წინასიტყვაობა ეს წიგნი ადამიანის მარადიულობის მარადიულ სურვილზეა; მოკვდავის წადილზე – გააუქმოს ან გადაავადოს სიკვდილი. რაც ადამიანს ადამიანად ყოფნა ახსოვს, მას შემდეგ ცდილობს უკვდავებას – ხან მეხსიერებით, ხან ხსოვნის გაფანტვით, რადგან მოგონებები და დაუსრულებელი სიცოცხლე ერთად რთულად თანაცხოვრობენ.
ათასწლეულებია, სხვადასხვა რელიგია უკვდავების საშვს გულისხმობს, თუმცა, რაც უნდა მორწმუნე იყოს ადამიანი, აქაურობაც ძნელად ეთმობა და ძნელად რომ ეთმობა, ამიტომაც ებღაუჭება საუკუნოვანი ყოფის იდეას – მოგეხსენებათ, რომ ადამიანის ორგანიზმს სადღაც 130 წლამდე აქვს გაძლების მიჯნა და მას შემდეგ, მისი ბიოლოგიური ალგორითმი უძლურია სამყაროში გაჯიუტების საქმეში და იფერფლება.
თუმცა, ჯერ რომ, არათუ 130, არამედ 80-იც ვერ არის იოლი მისაღწევი და რაც მთავარია, დღეგრძელობა ვერ უდრის ბედნიერ ყოფას და აქ ავტორი ტითონუსის მითს იხსენებს, რომელმაც უკვდავება ითხოვა და დაავიწყდა მარადიული ახალგაზრდობის თხოვნა – სხეული ცოცხლობდა, მაგრამ იხრწნებოდა და იტან ჯებოდა.
ატიას ამოცანაა, სიცოცხლის იმგვარი მოდელის დასახვა, რომელიც მენტალურ თუ სხეულებრივ ჯანმრთელობას და ამავდროულად, ბევრ წელს იგულისხმებს. ავტორი კვალიფიციური მეცნიერია, თუმცა ცდილობს მხატვრული ენით გვესაუბროს და ასე უფრო ცხადი და მომხიბლავი გახადოს ამოცანა. ატია "ნელ სიკვდილს" – სიმსივნურ დაავადებებს იკვლევს და მათი კვლევის თანმდევად ცდილობს, რომ ადამიანებს სიკვდილის გადავადების უკეთესი გზები შესთავაზოს.
წიგნის დასაწყისში ავტორი საკუთარ უცნაურ და ხშირ სიზმარს გვიმხელს, თუ როგორ ესვრის ვიღაც კვერცხებს და როგორ ლამობს და დიდწილად ამაოდ იმ ნატყორცნი კვერცხების დაჭერას – ბოლოს ასკვნის, რომ მთავარი გზა არა მათი აცდენა ან დაჭერა, არამედ მათი მსროლელის შეპყრობა და შეჩერებაა.
პრევენცია - აი, ამ ტექსტის ძირითადი საზრისი. ცხადია, ეს არ ნიშნავს პროცესთან ბრძოლის უაზრობას, თუმცა უმჯობესია "სახურავი მაშინ შეაკეთო, როცა მზე ანათებს" (ჯონ კენედი).
ასწლიანი ადამიანების ამბების გადმოსახედიდან გენოტიპის და ფენოტიპის ფენომენის ორიგინალური დაკვირვება – კვება, ვარჯიში, ბალანსი თუ უბრალოდ ბედს მინდობა და გენეტიკის იმედად ყოფნა?
ამ კითხვებზე ვრცელი და საინტერესო პასუხებია ამ წიგნში.
ტვინის საქმე, სინაფსების გეზი ნეირონებისკენ, აუტოფაგია. მოკლედ, ბევრი საინტერესო და საგულისხმო რამ მათთვის, ვისთვისაც ადამიანად ყოფნა, მათ შორის, ის გამოწვევაც არის, რომ საკუთარი თავი დროში ფიზიკურადაც გამოვცადოთ.
ჩემთვის განსაკუთრებულია რაპამიცინის (სიბერის შემაფერხებელი მედიკა მენტი) აღმოჩენის ისტორია, რომელიც მითოსს და ადგილობრივ წარმოდგენებს უკავშირდება – როგორ აღმოაჩინეს რევოლუციური მოლეკულა რანო კაუს ჭაობიან ტბაში, სადაც ადამიანები ჩადიოდნენ, როცა თავს ცუდად გრძნობდნენ და ახალი ენერგიით ივსებოდნენ. ეს არის დროთა და წარმოდგენათა კავშირი, რომელმაც მეცნიერული დასტური მიიღო. ამიტომაც არის საინტერესო სიცოც ხლე. სიცოცხლე, რომელსაც ბატონი ატია გვირჩევს.
გიორგი კეკელიძე,
მწერალი, პოეტი, "ბიბლუსი ჯგუფის" კრეატიული დირექტორი