თავის ტკივილი თავის ტვინს ნოციცეპტური, ანუ ტკივილის აღმქმელი ქსოვილი არ გააჩნია, ამიტომ თავის ტკივილი უშუალოდ ტვინის ტკივილს არ ნიშნავს. თავის ტკივილს, რომელსაც ძალუძს, ადამიანი უნარშეზღუდულადაც კი აქციოს, ტვინის მფარავ მაგარ გარსს უნდა ვუმადლოდეთ, სადაც უხვად არის ტკივილის აღმქმელი ნერვული დაბოლოება. ზოგიერთი მეცნიერი თავის ტვინში ტკივილის აღმქმელი რეცეპტორების უქონლობას წყალობად მიიჩნევს, რადგან წარმოიდგინეთ, რა მოხდება, ორგანიზმის ამ დირიჟორს თავად რომ ასტკივდეს რამე. ეს ფაქტობრივად ორგანიზმის დესტრუქციასა და დაღუპვას ნიშნავს, რადგან უდირიჟოროდ დარჩენილი ორკესტრი დამოუკიდებლად ყველაზე მარტივი ფუნქციის განხორციელებასაც კი ვერ შეძლებს.
თავის ტკივილი ანუ ცეფალგია ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიმპტომია, რომელიც მრავალ დაავადებასა და პათოლოგიურ პროცესს ახასიათებს. თავის ტკივილი ერთ-ერთი იმ სიმპტომთაგანია, რომლის გამოც ადამიანები ყველაზე ხშირად მიმართავენ ექიმს. მოსახლეობის 70%-ს ეპიზოდური ან ქრონიკული თავის ტკივილები აწუხებს; ის 40-ზე მეტი დაავადების წამყვანი, ზოგჯერ კი ერთადერთი სიმპტომია. ცეფალგია შეიძლება გამოიწვიოს როგორც სტრესმა ან ბანალურმა ვირუსულმა ინფექციამ, ისე თავის ტვინის სიმსივნემ და ანევრიზმამ. თუმცა მის ყველაზე გავრცელებულ ფორმებს დაძაბვის თავის ტკივილი (70%) და შაკიკი (25%) წარმოადგენს.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მხოლოდ გამოცდილ ექიმს შეუძლია თავის ტკივილის მიზეზის დადგენა და ადეკვატური მკურნალობის დანიშვნა პაციენტის გამოკვლევის შემდეგ.
ვინაიდან წიგნი თავის ტკივილს ეძღვნება, ურიგო არ იქნება, თავდაპირველად თავის ტვინის აგებულება მიმოვიხილოთ.