს, რომლებიც ვერცხლისწყლის სვეტის მილიმეტრებით იზომება. ზედა მაჩვენებელი (პირველი რიცხვი) სისტოლურ წნევას გამოხატავს, ქვედა (მეორე რიცხვი) კი დიასტოლურს.
სისტოლურ წნევას განსაზღვრავს ის ძალა, რომლითაც გული სისხლს ყველაზე მსხვილ სისხლძარღვებში გადაისვრის (ეს დაახლოებით 60-70 მლ სისხლია), დიასტოლური წნევა კი იმ ძალით განისაზღვრება, რომლითაც სისხლი გულის მოდუნების დროს მოქმედებს არტერიათა კედლებზე.
იმის მიხედვით, სისხლის რომელ სისხლძარღვში მოძრაობისას წარმოიშობა, განასხვავებენ არტერიულ, კაპილარულ და ვენურ წნევას. როგორც პირველს, ისე მეორესა და მესამეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის საერთო მდგომარეობის შენარჩუნებისა და ცხოველქმედებისთვის, რადგან სწორედ მისი საშუალებით გადაადგილდება სისხლი სისხლძარღვებში და ხორციელდება ნივთიერებათა ცვლის უმნიშნელოვანესი პროცესები.