ლევან ბერძენიშვილი - ღმერთი არ გაგიწყრეს, არ ჩაგეძინოს უხსოვარ დროში არისტოფანემ სცენაზე უზარმაზარი სასწორი გამოათრია, პინებზე ესქილესა და ევრიპიდეს სტრიქონები შეყარა და თავის პერსონაჟს, ღმერთ დიონისოსს ააწონინა. სხვათა შორის, დიონისოსის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ესქილემ გაიმარჯვა, მისი სტრიქონები უფრო წონიანი აღმოჩნდა. საუკუნეების შემდეგ მეცნიერებმა ამ მოვლენას "მეტაფორის რეალიზაცია" უწოდეს. სტრიქონის წონა მეტაფორაა, ხოლო ამ წონის განმსაზღვრელი რეალური სასწორი – ამ მეტაფორის "რეალიზაცია". არამატერია ლურის მატერიალიზაცია ყოფილა რეალიზაცია. ჰოდა, ნატო ინგოროყვა როგორც პოეტი არის რეალიზებული პოეტური რეალიზატორი, ხოლო ანტიკური მეტაფორის რეალიზაცია მისი ერთ-ერთი იარაღია. ის, საერთოდ, პოეზიაში ფირალივით შეიარაღებული დადის და ამ იარაღით ყველასგან გამოირჩევა. სარეალიზაციოდ განსაკუთრებით უყვარს ანდაზები. ყველანაირი, რთული ჩინურიდან მარტივ ქართულამდე. ხელისგულებით, მკურნალობაში დროის უუნარობითა და დროის მდინარის მიერ ჩამოტარებული მტრის გვამებითაა სავსე ამ პოეტის შემოქმედება.
ძველ ენას გასწავლიან და გეუბნებიან, ბრუნვა ნათესაობითი, გენეტივუსი, მრავალნაირია – სულ ცოტა, ორნაირიო: Genetivus subiectivus და genetivus obiectivus. მაგალითად, amor matris, დედის სიყვარული. რა არის დედის სიყვარული? ორი რამ არის: დედას უყვარს შვილი და დედა უყვარს შვილს. სუბიექტური (დედა სიყვარულის სუბიექტია, სიყვარული მისგან მოდის, დედას უყვარს) და ობიექტური (დედა სიყვარულის ობიექტია, დედა უყვარს შვილს). ეს გრამატიკაა, აქ სრული თანასწორობაა: შენ გიყვარს და შენ უყვარხარ. ჰოდა, როგორც კი გრამატიკის ორღობეს გაივლი, აღმოაჩენ, სინამდვილე უფრო სუბიექტური რომაა, ვიდრე ობიექტური. პოეტი ამ ფენომენს, დედის სიყვარულს, რეალიზაციით შეამოწმებს და დაადგენს, არ არის თანასწორობა, არ არის სამართალი.
ძველ ენას აღარ გასწავლიან და გასწავლიან კარდიოგრამის წაკითხვას. ამ საქმეში ძალიან წინ წავიდნენ. მაჯის საათი კარდიოგრამას იღებს და კაცი რომ წაიქცევა, წერილს აგზავნის, ამა და ამ გრძედსა და ამა და ამ განედზე ადამიანი წაიქცა, უშველეთო. დამატებით მონაცემებსაც აყოლებს: პულსი, კარდიოგრამა... და შენ მცოდნესავით ამბობ: "სინუსური რიტმი", "PR ინტერვალი", "ტაქიკარდია", "ბრადიკარდია"... როგორც ვთქვით, ჩვენს პოეტს უყვარს მეტაფორის რეალიზაცია, კარდიოგრამაც მეტაფორაა. იგი, უპირველეს ყოვლისა, გულის ნახატია. კარდიოგრამა პოეზიაა. და ერთი პოეტური შედევრის სათაურიცაა.
გული მტკივა, – მითხრა დედაჩემმა. როგორ გტკივა? – ვკითხე, უფრო სიჩუმის დასარღვევად. – სუნთქვის ნებას არ მაძლევს, – თქვა და გაჩუმდა.
ამ ტკივილს წამალი ვერ უშველის, ტელევიზორი ვერ უშველის, წიგნი ვერ უშველის, ავთანდილის ანდერძი ვერ უშველის, თავისთვის იქნებ ეშველა, ყურისთვის იქნებ ეშველა, თვალისთვის იქნებ ეშველა. ნათესავი ვერ უშველის, მეზობელი ვერ უშველის, ექიმი ვერ უშველის, იქნებ მუცლისთვის ეშველა, ხელისთვის ეშველა, ფეხისთვის ეშველა. გულიო, რომ იტყვის, ყურს არ ესმის, პირდაპირ გულს ესმის. გულს როცა ესმის, 323 კილომეტრის გავლა უნდა, ჩასვლა უნდა, მოფერება უნდა. გული გულთან ერთი გულის მანძილზე უნდა მივიდეს. გული ასეთია. მკურნალადაც მაინცდამაინც გული უნდა. ახლავე. დღესვე. მზის ჩასვლამდე. ხვალ არ უნდა, ზეგ არ უნდა, დღესვე უნდა. მეზობელი არ უნდა, ექიმი არ უნდა, სასწრაფო არ უნდა. ვერ უნდა. მაინცდამაინც შვილი უნდა. გული ასეთია. არადა, შვილის წასვლას მთელი ცივილიზაცია ეღობება, მთელი ისტორია ეღობება, მთელი სიცოცხლე ეღობება. ყოველ შემთხვევაში, შაბათამდე: საჯარო ლექცია, გამოცდა, გადაცემა, ჟურნალი, ახალი წიგნის პრეზენტაცია. და რამდენი კიდევ, რაც არ თქმულა: "უბრალო" ლექცია, კურიკულუმი, სილაბუსი, დისერტაცია – ჩემი, შენი, მისი, სხვისი, ახალი ჟურნალის მასალები და ა. შ. ამიტომ: შაბათი.
დეე, შაბათამდე დამელოდები? – ვკითხე და თვალი ხელისგულისკენ გავაპარე – სირცხვილი ერბოკვერცხს წვავდა.
და ვხედავთ იმასაც, რაც პოეტს არ დაუწერია: ტირის ბავშვი. თვალწინ აქვს დედის ძუძუ და არ აძლევენ. და დედა ეუბნება, ჩუუ, დეე, მოითმინე, დეე, მოვა შაბათი. და ბავშვი არ ითმენს და ბავშვს ეკუთვნის და ბავშვს აძლევენ, მართლა დედა ხომ არ არის, შაბათამდე რომ მოითმინოს?!
ეპიგრაფი, საზოგადოდ, მიყვარს. ტექსტი ტექსტს ეჯახება, ეპაექრება, ეშვილება, ებიძაშვილება და კარგია. განსაკუთრებით მიყვარს ეპიგრაფიანი ლექსები. კიდევ უფრო განსაკუთრებით მიყვარს ანდაზა-ეპიგრაფები. ილიასაც ძალიან უყვარდა. ჩვენს პოეტსაც უყვარს. და აიღო ერთი ძალიან ფილოსოფიური (ხანდახან ლაო-ძისაც რომ მიაწერენ) ჩინური ანდაზა: "თუ მდინარის პირას საკმარისად დიდხანს იჯდები, ნახავ, რომ ერთ დღეს შენი მტრის გვამსაც ჩამოატარებს". ესე იგიო, დიდი ჩინელი ხალხი ამბობს, შურისძიე ბის არსენალიდან ყველაფერი ამოიღე, მოთმინების გარდაო. ავივსეთ მოთმინებით და დავიწყეთ ლექსის კითხვა.
სიზმრისა მინდა იყოს და ცხადისაა, – გვითხრა ავტორმა. წყალი შეუდგა სახლს.
რა ცუდი რამაა, წყალი რომ შეუდგება სახლს, სტიქია რომ მიადგება ადამიანის ნახელავს,