კლიმაქსი - მენოპაუზა კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. აშინებთ ალები, განწყობის ცვალებადობა, გარეგნობის გაუარესება. ბევრს კლიმაქსზე საუბარიც კი ეჩოთირება და მხოლოდ უახლოეს ადამიანებთან თუ ჩამოაგდებს სიტყვას ამ მტკივნეულ საკითხზე. ყოველივე ეს არასაკმარისი ცოდნით არის განპირობებული. პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ კლიმაქსი დაავადება კი არა, ქალის ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობაა. ბევრს ეს ტრაგედიად მიაჩნია, რადგან ჰგონია, რომ ამის შემდეგ ქალი ქალის ფუნქციას კარგავს. ეს მცდარი წარმოდგენაა - მენოპაუზის დროს ქალი კარგავს მხოლოდ შვილოსნობის უნარს და არა ყველა ქალურ თვისებას.
ქალები მენოპაუზის სტადიაში სიცოცხლის თითქმის მესამედს ატარებენ და ის, თუ როგორი იქნება მათი ცხოვრების ხარისხი ამ პერიოდში, კლიმაქსის სიმპტომების გამოხატულებაზეა დამოკიდებული. ისევე, როგორც არ არსებობს ორი ყველაფრით ერთმანეთის მსგავსი ქალი, არც მენოპაუზის ორი აბსოლუტურად ერთნაირი მიმდინარეობა არსებობს. ალებიც კი შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ კლიმაქსი ყველა ქალს სხვადასხვანაირად გადააქვს, მედიკამენტური მკურნალობა უმრავლესობას სჭირდება.
ამ წიგნში გესაუბრებით კლიმაქსის დროს ქალის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებზე, იმაზე, როგორ ვლინდება მენოპაუზა, რა საშუალებები უნდა მიიღოს ქალმა ამ დროს, საჭიროა თუ არა დიეტა და მრავალ სხვა საინტერესო საკითხზე. სხვათა შორის, კლიმაქსის მსგავსი მდგომარეობა მამაკაცებსაც აქვთ, ამიტომ ამ თემასაც შევეხებით.