ფარისებრი ჯირკვლის აგებულება და ფუნქცია - 1.1. ფარისებრი ჯირკვლის აგებულება ორგანიზმის შინაგანი ერთიანობის შესანარჩუნებლად და გარემოსთან შესაგუებლად, გარდა ნერვული, გულ-სისხლძარღვთა და იმუნური სისტემებისა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ენდოკრინულ სისტემასაც. ის შედგება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისგან, რომლებსაც გამომტანი სადინარები არ გააჩნია და თავის სეკრეტებს (სპეციფიკური ჯირკვლოვანი უჯრედების მიერ გამომუშავებულ ბიოლოგიურად აქტიურ ორგანულ ნაერთებს) პირდაპირ სისხლში გადაისვრის.
ყველა ენდოკრინული ჯირკვალი საკმაოდ მცირე ზომისაა, მაგრამ ორგანიზმში უდიდეს ფუნქციას ასრულებს, რაც მათივე გამომუშავებული ნივთიერებების - ჰორმონების - ფუნქციური სიძლიერით აიხსნება.
ენდოკრინული სისტემის ერთ-ერთი კომპონენტია ფარისებრი ჯირკვალი. ის რომაელმა ექიმმა გალენუსმა აღმოაჩინა, ხოლო "ფარისებრი" XVIII საუკუნის მეცნიერმა, გვარად ვართონმა, უწოდა. თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, ჯირკვალი სრულიადაც არ ჰგავს ფარს - ვიწრო წელით ორად გაყოფილი ორგანო ფრთაგაშლილ პეპელას უფრო მოგვაგონებს.
ფარისებრი ჯირკვალი მოზრდილი ადამიანის ყველაზე დიდი ენდოკრინული ორგანოა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მის ფუნქციათა უაღრესად დიდ მნიშვნელობაზე.
ფარისებრი ჯირკვალი კისერზე, სასულისა და ხორხის ფარისებრი ხრტილის წინ მდებარეობს. შედგება ერთმანეთთან ვიწრო ხიდაკით შეერთებული ორი გვერდითი წილისა და ჰორიზონტალურად მდგარი ყელისაგან.
გვერდითი წილები ფარისებრი ჯირკვლის ყველაზე მასიური უბნებია. მათ ოვალური მოყვანილობა აქვთ. თითოეულის ზომა 5X3X2 სმ-ია.
ჯირკვლის ყელი ოთხკუთხა ფირფიტას წააგავს. მისი სისქე 6-8 მმ-ია.
მოზრდილი ადამიანის ფარისებრი ჯირკვალი 30-60 გრამს იწონის.
ფიბროზულ გარსში გახვეულ ჯირკვალს უსწორმასწორო, ხორკლიანი ზედაპირი და რბილი კონსისტენცია აქვს. ფიბროზული გარსის შიგნით კარგად ჩანს ამ ორგანოს მოწითალომოყვითალო ფერი.
ფიბროზული კაფსულა ფარისებრ ჯირკვალს მხოლოდ კი არ ფარავს, მის სისქეში ერთგვარ წანაზარდებსაც გზავნის, რომლებიც იტოტება და ფარისებრი ჯირკვლის პარენქიმას ქმნის.
პარენქიმის მოფუნქციე ელემენტებია დახშული ბუშტუკები - ფოლიკულები. ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკული 40-150 მკმ დიამეტრის მომრგვალო ღრუა, რომელიც იოდით მდიდარი კოლოიდური მასით არის ამოვსებული.
ფოლიკულის კედელს თირეოციტებისგან შემდგარი ჯირკვლოვანი ქსოვილი ამოფენს, ფოლიკულებს შორის მდებარე თავისუფალ სივრცეს კი ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი ქმნის, რომელშიც სისხლისა და ლიმფის მრავალი კაპილარი გადის. ამიტომაც არის, რომ ადამიანის ფარისებრ ჯირკვალში ერთი საათის განმავლობაში 5 ლიტრამდე სისხლი გაივლის.
როდესაც ჯირკვალი ფუნქციური აქტივობის სტადიაშია, მას ცილინდრული ფორმა აქვს, მოსვენებისას კი ბრტყელია.